კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლები წყალში

15 ოქტომბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში 47 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რამდენიმე წელია, რაც საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები მიწიდან ამოსული წყლით იტბორება. წყლის დონემ უფრო მეტად რომ არ აიწიოს, ადგილობრივებს ოთახებში სანიაღვრე არხები აქვთ გაჭრილი. 10 საცხოვრებელი სახლია დატბორილი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურშიც. დაზარალებულები ოთახებიდან წყალს დღე ღამის განმავლობაში მორიგეობით ღვრიან.

„ნესტისგან ოთახებში ბაყაყები დახტიან. დილით საწოლიდან სველი ვდგები. ყოველ დღე გარეთ გამომაქვს ლოგინები რომ გავაშრო“, - ამბობს ბოგდანოვკას მკვიდრი ლალი ქართველიშვილი.

„სახლები ისეა დაზიანებული, რომ სუსტი მიწისძვრის ან ძლიერი ქარის დროს შეიძლება დაინგრეს. წვიმის დროს მშვიდად ვერ ვიძინებთ, ოთახებში წყლის დონემ შეიძლება აიწიოს და დავიხრჩოთ. ყოველ დილით ოთახებიდან წყალს ვედროებით ვღვრით, მაგრამ ვერაფერს ვშველით“, - გვითხრა ბოგდანოვკის მცხოვრებმა ალექსანდრე ოზგელდოვმა.

„არავინ ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ცოტა ხნის წინ რაღაც დანადგარი მოიტანეს, ჩართეს და ცოტა გვეშველა, მაგრამ ისევ უკან წაიღეს, ამდენი ბენზინის ფული არ გვაქვს რომ საწვავი ვიყიდოთო“, - აღნიშნავს ნინო იაძე.

ბოგდანოვკის მაცხოვრებლებმა დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს რაიონის გამგეობას, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააგზავნეს, თუმცა პასუხი არც იქიდან მიუღიათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ბოგდანოვკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიხეილ ობოლაშვილის თქმით, სახლები რომ აღარ დაიტბოროს, სამუშაოებია ჩასატარებელი, რომლის დაფინანსების საშუალებაც ადგილობრივ ბიუჯეტს არა აქვს.

„სოფლის ქვემოთ თიხის ქანებია. ეს ქანები წყალს არ ატარებს და ამიტომ გრუნტის წყლები ამ უბანში ამოდის. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ დრენაჟი განახლდეს, ნაგვით არის სავსე და სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ამისათვის 50 000 ლარი მაინც არის საჭირო. ამდენი თანხის გადახდის საშუალება ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს. შეიძლება ტუმბოს საშუალებითაც მოხდეს ამ სახლებიდან წყლის ამოტუმბვა, მაგრამ 3 საათში 10 ლიტრი საწვავი მაინც სჭირდება და ვინ გადაიხდის ამ თანხას? არც ხალხს აქვს ამდენი საშუალება და არც ბიუჯეტშია საჭირო თანხა. ერთი თვის წინ მელიორაციის სამსახურიდან იყვნენ ჩამოსულები, პრეზიდენტსაც გავუგზავნეთ წერილი, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა მიხეილ ობოლაშვილმა.

რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ცნობით, პრობლემის მოსაგვარებლად კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სპეციალურ პროექტს ამუშავებს.

10 საცხოვრებელი სახლია დატბორილი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურშიც. „ოთარაანთ უბანში“ წყალი მიწიდან პირდაპირ სახლებში და ეზოებში ამოდის. 30-ზე მეტ სახლში კი ნესტია და კედლები ინგრევა. მოსახლეობის ნაწილი დატბორილი ოთახებიდან და მარნებიდან წყალს საკუთარი ძალებით ტუმბავს, ნაწილი კი წყლის ამოტუმბვას უაზრობად მიიჩნევს, რადგან რამდენიმე საათში ოთახები კვლავ წყლით ივსება.

„ღამეებს ვათენებ, რომ წყალი ამოვტუმბო. „პომპას“ სულ ვამუშავებთ.  წყლის ამოტუმბვას იმდენი დენი მიაქვს, რომ მაგის გადასახადს ვერ ავუდივართ. ამ სახლებში ცხოვრება უკვე საშიშია“ - გვითხრა ვარა გრიშიკაშვილმა.

ნინო ოთარაშვილი, დაზარალებული: „ამოტუმბვას აზრი არ აქვს, ტყუილად ვიწვალებ. იმდენი წყალი ამოდის, ნახევარ საათში ისევ ივსება ოთახი. კედელი გავხვრიტეთ, რომ წყალი გარეთ გავიდეს“.

აკაკი მამუკელაშვილის სარდაფში წყლის სიღრმე 1,50 მეტრს აღწევს.

„გამგებელმა თქვა, ამ პრობლემის მოგვარებას ნახევარი მილიონი ლარი მაინც უნდა, სად გვაქვს ამდენი თანხაო? აბა, მაგათი ოჯახები იყვნენ ასეთ დღეში, ხომ უცბად გამონახავდნენ თანხებს. აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ. წასასვლელიც არსად გვაქვს, თორემ აქამდე აქ როგორ გავჩერდებოდით“, - აღნიშნა ზინა ჯიმშიტაშვილმა.

ვასილ დავითაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ადვილი საქმე არ არის. კურდღელაურში სიფონური სისტემის გასაკეთებლად სარეზერვო ფონდიდან 7 000 ლარი გამოიყო. ამ გაყვანილობით სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და მილებში გაშვება მოხდება. თუ ამ სისტემამ გაამართლა, მოსახლეობას პრობლემა დროებით მოეხსნება. სახლები რომ საერთოდ აღარ დაიტბოროს, აუცილებელია დრენაჟების გაკეთება, რასაც ნახევარი მილიონი ლარი მაინც დასჭირდება. მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ახალ ბიუჯეტს შევადგენთ და ვნახავთ რა თანხის გამოყოფა იქნება შესაძლებელი“.

ახალი ამბები