კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავში „მოდერნ ტოკინგის“ მკვდრეთით აღდგომა არ შედგა

19 ოქტომბერი, 2010
რუსთავის მერიამ ჯგუფის ყოფილი წევრს, თომას ანდერსს საათნახევრიანი კონცერტისთვის 110 000 ლარი გადაუხადა

 მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

წელს „რუსთავქალაქობა“ 210 000 ლარი დაჯდა. ღონისძიებისთვის 160 000 რუსთავის ბიუჯეტმა გამოყო. 50 000 ლარი კი ქალაქს პრეზიდენტმა ტრანსფერით გადმოურიცხა. „რუსთავქალაქობის“ დაგეგმილი ღონისძიებების სიაში მოხვდა ერთ დროს მეტად პოპულარული ევროპული ჯგუფი „მოდერნ ტოკინგი“, რომელიც კარგა ხანია, დაშლილია. ჯგუფის ყოფილი წევრის, თომას ანდერსის კონცერტი რუსთავში 110 000 ლარით დაფინანსდა.

ვისი გემოვნებით შეირჩა ეს ჯგუფი, ქალაქში არავინ იცის. „არც ერთი რუსთაველისთვის არ უკითხავთ, ეს „მოდერნ ტოკინგი“ უნდოდა, თუ რომელიმე სხვა ჯგუფი ან ანსამბლი“, – ამბობს რუსთავის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ალეკო ახვლედიანი. მისივე თქმით, 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე „რუსთავქალაქობის“ საკითხის გატანას „ნაციონალი“ წევრები უხმაუროდ გეგმავდნენ და არც ამბობდნენ, რომ „მოდერნ ტოკინგი“ ჩამოყავდათ: „დღის წესრიგში არ გვეწერა ის ღონისძიებები, რაც რუსთქალაქობაზე დაიგეგმა. მე როცა ვითხოვე, ეს დაეკონკრეტებინათ, მაშინ ითქვა ამ ჯგუფზე. რაც შეეხება თანხას, თქვეს, რომ დაახლოებით 20 000 დოლარი ჯდება მისი ჩამოყვანა. თუმცა, რაღაც არა მგონია ამ თანხით ეს ჯგუფი ჩამოვიდეს“.

ალეკო ახვლედიანთან ინტერვიუ კონცერტამდე ჩავწერეთ. „ზოგადად, როგორც იცით პრეზიდენტის ტრანსფერით გადმორიცხული თანხაც „რუსთსვქალაქობას“ ხმარდება. მიუხედავად ამისა, ქალაქის  ბიუჯეტმა მაინც არ შეცვალა ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა. ტრანსფერის მიუხედავად მაინც 160 000 ლარს ვხარჯავთ რუსთავქალაქობისთვის. მე, უბრალოდ, ერთი რაღაც მაინტერესებს, როცა აფხაზეთში დაღუპული მეომრის ოჯახებისთვის 50 ლარის ნაცვლად ვითხოვდით ასი ლარის გადეცემას, მაშინ რატომ არ გამოდგა ჩვენი ბიუჯეტი ასეთივე ხელგაშლილი?!“ - კითხულობს ახვლედიანი.

„რუსთავქალაქობასთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი იყო ერთი გარემოება. ჯგუფი „,მოდერნ ტოკინგი“, რომლის რუსთავში ჩასვლაც დაანანოსდა, სინამდვილეში აღარ არსებობს - 7 წლის წინ დაიშალა. ეს გერმანული ჯგუფი პირველად 1987 წელს დაიშალა. თუმცა, ჯგუფის წევრებმა ერთად მუშაობა 1998 წელს გააგრძელეს, ჩაწერეს 7 ალბომი და  2003 წელს საბოლოოდ დაიშალნენ. მას შემდეგ, რაც დაშლილი ჯგუფის რუსთავში ჩამოსვლით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალის HRIDC.TV-ს ჟურნალისტები დაინტერესდნენ და კითხვებით რუსთავის მერიას მიმართეს, ჯგუფთან დაკავშირებით „პირველი ჩვენებები“ შეიცვალა და დაკონკრეტდა, რომ ჩამოდის არა ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი წევრი - თომას ანდერსი.

მიუხედავად ამისა, 24 სექტემბერს რუსთავის მერის ოფიციალურ საიტზე კონკრეტულად კვლავ აღნიშნული ჯგუფის ჩამოსვლა იყო დაანონსებული.
 
„რუსთვქალაქობა-2010“-ის პროგრამას 22 სექტემბერს დაუჭირა მხარი საკრებულომ. პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, გასართობი წარმოდგენების გამართვა: ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი, სხვადასხვა ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საორკესტრო კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, მოძრაობის თეატრი, შემეცნებითი ღონისძიებები და ლუდის ფესტივალი. დღესასაწაული 9 ოქტომბერს გრანდიოზული ფოირვერკით და გალა-კონცერტით უნდა დასრულებულიყო. „ამ დღეს სპეციალურად რუსთაველებისთვის ცნობილი გერმანული ჯგუფი „მოდერნ ტოკინგი“ იმღერებს ’’– ვკითხულობთ რუსთავის თვითმმართველბის საიტზე (http://www.rustavi.ge/geo/?cat=news&level=level2&res_id=512)

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა, თუ ვინ ჩამოდის რუსთაველებისთვის „რუსთავქალაქობის“ მისალოცად, ახალი პრობლემა გაჩნდა. რუსთავის მერიამ „მოდერნ ტოკინგის“ ყოფილი სოლისტის ჰონორარად საეჭვოდ დაბალი თანხა დაასახელა.  „ანდერსის  ჩამოსვლა ქალაქს 35 000 ლარი დაუჯდება“,  – გვითხრა რუსთავის მერის პრესმდივანმა სალომე გირკელიძემ.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 6 ოქტომბერს ოფიციალური წერილით მიმართა რუსთავის მერს. ვითხოვეთ, მოეწოდენებინათ „რუსთავქალაქობისთვის“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა და თომას ანდერსთან დადებული კონტრაქტის ასლი. ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა საპასუხო წერილით გაირკვა, რომ თომას ანდერს რუსთავის მერიამ არა 35 000 ლარი, არამედ 110 000 ლარი გადაუხადა. აღნიშნულ თანხაში შევიდა პრეზიდენტის ტრანსფერით გამორიცხული 50 000 ლარიც. ანდერსის  ჩამოსაყვანად ქალაქის საკრებულოს კონტრაქტი დაუდვია შპს „ბამბა ბათუმის“ დირექტორ გიორგი ბოჭორიშვილთან.

„მოდერნ ტოკინგის“ ყოფილი სოლისტის კონცერტი „რუსთავქალაქობაზე“ სულ რაღაც საათნახევარი გაგრძელდა.

ახალი ამბები