კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსები პერევიდან გავიდნენ, თუმცა, შორს არ წასულან

20 ოქტომბერი, 2010
შორენა კაკაბაძე

საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პერევში, სადაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსული საოკუპაციო ჯარი იდგა, დღეს გამნაღმველები მუშაობენ. ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. თუმცა, როგორც ადგილობრივი გლეხები აცხადებენ, ეს ზოგადად, ვითარებას არ ცვლის - ოკუპანტები შორს არ წასულან. რუსულმა ძალამ პერევიდან ჩრდილოეთისკენ, სულ რაღაც ორი კილომეტრით დაიხია უკან.

„ის, რაც ჩვენს სოფელში ხდება, არ ნიშნავს დეოკუპაციას. ეს მხოლოდ რუსი სამხედროების გასვლის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ისევ დაუცველად და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს“, - ასეთ კომენტარებს აკეთებს საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მოსახლეობა.

„ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება დეოკუპაციას გვილოცავს. ტელევიზიებიც აცხადებენ, რომ პერევი თავისუფალია, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ რუსები აქვე ორ კილომეტრში, ჯავის რაიონის სოფელი ქარზმანში დგანან. კაცმა რომ თქვას, ისინი დაშავებით არც აქ, პერევში ყოფნით გვიშავებდნენ რამეს. უბრალოდ, გამუდმებული შიშის ქვეშ ვცხოვრობდით და ვფიქრობ, ეს საკმარისია... დღესაც ასეა. არ ვიცით, როდის რა იქნება“, - ამბობს პერეველი ნანა გაბაძე.

პერევში, რომელიც საჩხერის რაიონიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ოსურ სოფლებს ესაზღვრება, რუსი ოკუპანტები აგვისტოს მოვლენების პირველივე დღეებში გამოჩნდნენ და ბლოკსაგუშაგოები განათავსეს.  ადგილობრივები დღეს დაწვრილებით იხსენებენ, დაუპატიჟებელი სტუმრები სოფლიდან სოფელში მანქანებით როგორ გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მოსახლეობას არათუ არ ერჩოდნენ, უბრალოდ, არც ეკონტაქტებოდნენ.

„დაშავებით მართლა არაფერს გვიშავებდნენ. უბრალოდ, თავიდან ხალხი პანიკაში ჩავარდა და ბევრმა სოფელი დატოვა. განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახები შეშინდნენ. მერე მდგომარეობას ნელნელა შევეგუეთ და ასე მოვედით დღემდე. სოფელში შემოსვლა ყველას შეეძლო, ვისაც საჩხერეში ნოტარიუსთან გაკეთებული რუსულენოვანი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა გაკეთებული. მრავალჯერადი ასეთი საბუთის გაკეთება საჩხერეში 9 ლარი ღირდა. იყო შემთხვევები, როცა რუსები არც ამ საბუთს ითხოვდნენ და ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე გვრთავდნენ სოფელში შესვლის ნებას. აგრესიით ისინი უფრო ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის მიმართ იყვნენ განწყობილი“, - იხსენებენ პერეველები. 

ზემო იმერეთის სოფელში, სადაც 200 კომლი (667 სული) ცხოვრობს, ოსი სეპარატისტების აგრესიულობა უფრო ახსოვთ, ვიდრე რუსი სამხედროების. თუმცა, ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოდან დღემდე პანიკისა და შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

დღეს კი, რუსებისგან გათავისუფლებული 2 ბლოკსაგუშაგოსა და უკვე ქართული პოლიციის მიერ კონტროლირებადი ვითარების მიუხედავად, აცხადებენ, რომ მათთვის თითქმის არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, რუსულმა ძალამ სულ რაღაც ორი კილომეტრით დაიხია უკან და ამით ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანში არსებული ბლოკსაგუშაგოები კიდევ უფრო გაამაგრა.

ახალი ამბები