კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა ლილოში

22 ოქტომბერი, 2010
ბელა ზაქაიძე, ინტერპრესნიუსი

21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის შესასვლელთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაახლოებით, 13:00 საათისთვის დაიწყო და თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა. უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს და ჟურნალისტებს. ნაცემია ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომელი; დაიმტვრა ტელეკომპანია ITV-ს კამერა; დააკავეს „ფორუმის“ წევრი ზაზა ჩაკვეტაძე.

ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დასრულდა, რაც ინციდენტში პოლიციელები ჩაერივნენ. თუმცა, საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე მობილიზებული იყო, მხოლოდ მაშინ გააქტიურდა, როცა ზაზა ჩაკვეტაძე აგრესიულ ბრბოს წაქცეული ჰყავდა. მას ათამდე პირი ფეხებს ურტყამდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლები არიან. თუმცა, გუბაზ სანიკიძის მტკიცებით, ეს ადამიანები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ან ხელისუფლების ე. წ. ზონდერბრიგადები იყვნენ.

მოგვიანებით ითქვა, რომ ზაზა ჩაკვეტაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. „ფორუმის“ ლიდერმა, კახა შარტავამ განაცხადა, რომ საჭირო იყო ლილოს პოლიციის განყოფილებაში მისვლა, რის შემდეგაც „ფორუმი“ და მოვაჭრეების ნაწილი ლილოს პოლიციისკენ წავიდნენ.

ინციდენტის მიზეზი

ბაზრობის შესასვლელთან ინციდენტი ასე დაიწყო - „ფორუმის“ წარმომადგენლებმა და მოვაჭრეებმა სცადეს, დალუქული მაღაზიების სანახავად ბაზრობაზე ჟურნალისტებთან ერთად შესულიყვნენ. ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბაზრობის შესასვლელთან მოვაჭრეები დილიდანვე იყვნენ შეკრებილი. ისინი აცხადებდნენ, რომ გაფიცულები არიან. გაფიცვის მიზეზად მათი კოლეგების მაღაზიების დალუქვას ასახელებდნენ.

მათი ინფორმაციით, 21 ოქტომბერს დილის 07:00 საათზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დალუქეს. მაღაზიების დალუქვის მიზეზი მეპატრონეების მიერ კლიენტებისთვის ე.წ. ზედნადების გაუცემლობა გახდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ხვალ შესაძლოა, ისინიც აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში. მათთვის მიუღებელია ის სქემა, რაც სადაგასახადომ დააწესა. ფაქტობრივად, საგადასახადო სამსახური თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა.

„შევწუხდით საგადასახადოს თანამშრომლებისგან, რომლებიც ყოველდღიურად კონტროლს ახორციელებენ და გვაჯარიმებენ. მაღაზიები ყოველდღე ილუქება და მერე შეიძლება, თვეები იყოს დალუქული. ვერ გავარკვიეთ სქემა, რითაც ათასობით ლარით გვაჯარიმებენ. ბევრ დოკუმენტს ითხოვენ, რაში გარკვევაც რთულია. ვითხოვთ, თუნდაც ფიქსირებული გადასახადების დაწესებას“, - ამბობდნენ ისინი.

მოვაჭრეების მონათხრობიდან ირკვევა, რომ 07:00 საათზე, თეთრეულის მაღაზიაში საგადასახადოს თანამშრომელმა საკონტროლო შესყიდვა განახორციელა - 350 ლარის საქონელი იყიდა. მოვაჭრემ, რომელიც აზერბაიჯანული ეროვნების მამაკაცია, ქვითარი გამოწერა, ზედნადები კი - არა, რაც მაღაზიის დალუქვის მიზეზი გახდა.

დალუქული მაღაზიის გვერდით მდებარე მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, საგადასახადოს შეეძლო, 1000 ლარით დაეჯარიმებინა ზედნადების არქონის გამო. თუმცა ინსპექტორები ამას არ დასჯერდნენ და მაღაზიაც დაულუქეს, რათა შეამოწმონ და მეტი ჯარიმები დააკისრონ.

მისივე თქმით, საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობა ძალიან გართულებულია. ინსპექტორები ითხოვენ სხვადასხვა სახის დოკუმენტების შევსებას და რთული სქემები აქვთ, რასაც მოვაჭრეები ვერ ერგებიან. ამ სქემების ათვისება განსაკუთრებით უჭირთ აზერბაიჯანული ეროვნების მოვაჭრეებს, რომელთა უმეტესმა ნაწილმაც ქართულად წერა-კითხვა არ იცის. თეთრეულის მაღაზიის მოვაჭრემაც, რომელიც დღეს დააჯარიმეს და მაღაზია დაულუქეს, ქართული არ იცის და ზედნადების შევსება არ შეუძლია.

ე.წ. ზედნადების გაუცემლობის მიზეზად, ერთი მხრივ, ქართული წერა-კითხვის უცოდინრობა სახელდება, იკვეთება სხვა პრობლემაც, რატომაც მოვაჭრეები ზედნადებებს ვერ გასცემენ. მათი თქმით, საქონლის დიდი ნაწილი წინა წლების „ნაშთია“, რომელიც აღურიცხავი აქვთ და ასეთი კატეგორიის საქონელზე ზედნადებს ვერ შეადგენენ. ზედნადებში საქონლის წარმომავლობა, შესყიდვა და ფასიც უნდა იყოს მითითებული. ისინი აცხადებენ, რომ წინა წლებში სავალდებულო არ იყო ზედნადებები და ამის გამო ბევრი აღურიცხავი საქონელია შემოსული.

მოვაჭრეები მოითხოვენ, მიეცეთ წინა წლების საქონლის ზედნადების გარეშე გაყიდვის შესაძლებლობა. მათთვის, ასევე, მიუღებელია სხვა გადასახადები. ერთ-ერთი მოვაჭრის, დავით ანთიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადები. როგორც მან აღნიშნა, მათთვის ასევე დიდი გადასახადია 18%-იანი დღგ. მოვაჭრეები მოითხოვენ, რომ ეს გადასახადი 5%-მდე შემცირდეს.

დღეს იმასაც ყვებოდნენ, რომ რბილი სთამაშოებით მოვაჭრესთან საკონტროლო შესყიდვა ფეხმძიმე ქალბატონმა განახორციელა. იყიდა 25 ლარად სათამაშო დათვი. დოკუმენტებში საბითუმოდ გასაყიდი თანხა ჰქონდა დაფიქსირებული. საცალოს ფასში უანგარიშეს საქონელი და 150 000 ლარით დააჯარმეს.

21 ოქტომბერს მაღაზიები მხოლოდ რამდენიმე მოვაჭრეს არ დაუკეტავს. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, უერთდებიან გაფიცულთა მოთხოვნას გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით და აპირებენ, გაფიცვებს შეუერთდნენ.

ფიცი გვწამს, ლუქი გვაკვირვებს...

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ჟურნალისტები შეხლა-შემოხლის შემდეგ შევედით. რამდენიმე მაღაზიას მართლაც ედო დანომრილი ლუქები და გაკეთებული იყო წარწერა - „არ გახსნათ დაცვის გარეშე, დალუქულია საფინანსოს მიერ!“

არადა, დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარიც გაკეთდა. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, ლილოს ბაზრობაზე მაღაზიები არ დალუქულა. მისი თქმით, კანონი ყველამ ერთანირად უნდა დაიცვას.

„ლილოში არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა ადამიანს, როდესაც ყიდის პროდუქციას, დოკუმენტაციის გამოწერა ევალება. ამ დოკუმენტაციის გაუცემლობა ისჯება კანონით. ლილოში ტარდება საკონტროლი შესყიდვის, ინვენტარიზაციის და სხვა პროცედურები, რაც სხვა დროსაც ტარდებოდა და ჩატარდება მომავალაშიც. ჩვენი მთვარი ამოცანაა, დავიცვათ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან დაცვას. როდესაც ისინი ყიდულობენ პროდუქციას, სჭირდებათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც ვერ იღებენ. ჩვენ გვევალება იმის გაკეთება, რომ ყველა გადამხდელი იყოს ერთ პირობებში იყოს“,- აღნიშნა ცხაკაიამ.

რაც შეეხება „ფორუმის“ დაკავებულ აქტივისტს, ის ლილოს პოლიციის განყოფილებაში არ აღმოჩნდა. კახა შარტავამ მხარდამჭერებს დაშლისკენ და მობილიზებულად ყოფნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „ფორუმი“ გადადის საგანგებო მობილიზაციის რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეთა მხარდასაჭერად და ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ახალი ამბები