კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები „გააპარა“

25 ოქტომბერი, 2010
გელა მთივლიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. საია-ს ცნობით, აღნიშნული დარღვევა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საია-ს ინფორმაციით, 2010 წლის სექტემბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულ რეჟიმში, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პრინციპების დარღვევით მიიღო საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი. ამით საშუალება წაართვა დაინტერესებულ მხარეებს, გამოეთქვათ და დაეცვათ საკუთარი მოსაზრებები პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტის პრეზენტაცია 1 სექტემბერს წარმოადგინა, პროექტის პარლამენტში გადაგზავნილი ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი აღარ გამხდარა“, - აღნიშნავს საია-ს თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საკანონმდებლო ცვლილებებმა, შესაძლოა, უშუალო და არსებითი გავლენა მოახდინოს თითოეული მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებზე.

„სამწუხაროდ, საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ცალკეული საკითხების დარეგულირებასთან ერთად, აუარესებს  ბარლდებულის მდგომარეობას, დაბლა წევს რა მტკიცების სტანდარტს პირის მსჯავრდებასთან და ცალკეული ხასიათის მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ცვლილებების განხორციელებამდე ბრალდებულის აღიარება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პირის მსჯავრდება შესაძლებელი იქნება აღიარების გარდა მხოლოდ ერთი მტკიცებულების საფუძველზე. განხორციელებული ცვლილებები, ასევე ერთით ამცირებს ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის მიღებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობას, რაც მსჯავრდების სტანდარტს დაბლა სწევს. ცვლილებებს შემოაქვს საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, ბრალდებულის ინტერესების სათანადო დაცვის გარეშე და სხვა“, - აცხადებს ხიდაშელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები საქართველოს რეგლამენტით დადგენილი წესების დარღვევით განხორციელდა.

„როგორც ეს პარლამენტიდან მოძიებული ინფორმაციიდან ჩანს, იმ ცვლილებათა უმრავლესობა, რომლებიც კოდექსში განხორციელდა, არასოდეს გამხდარა პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის მსჯელობის საგანი. პარლამენტმა იგი რეგლამენტის დარღვევით, მხოლოდ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო. რაც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვერ გახდება სარჩელის შეტანის სუბიექტი აღნიშნული ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს“, - განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრალდებებთან დაკავშირებით აღნიშნეს, რომ საია-ს პრეტენზიებს არ იცნობენ.

ახალი ამბები