კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაგამჭვირვალობა - ხელისუფლების კეთილი ნება თუ საერთაშორისო ზეწოლის შედეგი

27 ოქტომბერი, 2010
მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი

საერთაშორისო ორგანიზაციების არცთუ ოპტიმისტური შეფასებების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას მედიაგამჭვირვალობა გაახსენდა.

20 ოქტომბერს საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხის მე-9 კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს შეფასების ინდექსმა, 2009 წლის მონაცემთან შედარებით, 18 პუქტით ჩამოიწია. სიაში საქართველომ მეასე ადგილი დაიკავა.

ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოებასთან ერთად, მედიასაშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხიცაა. კვლევის განმარტებით დოკუმენტში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოში არსებულ მდგმარეობაზე დამატებითი განმარტებები არ არის მოცემული. თუმცა, ფაქტია, რომ წინა წლების მონაცემებთან შედარებით, საქართველოს ინდექსი მკვეთრი დაცემით გამოირჩევა.

მედიამფლობელთა გამჭვირვალობის საკითხს საქართველოში, როგორც ევროსაბჭოსა და ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გავლენიანი მედიასაშულებების წარმომადგენლებიც სვამდნენ.

რადიო „თავისუფლების“ დირექტორმა და მაუწყებელთა საბჭოს წევრებმა თბილისში ვიზიტის დროს, მედიაში არსებული სიტუაციის კომენტირებისას განაცხადეს, რომ მედიამფლობელთა საკითხის გამჭვირვალობა ის საკითხია, რომლის გადაწყვეტაც ხელისუფლებას და საზოგადოებას საშუალებას მისცემს, დემოკრატიულობაზე მეტი პრეტენზია განაცხადოს.

მფლობელთა საჯაროობა გახლდათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის შესრულებაც ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. ამ მიმართულებით, ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ სპეციალური კვლევაც ჩაატარა, რომლის ავტორი მედიაექსპერტი ნინო დანელიაა.

კვლევის შედეგების წარმოდგენისას ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის კანონმდებლობით უზრუნველყოფა არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირთა დონეზე; მედიის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირების უფლება და არ უნდა მოხდეს მედიასაშუალებათა კონცენტრაცია (პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, მესამე პირთა მეშვეობით, წილის ფლობით და ა.შ.) ერთი მფლობელის ხელში;

კვლევაში ისიცაა აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს მფლობელობის შესახებ ინფორმაციის (როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური მედიის) საჯაროობის უზრუნველყოფა, რათა ის ყველა დაინტერესებული პირისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

2009 წლის ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში „სატელევიზიო სივრცე საქართველოში – მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა, მედიის მფლობელთა გამჭირვალობას და კონკურენტუნარიანი, პლურალისტური სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

ანგარიში ქართული მაუწყებლების მფლობელების ვინაობის გარკვევას ცდილობს და ქვეყნის სატელევიზიო ბაზარსა და ტელესივრცეს მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, მათ, ვისაც სურთ კერძო ტელეკომპანიების ანონიმურად ფლობა და კონტროლი, რეგულირების მოქმედი ლიბერალური სისტემა გამოიყენეს. ეს სისტემა არ კრძალავს მედიასაშუალებების წილებისა და საზღვარგარეთ, მაგალითად, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მიერ ფლობას.

„ეროვნული არხების მფლობელებმა ეს ლიბერალური მიდგომა გამოიყენეს და ამჟამად, საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხის - „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია Degson Limited-ია“, - ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ დოკუმენტში მითითებულია, რომ კიდევ ერთი გაურკვეველი კომპანია - Denal Union-ი ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს ფლობს. ანგარიშის თანახმად, ასევე ბუნდოვანია Rakeen-ის და მისი შვილობილი კომპანიის RAAK Georgia Holding („იმედის“ 90%-ის მფლობელი) სამართლებრივი სტრუქტურა.

„არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაცაა მიმოხილული და აღნიშნულია, რომ საქართველოს მაუწყებლობის კანონის მე-60 მუხლის თანახმად, „ფიზიკური თუ იურიდიული პირი შეიძლება დამოუკიდებლად ფლობდეს ან თანამფლობელობაში ჰქონდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო ლიცენზია ტელევიზიისთვის და ერთი -  რადიომაუწყებლობისთვის“. ეს მუხლი ხელს არ უშლის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად ფლობდეს წილებს. საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს, მედიასივრცის რა საბაზრო წილი შეიძლება იყოს ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის კონტროლქვეშ.

შესაბამისად, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „რუსთავი 2-ის“ აქციების 30%-ს, „მზის“ 45%-ს და „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობს. პირველი ორი ტელეარხის შემთხვევაში, აქციების მეტი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია Degson Limited -ია. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ დამატებით ფლობს „საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს“, რომელიც ინგლისურენოვან გაზეთს - „Georgian Business Week“ გამოსცემს და აქვს სააგენტო GBC.ge. ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი – მმართველი პარტიის წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი საქართველოს უშიშროების საბჭოს თავჯდომარის,  საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

ანგარიში ასევე მოიცავს საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი ტელეკომპანიის ჩამონათვალს, მათი ოფიციალური მფლობელების მითითებით, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

„რამდენიმე რეგიონალური ტელევიზიის თანამფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრია“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელიც „დღესდღეობით ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანო არ არის“, არა აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს, ვინ არიან ტელეკომპანიების ფაქტობრივი მფლობელები და გამოიძიოს, ვინ დგას ლიცენზიების მფლობელი იურიდიული პირების უკან.

„ამ პრობლემის გადაჭრა ადვილად შეიძლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეტ ინფორმაციას ფლობდეს სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე კომპანიების აქციონერებზე და რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც კომუნიკაციების მარეულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული, ეროვნული და რეგიონული მაუწყებლების უკან შემდეგი კომპანიები და ფიზიკური პირები დგნანან.

ტელეკომპანია „I სტერეო“ - თბილისი, შპს ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 65%; ზილფიმიანი დავით 22%, კოპულეტი მარკო 10%, სევერინი ლუკა 3%; „იმედი TV“ -  თბილისი Georgian Media Production Group - 100% (RAAK ჯორჯია ჰოლდინგი 90%, ჯოზეფ ქეი 10%); „კავკასია“ - თბილისი - ჯანგირაშვილი ნინო (100%); "მზე" _ თბილისი _ Degson Limited 55%, ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ - 45%; „ოდიში“ - ზუგდიდი - გრიგოლია ემა 70%, ქობალია ალექსანდრე 20% (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი), კიმ კიმ 10%; „რეალტივი“ -თბილისი, პაიჭაძე ია (100%); „რუსთავი 2“ - თბილისი -Degson Limited 70%, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 30%; „საქართველო“ - თბილისი Denial Union 100%; სტუდია „მაესტრო“ - თბილისი  ებრალიძე გიორგი 38%, ღლონტი მამუკა 38%, ჩიკვაიძე ლევან 19%.

ცხრილში არ შედის აჭარის ტელევიზია, რომელიც აჭარის ადმინისტრაციის მფლობელობაშია და საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, რომლებზეც ლიცენზიის რეჟიმი არ ვრცელდება.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხშირად ისმის როგორც საყვედურები, რომ საქართველოში მოღვაწე მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობა არ არის საჯარო. ხელისუფლების ნებაა, რომ ყველა მედიამფლობელის ვინაობა და მედიასაშუალებების დაფინანსების წყაროები საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინიციატივით, საქართველოში უნდა შემუშავდეს მედიაგამჭვირვალობის ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება ისეთივე, როგორიც არის აშშ-ში და ა.შ.

„ჩვენ გადავალთ მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის და პოლიტიკის კომიტეტებს ორ კვირაში შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა.

თუ რას გულისხმობს ქვეყნის მაღალ სტანდარტზე გადასვლა, ამაზე დავით ბაქრაძე კონკრეტულად არაფერს ამბობს და აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტში იქნება ასახული. თუმცა, იქვე პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოფშორულ ზონებზე.

მისი თქმით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობა უცნობია და საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სწორედ ეს პროცესი გახადოს გამჭვირვალე.

ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადება დემოკრატიის რეფორმების ახალი ტალღის ნაწილად დაასახელა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის აზრით, ხელისუფლების ინციატივა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას უკავშირდება .
„საქართველო მედიათავისუფლების ხარისხით, სამარცხვინო მე-100 ადგილზეა, ამიტომ მივესალმები თქვენს ინიციატივას“, – განაცხადა თარგამაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ხელისუფლების გადაწყვეტილება მედიაგამჭვრივალობის შესახებ, დაუკავშირა ოფიციალური თბილისის სურვილს, გაიმყაროს რეგიონის ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ კი, ტელეკომპანია "იმედის" „ხელში ჩაგდების“ პროცესის გამჭვირვალობა მოითხოვა. მისი თქმით, ცნობილი უნდა გახდეს არა მხოლოდ ტელეკომპანიების მფლობელები, არამედ ის პროცესიც, რაც ამ ტელეკომპანიების უკანასკნელი მფლობელების ხელში გადასვლას უკავშირდება.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მარტო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, არამედ ისიც, თუ რომელი პატრონები გამოიცვალა და როგორ“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, ქართული ტელევიზიების მფლობელების გარკვევით საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან დაინტერესებულები.

„უხერხულია ის ვითარება, რაც ხდება ჩვენს მედიაში. ბუნდოვანია ტელევიზიების მესაკუთრეების ვინაობა, რაც მიუღებელია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე,  თუ ვის ეკუთვნის მედია. ოფშორული ზონებიდან მფლობელზე ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. მივიჩნევ, რომ ოფშორების თემა ქართულ მედიაში საერთოდ უნდა დაიხუროს“, - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, მედიამფლობელების გამჭირვალეობასთან ერთად, საჭიროა ტელევიზიების ფინანსური გამჭვირვალეობაც.

„საინტერესოა ის ფაქტიც, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ტელევიზიას და საიდან ხდება ფინანსების მოზიდვა. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მედიამფლობელების ვინაობა გარკვეულია, მთავრობა კი, საზოგადოების მოატყუებას და თვალში ნაცარი შეყრას ცდილობს.
 
„მივმართავ დავით ბაქრაძეს, რომ ხალხის მოტყუებას შეეშვას, გამოვიდეს და საჯაროდ დაასახელოს „რუსთავი 2“- ისა და „ტელეიმედის“ მფლობელი“, - განაცხადა კახა ბექაურმა, - „ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესშია მისი კონტროლირებადი მედია მტრის ხელში არ ჩააგდოს, ამის შემდეგ, მათ კონტროლის განხორციელება გაუჭირდებათ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ იციან, ვინ არიან კონკრეტული მედიასაშუალებების მფლობელები“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოვალეა, საზოგადოებას პანამაში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მფლობელების ვინაობა გაუმხილოს. ბექაურის თქმით, ბაქრაძის განცხადება ხელისუფლების მორიგი ფანდია, რითაც მთავრობა კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობს.

„ტელევიზია სერიოზული იარაღია და ამით ხელისუფლება ქვეყანას მართავს. მთავრობა ტელეარხებით მანიპულირებს, ამიტომაც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხელისუფლებას მედიამფლობელების ვინაობის გარკვევა აინტერესებს , - განაცხადა მედიაექსპერტმა, ია ანთაძემ.

ანთაძის თქმით, დღემდე ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რომ პროპაგანდისტული მანქანა კარგად ეკონტროლებინა და მედიამფლობელებზე ზეწოლა მოეხდინა.

„ბევრი პრობლემაა, რაც ქართულ მედიაში, მედიამფლობელებს და მათ გასაიდუმლოებას უკავშირდება. ახალი ინიციატივა ჩემთვის ცოტა გასაკვირია, ოფშორებში დარეგისტრირებული მედიის თემა საკმაოდ რთულია. თუ ხელისუფლება დაინტერესდება მედიამფლობელებით და მათ საჯაროს გახდის, მივიჩნევ, რომ ცხოვრება დიდწილად შეიცვლება“, - განაცხადა ია ანთაძემ.

ია ანთაძის განცხადებით, ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნების ელჩებს, ზუსტი ინფორმაცია აქვთ.

ახალი ამბები