კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სად მიყავთ რეზერვი?

28 ოქტომბერი, 2010
ანი გოდერძიშვილი, presa.ge

 ფოტო: presa.ge

თავდაცვის სამინისტროს რეზერვის მომზადების პროგრამა არ გააჩნია და არც ეროვნული გვარდიის სარდალი ჰყავს. ამის მიუხედავად ბაჩო ახალაიას უწყებამ რეზერვისტების გაწვევა უკვე დაიწყო. რეზერვისტებმა ვაზიანში შესაბამისი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. თუმცა, როგორც თავად რეზერვისტები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, სამედიცინო შემოწმება საკმაოდ მცირე ნაწილმა გაიარა.

„სტადიონზე შევიკრიბეთ და იქიდან უკვე ვაზიანში წაგვიყვანეს. მე სამედიცინო შემოწმება გავიარე, მაგრამ უმრავლესობამ ვერ გაიარა. მიზეზად კი სამუშაო დროის დასრულება დასახელდა და მეორე დღეს დაიბარეს შემოწმებაზე. ბიჭების ნაწილი გამგეობის სამხედრო განყოფილებაში დაიბარეს და უწყებები მისცეს.

„მე პირადად დამირეკეს და მითხრეს - იმ შემთხვევაში, თუ არ გამოცხადდებით, მოგიწევთ ფულადი ჯარიმის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის წინაშე მოგიწევთ პასუხისგებაო. ანუ დაგაპატიმრებენო“, - გვითხრა ერთ-ერთმა რეზერვისტმა, რომელმაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ რეზერვში ჯერ ვერ მოხვდა. მას უთხრეს, რომ გამოიძახებენ.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო-სარეზერვო სამსახური 2004 წლიდან მუდმივად იცვლებოდა. აგვისტოს ომის შემდეგ დღემდე რეზერვის ბედი გაურკვეველია. 2010 წლის 21 ივლისს პარლამენტმა ოთხი წლით ადრე მიღებული „სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის“ ერთ-ერთ მუხლში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც სარეზერვო სამსახურის მოხდის ვადა 18 დღიდან წელიწადში არაუმეტეს 45 დღე-ღამით გაიზარდა.

კანონში შესული ცვლილება ეხება 27-დან 40 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებს, რომლებიც წელიწადში არაუმეტეს 45 დღე-ღამისა შეიძლება გაიწვიონ სამხედრო-სარეზერვო სამსახურში. თუმცა, აუცილებელი არ არის, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რეზერვისტთა შეკრების ადგილზე იყვნენ. გაწვევები შეიძლება წელიწადში ორ ან სამკვირიან პერიოდზე გადანაწილდეს და რეზერვისტებს რამდენჯერმე მოუწიოთ შეკრების გავლამ.

გარდა ამისა, კანონის თანახმად, რეზერვისტთა შეკრებამდე თავდაცვის სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ბრძანება, სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი ადგილების, თარიღებისა და რეზერვისტთა რაოდენობის შესახებ. თუმცა, ასეთი ბრძანება თავდაცვის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია.

სამხედრო ექსპერტები „გაუგებარს“ უწოდებენ რეზერვისტთა მალულად გამოძახებას და თავდაცვის სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. კანონის დარღვევას არ ადასტურებენ ბაჩო ახალაიას უწყებაში და ამბობენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება.

„პრესა.გეს“ კითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა სამინისტრომ ბრძანება, სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი ადგილების, თარიღებისა და რეზერვისტთა რაოდენობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში პასუხი არ გაგვცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები.

სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე ეჭვობს, რომ რეზერვისტთა მალულად გამოძახების უკან ფინანსური დაინტერესება დგას: „ეჭვი მაქვს, ეს ხდება ფულის გასაკეთებლად. იმისათვის, რომ არ წავიდნენ, რეზერვისტები ვიღაცებს ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაუხდიან ფულს. ძალიან პრიმიტულად იხსნება ეს ყველაფერი. რასაკვირველია ეს არის კანონის დარღვევაა. ყოველი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ყოველთვის გამოყოფილია კონკრეტული ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ჩვენ კი არ გვყავს ასეთი ადამიანი. გვარდიას არ ჰყავს სარდალი, რომელიც პასუხს აგებს.  მოვალეობის შემსრულებელი, ბუნებრივია, სრულფასოვნად ვერ გრძნობს თავს. ელემეტარულად რომ ავიღოთ, ის კაპიტანია და ჩემთვის გაუგებარია, რამდენად მზად იქნება ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ბრძანებები მისცეს პოლკოვნიკებს, ან ვიცე-პოლკოვნიკებს. ერთ თვეში უნდა დანიშნულიყო სარდალი და უკვე რამდენიმე თვე გავიდა. ვერ გეტყვით, სად მიჰყავთ რეზერვისტები, როცა არ ვიცით რა რეზერვი გვყავს“.

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური თვლის, რომ ფინანსურ მაქინაციებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ საკიტხავია - როცა ამ გაწვევასთან დაკავშირებით არ არსებობდა მინისტრის ბრძანება, რის საფუძველზე არიან გაწვეულები? მელითაური თვლის, რომ აქ უკვე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე.

„ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია კანონი. მითუმეტეს, ამ ბრძანების მომზადებას არაფერი სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა ბრძანების პროექტი რეზერვისა და სასწავლო შეკრებებთან დაკავშირებით, რომელიც ერთი კვირის განვმავლობაში გაივლიდა შეთანხმებას ყველა სამმართველოსთან. ამის შემდეგ კანონით გენშტაბის უფროსი დაადებდა თავის ვიზას, რომელსაც შემდეგ მინისტრი ხელს მოაწერდა. რატომ არ გაკეთდა, ამას ვერ გეტყვით.  ფაქტია, რომ ბრძანება არ ყოფილა. უკვე აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზულ კანონდარღვევასთან გაქვს საქმე“, - ამბობს მელითაური.

მისივე თქმით, მიუხედავად ორწლიანი მცდელობისა, რეზერვის სისტემა ამ დრომდე არაა ჩამოყალიბებული. „ერთადერთი ცვლილებები, რაც შევიდა სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში, იყო ის, რომ 18–დღიანი შეკრებების ნაცვლად ჩატარდება 45-დღიანი შეკრებები. რას ითვალისწინებს ეს პროგრამა ან საერთოდ რა რაოდენობაზეა საუბარი, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და საერთოდ ჩამოყალიბებული არაა. რაღაცას როცა აკეთებ და არ იცი ამას რისთვის აკეთებ, ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - ამბობს „პრესა.გე“-სთან საუბრისას გიორგი მელითაური.

სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ქვეყანაში სათანადო სიმაღლეზე არ დგას თავდაცვის პოლიტიკა; ჩამოყალიბებული არაა როგორც თავდაცვის პოლიტიკის პრინციპები, ასევე განსაზღვრული არაა მეთოდოლოგია, როგორ და რა ინსტრუმენტებით უნდა განხორციელდეს ღონისძიებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„პრობლემაა ის, რომ არ მუშაობს რამდენიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც უნდა წარმართავდეს თავდაცვის პოლიტიკას. რეზერვი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თავდაცვის პოლიტიკის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები მუშაობენ, ხდება ცალკეული პირების გამოძახება, მათი სიების დაზუსტება და ა.შ. ეს თავისთავად ცუდი არაა და ასეც უნდა ხდებოდეს.

თქვენ იცით, რომ 2008 წლის შემდეგ რეზერვი თვითდინებაზე იყო მიშვებული. არ ხდებოდა რეზერვის აღრიცხვიანობა და აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცდილობენ დაალაგონ გარკვეულწილად ეს სიები და ვიზუალურად, პიროვნულად მოახდინონ კონტაქტი რეზერვისტებთან, ვინ იმყოფება საქართველოში, ვისთან შეიძლება კონტაქტი და ა.შ. მასობრივი გაწვევა დღეს შეიარაღებულ ძალებში არ ხდება, ეს არის საკმაოდ შეზღუდული ციფრი“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ახალი ამბები