კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩინოვნიკების უგულისყურობამ დევნილი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა

28 ოქტომბერი, 2010
შორენა ლათათია

27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თვითმკვლელობა სცადა. ის ამჟამად დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება და როგორც ექიმები ამბობენ, ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია. დევნილს სხეულის 30 პროცენტზე მეტი აქვს დამწვარი, რაც  მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობად ითვლება.

„მე შეიძლება აღარაფერი მეშველოს, მაგრამ იმედია, ამ ფაქტის შემდეგ თქვენ მაინც მოგაქციონ ყურადღება, მითხრა დამწვრობის ცენტრში გადაყვანის წინ ნანა ფიფიამ. ამ დროს გავიგონე, გვერდით მდგომმა მამაკაცმა ვიღაცას ტელეფონით უთხრა - ეს ყველაფერი დადგმულიაო... დღეს ნანა ფიფიამ დაიწვა თავი, ხვალ მე დავიწვავ, ზეგ სხვა მომბაძავს და იმედია, მაშინ მაინც მიხვდება სამინისტრო, რომ მსგავსი ფაქტები არ შეიძლება დადგმული იყოს და რომ დროა შეწყვიტონ ჩვენი აბუჩად აგდება“, - უთხრა შემთხვევის ადგილზე მისულ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს აფხაზეთიდან დევნილმა მანანა ქადარიამ.

დევნილების გადმოცემით, ნანა ფიფიამ თავის დაწვა სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროს გრიგოლ ტუღუშთან საუბრის შემდეგ სცადა.

„წინა დღეს ფიფია სამინისტროდან აღელვებული გამოვიდა. ტუღუშს უთქვამს - ფოცხოეწერში მოგცემთ თავშესაფარსო. ფიფიას დაუჩივლია - იქ რა უნდა ვქნა, რით  ვიარსებოო? ბალახი მოძოვეო - უპასუხია ტუღუშს. საკუთარი სამინისტრო რომ ძროხას გიწოდებს, მერე სხვა დანარჩენზე საუბარი ზედმეტია! მე-18 დღეა, აქ ვათენებთ და სამინისტროსგან ჯერ რაიმე ადამიანური პასუხი არ მომისმენია. სამინისტროს თანამშრომლები რომ ჩაგვივლიან ხოლმე, თავს გვერდზე წევენ და ჩვენკენ არც იხედებიან, თითქოს ადამიანები არ ვიყოთ.  მათთვის უბრალო ნახირი ვართ და სხვა არაფერი“, - ამბობს ქადარია. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „ქალბატონი ნანა ფიფია, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში თავის დაწვა სცადა, 2000 წლამდე ცხოვრობდა ზუგდიდში. შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში ნათესავთან გადავიდა. სამინისტრომ აღნიშნულ ქალბატონს საცხოვრებელი ფართი ისევ რეგიონში შესთავაზა, თუმცა, მან აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. სამწუხაროდ, თბილისში ყველა დევნილის დაკმაყოფილება და ბინების დარიგება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, სამინისტრო იმ დევნილებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ, სთავაზობს სრულად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს სხვადასხვა რეგიონებში, საკუთრებაში. ქალბატონი ნანა ფიფიას მკურნალობის ხარჯებს სამინისტრო აანაზღაურებს“. 

„როგორც ხედავთ დევნილებს სამინიტრო არათუ აკმაყოფილებს, არამედ თვითმკვლელობამდეც კი მიყავს. როგორც დევნილები ამბობენ, ფიფიამ თავი ვინმე ტუღუშთან საუბრის შემდეგ დაიწვა. ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გადამოწმება და შესწავლა ჭირდება, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იმ   მაღალჩინოსნის დასჯას, რომელთან საუბარსაც მოყვა ეს შედეგი“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას კონსერვატორული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია მე-18 დღეა მიმდინარეობს. იქვე 8 კარავია გაშლილი და დევნილთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს კიდეც.

„მე-9 დღეა, შიმშილობა დავიწყე და  სანამ თავშესაფარს არ გამომიყოფენ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი! თუ საჭირო გახდება, პროტესტის უფრო მძიმე ფორმას მივმართავ და პირის ამოვიკერავ. წასასვლელი არსად მაქვს, თორემ ახლა აქ არ ვიქნებოდი. 17 წლის განმავლობაში ქირით ვიცხოვრე და მგონი დროა, სამინისტრომაც მომაქციოს ყურადღება“, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა თამაზ ჯღამაძემ. 

„რამდენიმე წელია, ქირით ვცხოვრობ. ამ ხნის განავლობაში უსახსრობის გამო რამდენჯერმე მომიხდა ბინის გამოცვლა. ჩემი შვილები მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეები არიან და მათთვის ახალ სახლში გადასვლა ახალ სკოლაში გადასვლას უკავშირდება, რაც მათთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური ტრამვაა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კომპიუტერიზაცია იწყება, ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი. ჩემი დევნილი შვილები კი ნუთუ იმას არ იმსახურებენ, წელიწადში რამდენჯერმე არ გამოიცვალონ სკოლა და ნორმალური განათლება მიიღონ?!“ – განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ნუნუ ხუბუამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საპროტესტო აქციაში მონაწილე დევნილებს უკვე შესთავაზა საცხოვრებელი ფართი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. თუმცა, დევნილები წინააღმდეგნი არიან საცხოვრებლად  რაიონში გადავიდნენ, ვინაიდან მათი ოჯახის წევრები მუშაობენ ან სწავლობენ და მიაჩნიათ, რომ რეგიონში გადასვლა მათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

ახალი ამბები