09:45, Wednesday, 20.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილების გარემონტებული საცხოვრებელი იტბორება

29.10.2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ვიცი, როცა ჩემი გვარ-სახელი მედიაში კვლავ გაჟღერდება, იკითხავენ - ეს კაცი კიდევ  არ მომკვდარა, ცოცხალიაო? ამას იმიტომ იტყვიან, რომ ამ შენობაში შემოსახლების დღიდან, სულ ერთსა და იმავე პრობლემებზე ვსაუბრობ და დახმარებას ვითხოვ. რა ვქნა, ის პრობლემები, რაზეც მე და ჩემი მეზობლები დღეს გესაუბრებით, ახალი არაა. 2009 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენთან ვითარება უფრო გაუარესდა და რა დღეშიც ვართ, ალბათ ხედავთ“, -  ასე დაიწყო საუბარი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ აფხაზეთიდან დევნილმა ვაჟა მონიავამ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაჟა მონიავა და აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 16 ოჯახი ქუთაისში, ბელორუსის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ შენობაში 2009 წლის აგვისტოში შეასახლეს. პრობლემები, როგორც თავად იხსენებენ, იმთავითვე გაჩნდა. ოთახებში ჩამოვიდა წვიმის წყალი, დაიბზარა კედლები, წყობიდან გამოვიდა საკანალიზაციო სისტემა და დაიტბორა ოთახები.

არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დევნილებმა ადგილობრივ ხელისუფლებას იმთავითვე აცნობეს და განუმარტეს, რომ ახლადჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, მათი ყოფა ახალ საცხოვრებელში გაუსაძლისი იყო.

„ჩვენი სატკივარი მათ არ აწუხებთ. რამდენჯერ ვთხოვეთ - გვიშველეთ, ვიტბორებით და სიცივით ვკანკალებთ ამ სველ კედლებში-თქო, მაგრამ ამაოდ. მათთვის მთავარია, ტელევიზიით გადასცენ ჩვენი შემოსახლება ვითომ გარემონტებულ და კომფორტულ საცხოვრებელში. სინამდვილეში კი, შთაბეჭდილება რჩება, რომ საქონელივით შემოგვრეკეს აქ და კარები გაიხურეს. ბევრს არ ვითხოვთ, არც არასდროს მოგვითხოვია. მოვიდნენ და ეს სახურავი მაინც შეგვიცვალონ, რომ ამ ზამთარში წყალში არ დავლპეთ. წყურვილითაც ნუ დაგვახრჩობენ, სასმელი წყალი მოგვაწოდონ. ადამიანები ვართ, ბოლოსდაბოლოს. მეტი არაფერი გვინდა, ბატონო. დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ“, -  ამბობს ნაზი კაცია.

არსებული პრობლემის გამო რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციამ  შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა. „რესპუბლიკელები“ ითხოვდნენ, აღნიშნული უწყება დევნილთათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობით დაინტერესებულიყო. გამოეძიებინათ და დაედგინათ სარემონტო საქმის მწარმოებელი ფირმის მიერ დარღვეული ყველა სამშენებლო სტანდარტი. „რესპუბლიკელებს“ ჰქონდათ ეჭვი, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ ფირმასა და ინსპექტირების ჯგუფის წევრებს შორის ფინანსური, ან სხვა ტიპის გარიგება არსებობდა.

„ეს შენობა დევნილებს 2009 წლის 26 აგვისტოს გადაეცათ და ზუსტად ერთი თვის თავზე, მედიასთან ერთად, ჩვენ ეს პრობლემები დავაფიქსირეთ. ვთქვით, რომ ადგილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო სტანდარტის დარღვევას. ამის თაობაზე მივმართეთ ფინანსურ პოლიციას. მათგან პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შემდეგ მხარის პროკურატურას მივმართეთ, რომელიც დღემდე დუმს. პრობლემები კი, სახეზეა და დღითიდღე მძიმდება“, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

ბელორუსის ქუჩის #24-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ტენდერი 2009 წლის დასაწყისში გამოცხადდა. ტენდერში შპს „არქსტუდია პერისტილმა“ გაიმარჯვა. სარემონტო სამუშაოები კი, სს „ხურომ“  ჩაატარა.

„დღეს აქ ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი და გასარემონტებელი“, - აცხადებენ დევნილები. ისინი უახლოეს დღეებში ფინანსური პოლიციის რეგიონული ორგანიზაციის წინ აქციის მოწყობას აპირებენ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC