კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყალდიდობის შემდეგ ხონი-მარტვილის დამაკავშირებელ ხიდი დაიკეტა

29 ოქტომბერი, 2010
მარიკა ვაჭარაძე, ხონი

რამდენიმე დღის წინ გადაუღებელმა წვიმებმა ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის ათამდე ოჯახი დატბორა. მდინარის სანაპირო ზოლზე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები. მართალია, მოსახლეობას აქ მოწეული მოსავალი უკვე დაბინავებული ჰქონდა, მაგრამ მათი ნაკვეთები ადიდებულმა ცხენისწყალმა ნაპირიდან 20 მეტრის სიღრმეზე წაიღო. მდინარემ ცენტრალური გზაც დატბორა, სადაც რამდენიმე საათით ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელი გახდა.

„მდინარის ადიდებამ სოფელი სერიოზულად დააზიანა. დაიტბორა წისქვილი. წყალი ცენტრალურ გზამდე ამოვიდა. ადგილობრივი ძალებით რომ არ შეგვეჩერებინა, ნიაღვარი  ასფალტს მთლიანად წაიღებდა. ჩვენ რაც შეგვეძლო, ნაპირი ისე გავამაგრეთ -  მოვიტანეთ ლოდები და ჩავყარეთ. ძველი დამბები რაც იყო, დაინგრა და წყალმა წაიღო. კიდევ ერთხელ რომ ადიდდეს, ალბათ, სარდაფებშიც შემოგვივა, რადგან ის ჯებირი, რაც აქამდე ამ წყალს აკავებდა, დღეს უკვე აღარ არის“, - გვითხრა სოფელ მათხოჯის მკვიდრმა დემურ კანჯარიძემ.

„კიდევ ერთი ძლიერი წვიმა რომ მოვიდეს, კალაპოტი მდინარის წყალს ვერ დაიტევს და კვლავ გადმოვა. ნაპირი, რომელიც მდინარეს სოფლის გაყოლებაზე ჰქონდა, წყალმა წაიღო. სამი პირუტყვი გუშინ ჩავარდა და სოფლის კაცებმა ძლივს ნაპირზე გამოიყვანეს. მიწა ისეა დარბილებული, ყოველდღე მიაქვს წყალს. ნაპირი უნდა გამაგრდეს, თორემ ამ ზამთარში ყოველი წვიმის დროს წყალი წაგვიღებს“, - ამბობს ლეილა კუხალაშვილმა.

ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დაწყებას სოფლის გამგებელიც საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა ადგილობრივ ბიუჯეტში საჭირო თანხები ამ ეტაპზე არ მოიძებნება.

შალვა ხვინგია, სოფელ მათხოჯის გამგებელი: „ფაქტობრივად, მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და სოფლის ნაპირს მოაწვა. ფირცხალავების უბანში, სადაც სოფელს წისქვილი აქვს, მდინარე გადმოვიდა და საფრთხე შეექმნა როგორც ცენტრალურ გზას, ისე სოფლის მოსახლეობას. ჩვენ მივიღეთ ზომები და სახელდახელოდ გავაკეთეთ ორი დროებითი დამბა. თუმცა აქ ნაპირსამაგრი სამუშაოები აუცილებლად უნდა დაიწყოს, რათა გაუთვალისწინებელი და სავალალო შედეგების წინაშე არ აღმოვჩნდეთ“.

ადიდებულმა მდინარემ 2005 წელს ექსპლუატაციაში შესული ხონი-მარტვილის დამაკავშირებელ ხიდს საყრდენი ბურჯის სამაგრი ნაწილი გამოუცალა.  საგზაო დეპარტამენტმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ხიდის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ზურაბ ჯიბუხაია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „მარტვილი-ხონის დამაკავშირებელ ხიდთან სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობაა. აქედან ხონი-სამტრედიის სარწყავი წყალი მოედინება. ამ არხში ცხენისწყალი გადადის. სამელიორაციო სისტემა ამორტიზებულია და ამიტომ ე. წ. ფარების ჩაკეტვამ შეიძლება მიწა მთლიანად წაიღოს. ამ არხიდან წამოსული წყალი პირდაპირ ბურჯებს ეცემა. ერთი ბურჯის საყრდენის მხოლოდ 30%-ია დარჩენილი. 70% კი წყალმა წაიგო. წყალდიდობის დროს შეიქმნა საშიშროება, რომ ხიდი დანგრეულიყო. წყლის დონემ ნიშნულს გადააჭარბა. ამიტომ საგზაო დეპარტამენტმა ხიდის ჩაკეტვა გადაწყვიტა“.

ამჟამად სამგზავრო ტრანსპორტი ხონი-ლეხაინდრაო-მარტვილის შემოვლითი გზით სარგებლობს, რაც მარტვილის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს ათეული კილომეტრით გზას უგრძელებს.

საკითხის შესაწავლად ხონში საგზაო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე გურამ ვახტანგაშვილი იყო ჩასული. მან ადგილზე ხიდის ბურჯი რეალურად ვერ დაათვალიერა, რადგან წყლის დონე მაღალი იყო, ხილვადობა კი - ნაკლები.

სპეციალისტების თქმით, მდინარის ბურჯის გამაგრება წყლის დონის დაკლებისთანავე უნდა დაიწყოს, რადგან გაზაფხულზე უხვწყლიანობის პერიოდი იწყება და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება კი ხიდის რამდენიმე თვით ჩაკეტვას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან ზამთრის პირობებში შემოვლითი გზით მგზავრობა მარტვილის მიმართულებით შეუძლებელი იქნება.

ახალი ამბები