კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყველაფერი ყირამალა!

29 ოქტომბერი, 2010
ავტომატიანი კაცი „დაზარალებულია“, სოციალურად დაუცველი - „ბიზნესმენი“, პატრული-გამომძიებელი კი „საქმეს არჩევს“

მარიკა ვაჭარაძე, ხონი

ხონის რაიონული სასამართლო რამდენიმე თვეა, განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ცხრა პირია ბრალდებული. მათ ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, იარაღის შენახვა, ბიზნესმენზე ფულის გამოძალვა, ხულიგნობა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში სდებენ ბრალს. ხონის პოლიციამ ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაცია ფარული სატელეფონო საუბრების საფუძველზე განახორციელა.

საგამოძიებო ჯგუფი ვერ აკონკრეტებს, რატომ დაიწყო ფარული მოსმენა. ფარულ  ჩანაწერებში ბრალდებულები - მელქაძე, ჩაკვეტაძე და ჩანქსელიანი ე. წ. კანონიერ ქურდს ნოე წულაიას ესაუბრებოდნენ. მათ ნოე წულაიასთან ნათესაური კავშირი აქვთ. სამართალდამცავები კი „კანონიერ ქურდთან“ მათ საუბარს 6 მარტს მომხდარ ფაქტს უკავშირებენ.

როგორც საქმის გარემოებებიდან ირკვევა, დაკავებული 9 პირიდან ერთ-ერთს - შოთა ჭავჭანიძეს, ხონის რაიონის სოფელ კუხში მცხოვრებ პატრულ-გამომძიებელთან, ალექსანდრე კაკაბაძესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. პატრულმა-გამომძიებელმა შელაპარაკებას ოფიციალური მსვლელობა არ მისცა და „საქმის გასარჩევად“ სიძეს - დის ქმარს, ბადრი უგულავას მიმართა. ბადრი უგულავამ კი ოჯახის ნათლიას, თემურ ბერძენიშვილს სთხოვა - მანქანით გაჰყოლოდა თანასოფლელებთან სალაპარაკოდ. თემურ ბერძენიშვილმა ბადრი უგულავა კუხში ავტობუსების გაჩერებასთან მიიყვანა, სადაც ათამდე მამაკაცი ღვინოს სვამდა. უგულავამ შოთიკო ჭავჭანიძე იკითხა, თუმცა იგი იქ არ აღმოჩნდა. ბერძენიშვილმა კი ბიჭებს შორის თავისი ნათესავი გიორგი ჩანქსელიანი იცნო. მათ ერთმანეთი მოიკითხეს და საუბარი მანქანასთან ახლოს დაიწყეს.

ბერძენიშვილი თავის ჩვენებაში ამბობს: „გიორგისთან საუბრის დროს ბიჭებს შორის ჩოჩქოლი ატყდა, რა დროსაც მე გავიქეცი მანქანისკენ და ჯოხი, რომელიც მუდმივად მიდევს, ამოვიღე და მოვიქნიე. როგორც შემდეგ მითხრეს, ჯოხი გიორგი ჩანქსელიანს მოხვედრია. ამ დროს ხმა მომესმა - კაცი მოგვიკლესო. ჩვენ შეგვეშინდა და გავიქეცით“.

კამათი მეორე დღეს გაგრძელდა როცა „საქმის გარჩევა“ სოფელ ახალბედისეულის ტერიტორიაზე - ე. წ. საგუბარზე გაგრძელდა. ბერძენიშვილი და უგულავები „საქმის გარჩევაზე“ ავტომატით მივიდნენ. ეს იარაღი ბერძენიშვილს, როგორც თავად ჩვენებაში წერს, „სუვენირად“ ჰქონდა შენახული, რადგან „უვარგისი იყო“.

ბრალდებულის სტატუსითაა დაკავებული კობა კაკაურიძე, რომელმაც ბერძენიშვილისა და ჩანქსელიანის ჩხუბის შესახებ გაიგო და ბერძენიშვილს შერიგებისკენ მოუწოდა. „კობა კაკაურიძე ჩემი ოჯახის წევრია და ჩემი უფროსი მეგობარია. მან ჭკუა დამარიგა - ბავშვებთან რაღაც ჩხუბი მოგსვლია და ამხელა კაცს რა გჭირსო. გიორგი ჩანქსელიანი ჩემთან შედარებით ბავშვია, თანაც დედამისი ჩემი მეზობელი და შორეული ნათესავია“, -  განუცხადა სასამართლოს ბერძენიშვილმა, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.

გიორგი ჩანქსელიანის ინტერესებს ადვოკატი მადინა თვაური იცავს. მან გამოძიებას კითხვით მიმართა: რატომ არის საქმეში დაზარალებულის სტატუსით თემურ ბერძენიშვილი, რომელსაც ფიზიკური, მორალური და ფინანსური ზიანი არ მიუღია?

საინტერესოა, რომ ბერძენიშვილმა ამ სტატუსის მოხსნაზე თავად განაცხადა თანხმობა და დაადასტურა, რომ არც ფიზიკური, არც ფინანსური და არც მორალური ზიანი არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
 
კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ყურადღება ადვოკატმა გაამახვილა, ბერძენიშვილის „ბიზნესმენობაა“. როგორც საქმეშია აღნიშნული - ბერძენიშვილი მეწარმეა და მას ფულს სძალავდნენ. არადა, ადვოკატის მოკვლევით, არც შემთხვევის დროს და არც შემდეგ ბერძენიშვილი ბიზნესით დაკავებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, მისი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სიაშია და შესაბამის ფულად დახმარებას იღებს.

ბერძენიშვილის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი ირაღი, რომელიც მან „საგუბარზე“ მისვლის დროს შეშინების მიზნით გამოიყენა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ მას დღემდე დაზარალებულის სტატუსი შეუნარჩუნა.

მიუხედავად ამ დეტალებისა, ბერძენიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაში ბრალდებულ მელქაძეს ადანაშაულებენ. საქმის მასალებზე დართულია ფარული ჩანაწერები, რომელიც ბერძენიშვილს პოლიციაში დაკითხვის დროს მოასმენინეს. ფარულ სატელეფონო ჩანაწერში ამირან მელქაძე ვინმე მურმან წივწივაძეს ესაუბრება. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ბერძენიშვილმა ორივეს ხმა ამოიცნო. არადა, საოცარია - ბერძენიშვილმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ წივწივაძეს არ იცნობს.

ადვოკატი მადინა თვაური გამოძიებას კიდევ ერთი კითხვით მიმართავს: რატომ დაიკითხა გიორგი ჩანქსელიანი როგორც ბრალდებული და არა როგორც დაზარალებული? ამ კითხვაზე გამოძიებას პასუხი არა აქვს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს თვითონ ბერძენიშვილის ჩვენება, რომ ჩანქსელიანს მან ჯოხით თავი გაუტეხა.

პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლოზე გამომძიებელთა ჯგუფის დაკითხვა მოითხოვეს. გამომძიებელმა ფრიდონ გუგავამ სასამართლოს განუცხადა, რომ ძმები უგულავებისა და ბერძენიშვილის ჩვენებები სიტყვა-სიტყვითაა ჩაწერილი. თუმცა, ფაქტია, რომ გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამდენად, არ არის გამორიცხული, ყალბი ჩვენების მიცემისთვის მათ მიმართაც აღიძრას საქმე.

სასამართლომ პატრული-გამომძიებელი ალექსანდრე კაკაბაძეც დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ თანასოფლელებთან შელაპარაკების შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ მან არაფერი იცოდა. მან გამოძიებისთვის მიცემული პირველი ჩვენების საჯაროობა მოითხოვა, რომელსაც სასამართლოზეც დაეთანხმა.

აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე, ჩანქსელიანი და ჭავჭანიძე თანასოფლელები არიან. სწორედ თანასოფლელთან პატრულ-გამომძიებლის სიტყვიერი შეკამათება გახდა შემდეგ განვითარებული კრიმინალური მოვლენების საფუძველი.

ახალი ამბები