კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაძვი“ ბიუროკრატიზმის უსიერ ტყეში

1 ნოემბერი, 2010

სალომე აჩბა

პრობლემას, რაზეც ვწერთ, ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩაზე, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების შენობის წინ დაახლოებით 4 მეტრში მდებარე ნაძვი ქმნის. მართალია, იგი სინამდვილეში კედარია, მაგრამ ჩვენც ნაძვად მოვიხსენიებთ, რადგან აქამდე ყველანი ნაძვად იცნობენ - იქვე მცხოვრები დევნილებიც და საჯარო მოხელეებიც, რომლებიც ამ ხესთან  ბიუროკრატიული ხლართებით არიან დაკავშირებული.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, „ნაძვი ხმება“, შესაძლოა, წაიქცეს და დააზიანოს საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად - საფრთხე შეუქმნას იქ მცხოვრებ ადამიანებს. დევნილებმა, უბედური შემთხვევის თავიდან ასარიდებლად არაერთხელ სთხოვეს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებს ხის მოჭრა, თუმცა პრობლემა აქამდე პრობლემად რჩება.

23 მაისს დიდმა ქარიშხალმა შენობასთან ახლოს დარგული ერთი  კედარი უკვა წააქცია. ხემ საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი მთლიანად ჩაანგრია. მალაშხიების ოჯახი დღემდე ბრეზენტით გადახურულ სახლში ცხოვრობს. 

კომპაქტურად ჩასახლებულ შენობასთან ახლოს ისეთივე „ნაძვი“ კიდევ დგას. დევნილებს ეშინიათ, რომ ისიც წაიქცევა და მათ სახლს დაეცემა. „როგორც კი ქარი ამოვარდება, შიშით ვუყურებთ ამ ხეს. ბავშვებს ეზოში ვერ ვუშვებთ სათამაშოდ. ნიავის დროსაც კი ისე ირხევა, შესაძლოა, წაიქცეს და საფრთხე შეგვიქმნას“,- ამბობს შორენა მალაშხია. მის ოჯახს გაეროს ოფისმა კარავი აჩუქა, მაგრამ ოჯახი მას ვერ იყენებს - ქვემოდან წყალი უდგება და იტბორება.

გორის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებლები 2008 წლიდან მოყოლებული აგზავნიან წერილებს, თხოვნებს თუ მოთხოვნებს გამგეობაში, სამინისტროებში, გარემოს დაცვის  ინსპექციასა თუ რეგიონალური სამმართველოში - მოჭრან ხე.

ყველაფერი ამაოა. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პრობლემის მოგვარებას წინ დიდი ბიუროკრატიული ბარიერი აღუდგა. ის სამსახურები, რომლებსაც სავარაუდოდ ამ საკითხის მოგვარება ევალება, მოქალაქებს სხვა სახელმწიფო სამსახურებში ამისამართებენ. ყველა ერთხმად ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის. გორის ქუჩის მცხოვრებნი, უკვე  სამი წელია ერთ წრეზე ტრიალებენ.

კანონის მიხედვით, დაზიანებული ხის მოჭრის ბრძანების გაცემა და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ევალება. თუმცა, როგორც გამგებლის მოაგილემ დარეჯან გაბედავამ გვითხრა,  მათ არ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება, რადგანაც  შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის. იგი კერძო საკუთრებებაშია, შესაბამისად, ამ ხის მოჭრაზე ნებართვა შენობის მესაკუთრემ უნდა გასცეს.

შენობაში, რომელშიც ამჟამად კომპაქტურად შესახლებული დევნილები ცხოვრობენ, სს „საქტრანსგაზმრეწვის“ ზუგდიდის ფილიალია. როგორც საზოგადოების  დირექტორმა, დევი მაჩაიძემ განგვიცხადა, „საქტრანსგაზმრეწვი“ და მისი ზუგდისი ფილიალი, რომელსაც  „საქბურღგეოთერმი“ ჰქვია, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. აღნიშნული შენობა კი, არა კერძო, არამედ სახლემწიფოს კუთვნილებაა.

რაც შეეხება ხის მოჭრის საკითხს, მაჩაიძემ გვითხრა, რომ „საქტრანსგაზმრეწვი“ ხის მოჭრის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, უშუალოდ მისი სამსახური მისი მოჭრის ბრძანებას ვერ გასცემს, რადგანაც შენობა სახელმწიფო საკუთრებაა.

სამეგრელო-აჭარა-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ შენობას ყადაღა ადევს და სახელმწიფო ვერ ახერხებს მის განკარგვას. 

ვიდრე სახელმწიფო სამსახურებს ვერ დაუდგენიათ, რეალურად, ვის საკუთრებაშია შენობა და ვის კომპეტენციაშია პრობლემის მოგვარება, ბიუროკრატიზმის ამ უსიერ ტყეში მყოფ დევნილებს რეალური პრობლემა აქვთ: „ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. აღარ ვიცით, რა ვქნათ, ვისღა მივმართოთ?! ალბათ, მანამ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, სანამ ეს ხეც არ წაიქცევა და ვინმე არ დაშავდება“, - ჩივის შორენა მალაშხია - „ნაძვთან“ ყველაზე ახლოს მცხოვრები დევნილი.

საინტერესოა - ერთ მშვენიერ დღეს დევნილებს მოთმინების ფიალა რომ აევსოთ, „ნაძვი“ მოჭრან და ზამთარში შეშად გამოიყენონ, სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული პატივცემული გვამები, უნებართვოდ ხის მოჭრისთვის ჯარიმას მაინც თუ გამოწერენ?

დევნილებს პასუხი ამ კითხვაზეც არა აქვთ, თორემ ხის მოჭრას რაღა უნდა?!

ახალი ამბები