კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტალინის ძეგლს შეწირული დოკუმენტები

1 ნოემბერი, 2010
ჟურნალისტური გამოძიება
საბა წიწიკაშვილი, გორი


რა სამართლებრივი საფუძვლები უძღოდა წინ გორში სტალინის ძეგლის აღებას? რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სტალინის სიცოცხლეში აგებული ძეგლის დემონტაჟი ღამით? იყო თუ არა ეს ხალხის მოთხოვნა და რა ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამის შესახებ? ჩვენ ძეგლის დემონტაჟის მეორე დღესვე დავიწყეთ ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება. ყველა მასალის მოპოვებას  თითქმის ორ თვეზე მეტი დასჭირდა.

დემონტაჟი 2010 წლის 25 ივნისს დილის 01 საათზე  დაიწყო. აზერბაიჯანული კომპანია „აკორდის“ თანამშრომლებს ძეგლის ასაღებად დაახლოებით სამი საათი დასჭირდათ. ფაქტი გორის მოსახლეობამ დილის საინფორმაციო გამოშვებებიდან შეიტყო. რამდენიმე ათეული ადამიანი ძეგლთან შეიკრიბა. იმავე საღამოს 18 საათზე გორის საკრებულო შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, ძეგლის საკითხი ამ სხდომაზე უნდა განეხილათ. საკრებულოს სხდომაზე კი ძეგლი საერთოდ არ ახსენეს. ჩვენს კითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ ძეგლის გადატანის საკითხი 2010 წლის 16 ივნისის სხდომაზე გადაწყვეტილა, ანუ მთელი 10 დღით ადრე.
 
ინფორმაციის მოძიება დოკუმენტების შედგენის კვალდაკვალ
 
იმავე საღამოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მივმართეთ, ძეგლის დემონტაჟის ირგვლივ არსებული ყველანაირი ინფორმაციის მისაღებად. ვინაიდან 25 ივნისის საღამოს 19 საათზე, საკრებულოს კანცელარია არ მუშაობდა, საკრებულოს ახლადდამთავრებული სხდომიდან გამოსულმა თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ჩვენს განცხადებას ორშაბათს, ანუ 28 ივნისს დაარეგისტრირებდნენ. ე.ი. ძეგლის აღებიდან სამი დღის შემდეგ.
 
მართლაც, საკრებულოს აპარატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ჩვენი განცხადება 28 ივნისს დაარეგისტრირა, შესაბამისად, ინფორმაციის გაცემის ვადად, 10 სამუშაო დღის შემდეგ, 8 ივლისი დადგინდა. ე.ი. ყველანაირი დოკუმენტაცია ძეგლის აღებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაგვბარდა. 2010 წლის 8 ივლისს გორის საკრებულომ მოგვაწოდა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული #29 განკარგულება; ასევე საკრებულოს სხდომის ოქმი და რა თქმა უნდა, იმ მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებმაც „მოითხოვეს“ ძეგლის გადატანა.
 
მოწოდებული ინფორმაციით, გორის საკრებულო გვარწმუნებს, რომ მოქალაქეთა 1671-კაციანი ხელმოწერა საკრებულოში 2010 წლის 21 მაისს შევიდა. კოლექტიური განცხადების ადრესატია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი, ერთი ასლი გამგეობის კანცელარიაში დარეგისტრირდა, მეორე საკრებულოს კანცელარიაში. ორივე წერილს შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა.
 
კოლექტიური წერილი - „კოლ-21“
 
გორის საკრებულოში შესული, ძეგლის აღების მომხრე მოქალაქეთა განცხადებას მიენიჭა  „კოლ-21“  ნომერი. აღნიშნულ კოლექტიურ განცხადებას, როგორც ვთქვით, ხელს 1671 ადამიანი აწერს. აქედან დაახლოებით 1 100 ადმიანი დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვსტოს მოვლენების შემდეგ დევნილია. ისინი  ძირითადად კარალეთის, ვერხვებისა და ბერბუკის დასახლებაში ცხოვრობენ.

დანარჩენი დაახლოებით 200 ხელმომწერი გორის რაიონის სოფლებში ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს (ოჯახის წევრებიანად) წარმოადგენენ, შიგადაშიგ სკოლის პედაგოგებიც ურევია. რაც შეეხება დანარჩენს - დაახლოებით 450 ხელმომწერი გორის მოსახლეობის გარკვეული ნაწილია: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გამგეობის, საკრებულოს, საბავშვო ბაღების, სკოლის პედაგოგებს, სხვადასხვა კულტურის დაწესებულებების თანამშრომლები. ჩვენი მოკვლევით დავადგინეთ, რომ რამდენიმე ხელმოწერა მეორდება - მაგალითად ორჯერ აქვს ხელი მოწერილი გორის მე-5 საბავშვო ბაღის გამგეს ქეთევან გელაშვილს. ორჯერ აქვს ხელი მოწერილი ჩუბინიშვილის სახელობის გორის კულტურის სახლის უფროსს მამუკა მამუკაშვილს. 

მისამართების მიხედვით, გამოვკითხეთ რამდენიმე დევნილი.  ზალინა პავლიაშვილი ამბობს, რომ მასთან ხელის მოსაწერად ძეგლის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ მივიდნენ. „როდესაც ჩემთან მოვიდნენ, მითხრეს, რომ ხელის მოწერაა საჭირო - მოგეწონათ თუ არა ძეგლის გადატანა მუზეუმის ტერიტორიაზეო“, - იხსენებს ზალინა პავლიაშვილი. ხოლო მთვარისა ბესტაევა ამბობს, რომ მასთანაც ძეგლის აღებიდან 3-4 დღის შემდეგ მივიდნენ. მიყოლებით გამოვკითხეთ, კარალეთის ჩასახლების კოტეჯებში მცხოვრები დევნილები (189, 198, 175, 166, 151, 127-ე და ა.შ. კოტეჯები). მათი თქმით, კოლექტიური განცხადების მთავარი გვერდის შინაარსი უცნობია, თუმცა ხელი მოაწერეს მაშინ, როცა ძეგლი უკვე აღებული იყო . „აინტერესებდათ ჩვენი აზრი - მოგეწონათ თუ არა ამ ძეგლის გადაადგილებაო“, - ამბობენ დევნილები. ის ფაქტი, რომ ეს კოლექტიური წერილი ძეგლის აღების შემდეგ შეადგინეს, დოკუმენტურად სხვა მხრივაც მტკიცდება.
 
რაც შეეხება სიაში ორჯერ ხელისმომწერ ქეთევან გელაშვილს, მან ასე გვიპასუხა: „თქვენ რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?! მე ვისაც მოვუწერე ხელი, იმას გავცემ პასუხს, რადგან ის არის ამ საკითხში  კომპეტენტური“. ხოლო ვინაა ის „კომპეტენტური“, რომელმაც მე-5 საბავშვო ბაღის გამგეს ხელი ორჯერ მოაწერინა, არ თქვა. ქეთევან გელაშვილი კულტურის განყოფილების უფროს გიორგი პაპუაშვილის დედაა. სიაში მისი ერთი ხელმოწერა განსხვავდება მეორე ხელმოწერისგან.

ჩვენ გვაქვს დოკუმენტი ოფიციალური ნომრით - „კოლ-21“, რომელიც ხელისუფლების მტკიცებით, საკრებულოში 2010 წლის 21 მაისს შევიდა. საკრებულოდან მოწოდებული ინფორმაციით, 2010 წლის მაისში საკრებულოში სულ 11 კოლექტიური წერილი შევიდა.  ჩვენ ხელთ გვაქვს იმავე სარეგისტრაციო ნომრით დათარიღებული სხვა შინაარსის კოლექტიური წერილი, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს იგივე ნომერი: ,,კოლ-21“. ფაქტობრივად, გორის საკრებულოში არსებობს ორი კოლექტიური წერილი, რომლებსაც ერთი და იგივე ნომერი აქვს. ის კოლექტიური, რომელსაც ასევე მსგავსი ნომერი არტყია, ეკუთვნის გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე #19-25 ნომერში მაცხოვრებლებს, რომლებიც სანიაღვრე არხის მოწესრიგებას ითხოვენ.

აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვენ სანიაღვრე არხის მოწესრიგებას. განცხადების ავტორები არიან: კაპანაძე, სიხარულიძე, აბაიაძე, სიმონიშვილი, მახარაშვილი, კიკაბიძე, ფანიაშვილი, თინიკაშვილი, წიქარიძე, წერუაშვილი, კლიმიაშვილი. თენგიზ კაპანაძემ და მათ შორის დანარჩენმა მეზობლებმა - სიმონიშვილმა, ფანიაშვილმა და სხვ. გვითხრეს, რომ როდესაც განცხადება შეიტანეს, რამდენიმე დღეში მათთან პირადად საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე მივიდა და შეპირდა, რომ უახლოეს ერთი თვის განმავლობაში ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა, ჩვენი ვიზიტის დროს (2010 წლის 4 ოქტომბერს) პრობლემა არ იყო მოგვარებული. საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ გვიპასუხა, რომ იგი არ შეპირებია მოსახლეობას, რომ ერთ თვეში პრობლემას მოაგვარებდა. „მე მათ შევპირდი, რომ როდესაც ამის სახსრები იქნებოდა, მაშინ გაკეთდებოდა. ნამდვილად არ უკავშირდებოდა ეს დაპირება წინასაარჩევნო კამპანიას“, - ირწმუნება ზვიად ხმალაძე.

ჩვენ საკრებულოდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რამდენი წერილი (კოლექტიური და ინდივიდუალური) არსებობდა სანიაღვრე არხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული საკრებულოში, რითაც ვიგებთ, რომ კონკრეტულ მოსახლეობას სანიაღვრე არხის მოწესრიგება სურს. გორის საკრებულოს ეს ერთადერთი მოთხოვნაც კი არა აქვს დაკმაყოფილებული. პასუხიც კი არავის გაუცია წერილობით მოქალაქეებისთვის.  ჩვენ ხელთ გვაქვს 2010 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი, სადაც გარკვევით წერია: „სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ - გამოყოფილია 736 700 ლარი. აღმაშენებლის ქუჩის #25 გარშემო მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ კვერნაქის ფერდობიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან წყალი მათ ეზოებში და სახლებში იტბორება: „ყველანაირი ნაგავი მოდის. რა აღარ მოაქვს ნიაღვარს. მათ შორის პრეზერვატივებიც. ეს ერთი პატარა რუ ვერ იტევს ამდენ წყალს და შემოდის პირდაპირ სახლებში“, - აცხადებენ საკრებულოში შეტანილი, ნამდვილი „კოლ 21“  განცხადების ავტორები.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს კოლექტიური განცხადება 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩაგვაბარა ქსეროასლის სახით. ჩვენ დამატებით მოვითხოვეთ აღნიშნული კოლექტიური განცხადების მოწოდება ელექტრონული ფოსტით დასკანერებული სახით, რასაც დედნის სახე ექნებოდა და ამ ფოტოს ინტერნეტ გვერდზე ფერადი სახით დავდებით. თუმცა, საკრებულომ ამაზე უარი გვითხრა და არ მოგვაწოდა აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებთა კოლექტიური განცხადების დასკანერებული ვარიანტი. დოკუმენტის დედანის სახით მოწოდების უარი დასაბუთდა იმით, რომ კოლექტიური განცხადება წარმოადგენს ხელნაწერს, ის არ შექმნილა კომპიუტერში და ამდენად არ არსებობს ამ დოკუმენტის ელექტრონული ფორმა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დოკუმენტების გაყალბება ისჯება კანონით, ხოლო დაინტერესებული პირებს შეუძლიათ პროკურატურას სწორედ დოკუმენტების გაყალბების მოტივით მიმართონ, რასაც აპირებენ კიდეც.

ოფიციალური ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობის კოლექტიური წერილი („კოლ-21“) -  18 მაისს შევიდა საკრებულოში. თუ სტალინის ძეგლის აღების კოლექტიურ წერილს მხედველობაში არ მივიღებთ, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებთა წერილის შემდეგ, მორიგი კოლექტიური წერილი საკრებულოში 27 მაისს შევიდა, რომელიც „კოლ-22“-ად არის დათარიღებული. აქედან გამომდინარე, არსებობდა მხოლოდ ერთი საშუალება - 18-27 მაისის შუალედში სტალინის ძეგლის დემონტაჟის მსურველი ადამიანების კოლექტიური წერილი ჩაემატებინათ სარეგისტრაციო ჟურნალში, რასაკვირველია (მათდა სამწუხარდ) - უკვე არსებული ნომრის მითითებით.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რითაც დასტურდება, რომ სტალინის ძეგლის აღების მომხრეთა კოლექტიური წერილი საკრებულოში ძეგლის აღების შემდეგ შევიდა. ჩვენ სტალინის ძეგლის აღების მომხრეთა კოლექტიური წერილი საკრებულოდან ორჯერ მივიღეთ. პირველად 2010 წლის 8 ივლისს,  მეორედ - 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში. პირველად მოწოდებულ კოლექტიურ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის რეზოლუცია არ ადევს. მასზე მხოლოდ კანცელარიის მიერ დასმული ბეჭედია შესაბამისი ნომრით. ხოლო მეორე ჯერზე მოცემულ ასლზე ერთად ზვიად ხმალაძის რეზოლუცია უკვე ჩანს. აქ გარკვევით წერია რეზოლუციის ადრესატის გვარი - ზ. დაღელაშვილი. აშკარაა, რომ სტალინის ძეგლის კოლექტიურ წერილს ზვიად ხმალაძემ რეზოლუცია 2010 წლის 8 ივლისის შემდეგ დაადო. ფაქტობრივად მას შემდეგ, როდესაც  ასლი ჩვენ ჩავიბარეთ, ხოლო ძეგლი უკვე 15 დღის აღებული იყო.

საკრებულო ირწმუნება, რომ ზურაბ დაღელაშვილის სახელზე რეზოლუციადადებული კოლექტიური წერილი 2010 წლის 16 ივნისს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. ეს ჯერ კიდევ ის საკრებულოა, რომელიც 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დაკომპლექტდა. თუ საკრებულოს ოფიციალურ დოკუმენტაციას ვერწმუნებით, 16 ივნისის სხდომა აღნიშნული საკრებულოს ბოლო სხდომაა. არა და, ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით მტკიცდება, რომ ეს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა.

სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სტალინის ძეგლის გადაადგილების შესახებ განკარგულების პროექტი სხდომაზე საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ დაღელაშვილმა წარადგინა. 24-კაციანი საკრებულოს შემადგენლობიდან სხდომას 17 წევრი, მათ შორის „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით რაზმაძე „ესწრებოდა“. დავით რაზმაძე ირწმუნება, რომ ის სხდომას ესწრებოდა, ოღონდ ხმა არ მიმიციაო. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ გაახმაურა 16 ივნისს სხდომის დეტალები ძეგლის აღებამდე (25 ივნისადმე), განაცხადა, რომ არ ეგონა „თუ ამას გაბედავდნენ“, ხოლო ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთისთვის“ შემდგომში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თვით საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმლაძემ სთხოვა ამ სხდომის გასაიდუმლოება.
 
საკრებულოს წევრების მხრიდან 16 ივნისის „სხდომაზე“ აზრი არავის გამოუთქვამს, გარდა დავით რაზმაძისა, „რომელმაც განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა საკითხი გამხდარიყო დისკუსიის თემა“. თუმცა ამ სიტყვების ავტორი ისე გამოვიდა საკრებულოს სხდომიდან ქალაქში, რომ ერთი სიტყვაც არავისთან დასცდენია - არც ჟურნალისტებთან, არც პარტიის წევრებთან. გორში მოქმედი ერთ-ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ დავით რაზმაძემ გორის მოსახლეობის წინაშე იმაზე მეტი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, ვიდრე თვით ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „დავით რაზმაძეს უდიდესი შანსი ჰქონდა, გამხდარიყო საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თუკი ის 16 ივნისის სხდომის დეტალებს სააშკარაოზე 25 ივნისამდე გამოიტანა, მაგრამ სამწუხაროდ ის ასე არ მოიქცა“, - ამბობს შალვა ტლაშაძე.

ჩვენ გორის რაიონულ სასამართლოს მივმართეთ თხოვნით, კომპანია „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ იმ სატელეფონო ზარების ამონაწერი მიგვეღო, რითაც გაირკვეოდა თუ სად იმყოფებოდნენ ტერიტორიულად 2010 წლის 16 ივნისის სხდომის დღეს, დღის 12 საათზე გორის საკრებულოს წევრები. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ამის უფლება არ მოგვცა და მიგვითითა, რომ ეს არის კომერციული და პირადი საიდუმლოება. სინამდვილეში, საკრებულოს წევრების კუთვნილი კორპორაციული ნომრები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სრული უფლება გვქონდა, „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ ანძების მეშვეობით, გაგვეგო სადავო პერიოდში საკრებულოს წევრების ნამდვილი ადგილსამყოფელის შესახებ.

რაც შეეხება ძეგლის გადაადგილების „განკარგულებას“ (#29), მას ზვიად ხმალაძე აწერს ხელს. ეს განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და იწოდება შემდგენაირად: „ქალაქ გორში სტალინის გამზირზე #1 შენობა-ნაგებობაზე განთავსებული ქანდაკების (ი.ბ. სტალინის) გადაადგილების შესახებ."  

განკარგულების გამოცემის პერიოდში, გორის საკრებულოს უნდა ემოქმედა იმ დროისთვის მოქმედ „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მიხედვით, რომელიც 2006 წლის 09 ნოემბერს იმავე მოწვევის საკრებულოს აქვს დამტკიცებული.

აღნიშნულ რეგლამენტში განმარტებულია, თუ რა პროცედურებს გაივლის საკრებულო ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის მიღების დროს. აღნიშნული რეგლამენტი გაუქმდა მას შემდეგ რაც 2010 წლის 28 ივლისს ახალმა საკრებულომ ახალი რეგლამენტი მიიღო.

კანონმდებლობის არცოდნა, თუ მოჩქარეს მოუგვიანდა?..
 
2010 წლის 16 ივნისისთვის მოექმედი რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოსთვის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის უფლება ჰქონდა:
ა) გამგებელს.
ბ) საკრებულოს ფრაქციას.
გ) საკრებულოს კომისიას.
დ) საკრებულოს წევრს.
როგორც 16 ივნისის სხდომის ოქმის მიხედვით ირკვევა, განკარგულების პროექტი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენია. საკრებულოს ნებისმიერ კომისიას თავისუფლად შეეძლო განკარგულების პროექტი, მოსახლეობის ხელმოწერების გარეშეც, წარედგინა და ძეგლის გადაადგილების ინიცირებით თავადვე გამოსულიყო. თუ რაში დასჭირდათ 1761 ხელმოწერის შეგროვება საკრებულოს, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
 
იმ დროს მოქმედი რეგლამენტის 75-ე მუხლის მიხედვით, წარსადგენი პროექტი საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე უნდა გადასცემოდა. მსგავსი რამ არ მომხდარა. სხდომის ოქმის მიხედვით, დაღელაშვილმა განკარგულების პროექტი სხდომაზე წარმოადგინა. ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს განკარგულების პროექტი იურიდიული სამსახურისთვის უნდა გადაეცა. იურიდიულ სამსახურს დასკვნა უნდა მოემზადებინა იმის შესახებ,  შეესაბამებოდა თუ არა პროექტი საქართველოს კანონმდელობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა საკრებულოს სხდომაზე ძეგლის გადაადგილების განკარგულების პროექტი განსახილველად შესულიყო. გარდა იურიდიული სამსახურის დასკვნისა,  ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დასკვნაც უნდა არსებულიყო. მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. სტალინის ძეგლის გადაადგილების შესახებ განკარგულება, როგორც დავინახეთ, გორის საკრებულოს იმ დროს მოქმედი რეგლამენტის 75-ე მუხლის უხეში დარღვევით მიიღეს.
 
ახლა ვნახოთ, რას ითვალისწინებს 2010 წლის 28 ივლისს დამტკიცებული რეგლამენტი, რომლის პუნქტებითაც საკრებულომ რატომღაც 16 ივნისს „იხელმძღვანელა“. ახალი რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიცირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარეს.
ბ) საკრებულოს წევრს.
გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).
 
როგორც ცნობილია, 1671 ხელმოწერა სწორედ პეტიციის წესით შევიდა საკრებულოში, მაგრამ ზემოთმოყვანილი რეგლამენტით, პეტიციის წესით ინიცირება მხოლოდ ნორმატიული აქტის მიღების დროსაა საჭირო. ამ შემთხვევაში საკრებულოს „დადგენილება“ უნდა მიეღო, და არა „განკარგულება“. დადგენილების მიღების შემთხვევაში, ეს ნორმატიული აქტი იუსტიციის საბჭოს ნორმატიული აქტების რეესტრში დაფიქსირდებოდა. „განკარგულებას“ კი ნორმატიული აქტების რეესტრში დაფიქსირება არ სჭირდება. სწორედ ამიტომაც საკრებულომ იოლ ფორმას მიმართა და განკარგულების სახე მისცა გადაწყვეტილებას. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1% მოთხოვნა მხოლოდ 2010 წლის 28 ივლისის შემდეგ იყო საჭირო, რადგან ამას ახალი რეგლამენტი ითხოვს. 16 ივნისს კი, როგორც ვნახეთ, ჯერ ისევ ძველი რეგლამენტი იყო ძალაში.

ასევე არ იყო დაცული ძველი რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები. საკრებულოს იურიდიულ სამსახურს საერთოდ არანაირი დასკვნა არ გაუკეთებია, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას.

ჩვენ ვიდეოზე გადავიღეთ საკრებულოს იურისტის ნიკა ადიკაშვილის სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2010 წლის მაის-ივნისში ადიკაშვილს არანაირი დასკვნა ან და წერილი არ მოუმზადებია და არ გადაუგზავნია საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად. ასევე არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას არანაირი სხდომა არ გაუმართავს და არც უმსჯელია საერთოდ შეესაბამებოდა თუ არა ზვიად ხმალაძის განკარგულების პროექტი საქართველოს კანონმდებლობას.

კოლექტიური წერილი ,,კოლ-365"
 
გორის „მოსახლეობის“ 1671 ხელმოწერილი კოლექტიური წერილის ასლი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც შევიდა. ესეც 2010 წლის 21 მაისითაა დათარიღებული. სარეგისტრაციო ნომრად აქ „კოლ-365“ მიენიჭა, რადგან გამგეობის აპარატი სხვა ნუმერაციით მუშაობს. გამგეობაში შესული კოლექტიური წერილი გამგებელმა ხმიადაშვილმა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს გივი ხუროშვილს და მის სპეციალისტებს დააწერა განსახილველად. 

შევეცადეთ, აქაც გაგვერკვია, საკრებულოს მსგავსად, სხვა კოლექტიური წერილის სარეგისტრაციო ნომერი ხომ არ მიანიჭეს გამგეობაში. ჩვენდა გასაოცრად, აქ კოლექტიურ წერილებისთვის სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც აკინძულია და შესული წერილები თანმიმდევრობით თარიღდება, არ არსებობს. ანალოგიური სიტუაციაა საკრებულოს აპარატში. „სარეგისტრაციო ჟურნალში მხოლოდ წერილები (და არა კოლექტიური განცხადებები) შეგვაქვს. კოლექტიური განცხადებები არ არის წერილები. ისინი არის „განცხადებები“. თქვენ როდესაც მოგაქვთ წერილი და აწერია „განცხადება“, ჩვენ მას მხოლოდ საკონტროლო ბარათზე ვაფიქსირებთ და ჟურნალში არ შეგვაქვს“, - გვითხრეს კანცელარიის თანამშრომლებმა.

ჩვენ ვთხოვეთ, საკონტროლო ბარათები ეჩვენებინათ. საკონტროლო ბარათები კი წარმოადგენს ე.წ. კონვერტებს, რომლებიც არც აკინძულია და არც თანმიმდევრობაა დაცული. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება ამ საკონტროლო ბარათების შეცვლა იმგვარად, რომ არც თანმიმდევრობას შეექმნას საფრთხე და არც „აკინძვას“. უფრო მეტიც, აღნიშნულ საკონტროლო ბარათზე აღნიშნულია, რომ გამგეობაში შესული „კოლ-365“ წერილი 2010 წლის 7 ივლისს უკვე შესრულებულია. რა იგულისხმება ამ „შესრულებაში“ ჩვენ ამის გარკვევა ვცადეთ. ფაქტობრივად, სტალინის ძეგლი დღესაც არ დგას მისივე მუზეუმის ეზოში.

რატომ მისცა ამ კოლექტიურ განცხადებას გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა ვიზა ინფრასტრუქტურის სამსახურში, როცა ქვემდებარეობის პრინციპით წერილი საკრებულოში უნდა გადაგზავნილიყო, რადგან ახალი სამართლებრივი აქტის მისაღებად საკრებულოს უნდა ეზრუნა? საკრებულომ კი როგორც განიხილა ეს საქმე, უკვე ვნახეთ.

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, ვისაც ეს განცხადება თავის დროზე შესასრულებლად დაეწერა, გივი ხუროშვილი აღარ მუშაობს. თავის მხრივ, გივი ხუროშვილმა განცხადება შესასრულებლად ზურაბ ჯალაღანიას დააწერა. ზურაბ ჯალაღანიამ გაიხსენა, რომ მან მხოლოდ პროექტი მოამზადა იმის შესახებ, თუ როგორ იქნებოდა წარმოდგენილი ძეგლი მუზეუმის ეზოში: „ჩემი პროექტი განიხილეს გამგეობაში. სხდომაც ჩატარდა, სადაც მოსახლეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დანარჩენი დეტალები მე უკვე აღარ ვიცი“, - ამბობს ზურაბ ჯალაღანია. ჩვენ ვერსად აღმოვაჩინეთ გამგეობაში ჩატარებული ასეთი სხდომის დამადასტურებელი ოქმი. მან კვლავ კანცელარიისკენ მიგვითითა, სადაც შეიძლებოდა გაგვერკვია, რას ნიშნავდა მოსახლეობიდან შესული განცხადების „შესრულება“. ფაქტია, რომ ძეგლი დღესაც არ დგას მუზეუმის ტერიტორიაზე, არა და გამგეობა ირწმუნება, რომ მოსახლეობის თხოვნა „შესრულდა“.

აი, ასე მოხდა სტალინის ძეგლის დემონტაჟი „იურიდიულად“. ფაქტობრივად, მას შეეწირა დავით აღმაშენებლის გამზირზე, #25-საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მოსახლეობის მოთხოვნა, საიდანაც სანიაღვრე არხის მოწესრიგებას ითხოვდნენ. ფაქტობრივად, საკრებულოში აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებელთა კოლექტიური განცხადების დედანის გაქრობას ცდილობენ.  საკრებულომ უარი გვითხრა მის დასკანერებული ვარიანტის მოწოდებაზე. ჩვენ კი მხოლოდ საკრებულოდან ოფიციალურად მოწოდებული ქსეროასლი გვაქვს, რომელიც შემთხვევით უფრო ადრე გვაქვს მიღებული, ვიდრე ძეგლის აღებასთან დაკავშირებული საბუთების „შეგროვება“ დაიწყებოდა.

გორში მცხოვრები გოგი დალაქიშვილი ამბობს, რომ 1930-იან წლებში ჩატარებული რეპრესიების პერიოდში საბჭოთა კავშირში ჩამოსული უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც რეპრესირებულთა სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ, გაოცებულები იყვნენ შეკერილი საქმეების „ობიექტურობით“ და „სიმყარით“. დემოკრატიის პირობებში კი, რა გამყარებული არგუმენტები და ობიექტურობა ჩანს იოსებ ჯუღაშვილის მონუმენტის დემონტაჟთან დაკავშირებულ საბუთებში, ამის შესახებ შევეცადეთ, ნათელი სურათი გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის.

სტატია დაფინანსებულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სტუდია ,,მონიტორის" პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები