კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება გალოგრეების გავლენიანი ბათუმური კლანის წინააღმდეგ ილაშქრებს

2 ნოემბერი, 2010
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ბათუმელები რუსლან გალოგრეს დაკავებას ხელისუფლების მიერ გალოგრეების ოჯახისთვის იმ სასტუმროს ჩამორთმევის სურვილს უკავშირებენ, რომელიც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რუსლანის ძმამ - საქართველო-თურქეთის საბაჟოს ყოფილმა უფროსმა, რამდენიმე წლის წინ გარდაცვილმა ოლეგ გალოგრემ ააშენა.

სასტუმრო „გალოგრე“, რომელიც ბათუმის ცენტრში მდებარეობს, განახლებული სახით შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. მაშინ საზეიმო ცერემონიალში პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. სწორედ „გალოგრეს“ აივნიდან ბრძანა სააკაშვილმა მე-3 საჯარო სკოლის შენობის (მისი აზრით - სიმახინჯის) აღება და ამ ტერიტორიაზე ბათუმის ისტორიული უბნის გამშვენება. სწორედ ამის შემდეგ წარმოიშვა „პიაცას“ იდეა, რომლის მშენებლობაც „გალოგრეს“ გვერდით დღესაც მიმდინარეობს.

მაშინ სასტუმროს მენეჯმენტს ბათუმის „ოილ ტერმინალი“ განაგებდა. დღეს კი მენეჯმენტს გალოგრეს ოჯახი მართავს.

აღსანიშნავია, რომ რუსლან გალოგრეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან ამ ოჯახისთვის სასტუმროს ჩამორთმევის შესახებ. რადგან „პიაცას“ მოედანს ლამის სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი აქვს, ხოლო ქონების ექსპროპრიაცია ჩვენ დროში უცხო არ არის. ბათუმში ვარაუდობენ, რომ დაპატიმრება ამას უკავშირდება. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

რაც შეეხება თავად რუსლან გალოგრეს, იგი 62 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რუსლან გალოგრე ბიზნესს აღარ ეწეოდა, ჰქონდა მხოლოდ ორი მაღაზია ზ. გამსახურდიას ქუჩაზე და სასტუმრო „გალოგრეში“ ერთ-ერთ მენეჯერად მუშაობდა.

ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცველები მას ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ, რაც სრული აბსურდია. „რუსლანს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი არც ბიზნესთან, არც თანამდებობის პირებთან და პოლიტიკასთან, მით უმეტეს - სამხედრო პირებთან. ასე რომ, მომხდარის გამო გაოცებული ვარ“,- აცხადებს დაკავებულის დეიდაშვილი ანზორ კუდბა.

თავის მხრივ, დაკავებულის ადვოკატის, ლორდი ლებანიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, მას ბრალდება 316-ე მუხლით აქვს  წაყენებული, თუმცა ბრალი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის, საქმე ძიებაშია და მის დასრულებას სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლი კი ისეთი კატეგორიის დანაშაულს ითვალისწინებს, როგორიცაა სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. პირველ შემთხვევაში, საპატიმრო ვადა 5-დან 8 წლამდეა განსაზღვრული, მეორე ნაწილში კი (სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ სამხედრო ძალის ან ტექნიკის უკანონო გადაადგილება, ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ან კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა) დანაშაული თავისუფლების 7-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

რუსლან გალოგრესთან ერთად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა 15 ოქტომბერს ბათუმში კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის ადგილობრივი სომხური დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი არმენ გევორქიანიც დააკავა. დაკავებულები იმ დღესვე თბილისში გადაიყვანეს.

არმენ გევორქიანი ბათუმში სომხურ დიასპორას 1998-2004 წლებში ხელმძღვანელობდა და ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან მოშორების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მას იგივე - ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე პატარა მარკეტი ჰქონდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დაკავებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ახმაურებს და პირობას დებს, რომ განცხადებას 5 ნოემბერს გაავრცელებს. რატომ მაინცდამაინც 5 ნოემბერს, ამას არ განმარტავს.

„როიტერის“ მიერ გასულ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, ოცამდე პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ბოლო თვეებში ბათუმში ჯაშუშობის ბრალდებით მოქალაქეებს უკვე მეორედ აკავებენ. კერძოდ, 2010 წლის 13 მაისს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის არმიის სამი ყოფილი თანამშრომელი -  გადამდგარი პოლკოვნიკი, დედით ებრაელი მიხეილ ვიალოვი, ასევე გადამდგარი პოლკოვნიკი იური სკილნიკოვი და რუსეთის ყოფილი მე-12 სამხედრო ბაზის მეთაურის, გენერალ ბორისოვის მძღოლი იური მალჩუკი დააკავა. სკილნიკოვი და მალჩუკი რუსეთის მოქალაქეები არიან და ბათუმში მუდმივი მცხოვრებლის სტატუსით ცხოვრობენ.

თუ რუსლან გალოგრესთან მიმართებაში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ საქმე სავარაუდოდ, მისი ძმის - აწ გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს რუსულ კავშირებს უნდა შეეხებოდეს. მას თავის დროზე, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობისას, მოსკოვში სერიოზული კავშირები ჰქონდა. აბაშიძის ხელისუფლებიდან მოშორების შემდეგ გალოგრე, ხელისუფლების სხვა გავლენიანი მაღალჩინოსნების მსგავსად, არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონების კოსმიური მასშტაბების შესახებ ბათუმში ლეგენდები დღესაც დადის.

აბაშიძის ეპოქის დასრულების შემდეგ გალოგრეებმა მოსკოვში გადაინაცვლეს. ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში ოლეგ გალოგრეს რუსეთის ფედერაციის საბაჟოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და უძრავი ქონების მსხვილი ბიზნესის წარმოებას განაგრძობდა, ხოლო ბოლო წლებში საქმეთა წარმოება მის ვაჟს - გიგას გადააბარა. თუმცა, სავარაუდოდ, ოლეგ გალოგრეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთანაც „დალაგებული“ ჰქონდა ურთიერთობები, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ქალიშვილი - ნატალია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასლან აბაშიძის დროს გალოგრეებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ბათუმში მოქმედ კიდევ ერთ გავლენიან კლანთან - კოდუებთან. თუმცა, ამ უკანაკსნელთაგან  განსხვავებით, გალოგრეებმა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესის უცხოეთში წარმოება ამჯობინეს და აჭარაში ამ მხრივ ინტერესები აღარ ჰქონიათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, გალოგრეების ქონება, ძირითადად - რუსეთში, ასევე შვეიცარიასა და ინგლისში არსებული უძრავი საკუთრების ჩათვლით დღემდე მილიონებს ითვლის, ხოლო სასტუმრო „გალოგრე“ აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს თავის დროზე არა იმდენად კომერციული ინტერესით, არამედ ბათუმის სიყვარულის გამო აუშენებია, სადაც მან და მისმა ოჯახმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა.

კონკრეტულად რას შეიძლება, უკავშირდებოდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გალოგრეების გავლენიანი ოჯახის წინააღმდეგ გალაშქრება და კიდევ რა ობიექტები შეიძლება, მოხვდეს „ჩამოსართმევთა“ სიაში, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გალოგრეების მძლავრი უცხოური კონტაქტების გათვალისწინებით, საეჭვოა, მას ბევრი რამ ჩამოერთვას.

ახალი ამბები