კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტოტალური სახელმწიფო კონტროლი უცხოეთიდან გადმორიცხულ ფულზე

2 ნოემბერი, 2010
რუსიკო მაჩაიძე, გაზეთი „რეზონანსი“

ფულადი გადარიცხვები საქართველოში, ძალიან მალე, გარკვეულწილად, ტერორისტული ქმედებების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად, დეპუტატი თორთლაძე ათი ათასი ლარის ზემოთ გადარიცხვების საყოველთაო და ყოველდღიურ კონტროლს ითხოვს. მის ამ ინიციატივის კი ეჭვის თვალით არა მარტო ექსპერტები და ოპოზიცია უყურებს, არამედ თავად უმრავლესობის წევრები.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თორთლაძის „თავისუფლების ქარტია“ პარლამენტმა პირველი მოსმენით ისე მიიღო, წინააღმდეგ ხმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის. თემურ წურწუმიას გარდა, არავის მიუცია.

წურწუმია საკუთარი პოზიციის არგუმენტად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, კანონპროექტში ბევრი საკითხია დასაზუსტებელი და დასაკონკრეტებელი, წარმოდგენილ ვარიანტს კი, იგი მხარს ვერ დაუჭერდა.

კერძოდ, მას არ მოსწონს ის გარემოება, რომ კანონპროექტი თანახმად, უნდა გაკონტროლდეს ყველა ის გზავნილი, რომელიც 10 000 ლარს აღემატება. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, რადგან ფაქტია, ეს დათქმა ინვესტორებისთვის მიმზიდველი ნამდვილად არ იქნება.

გარდა ამისა, წურწუმია აკრიტიკებს კანონპროექტის „ლუსტრაციის კანონის“ ნაწილში გარკვეულ თანამდებობებზე არსებულ შეზღუდვებს. მისი თქმით, იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ბევრი ადამიანი მუშაობდა ცეკაში და ამ მხრივ მათი შეურაცხყოფა მიუღებელია.

წურწუმია ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ ეს საკითხები კანონპროექტში ჩასწორდება და ბევრი კონკრეტიკა შევა, მაშინ მან შესაძლოა „თავისუფლების ქარტიას“ მხარი დაუჭიროს.

გია თორთლაძის „თავისუფლების ქარტია“ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონსა და ე.წ. „პატრიოტის აქტს“ აერთიანებს. კანონპროექტი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით, სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და რიგ სხვა ინიციატივებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტში თითქმის ერთი წელია, ინიცირებულია. რამდენიმე კვირის წინ კი, თორთლაძემ პროექტს კიდევ ერთი ინიციატივა დაამატა, რომლის თანახმად, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური სიმბოლიკა კანონით უნდა აიკრძალოს.

სხვა საკითხია, ეს სიმბოლიკა ქვეყანაში ტერორიზმს რამდენად უწყობს ხელს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ სამბოლიკის აკრძალვა ანტიტერორისტულ ქმედებად არის დასახული. მაგრამ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში, საინტერესოა, თავად საბანკო გადარიცხვების კონტროლი, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან ფართო კონტინგენტს უნდა შეეხოს.

კანონპროექტის მეექვსე მუხლში, სადაც ტერორიზმის პრევენციაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ „ტერორიზმის დაფინანსების, ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მიწოდების გამოვლენის აღკვეთის მიზნით: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა ბანკმა და კომერციულმა ბანკებმა ანტიტერორისტული ღინისძიებების და დანაშაულის პრევენციის და ტერორისტული აქტების, ტერორისტული ორგანიზაციების დადგენისა და დაფინანსების წყაროების გამოვლენის მიზნით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მოქალაქეებზე და პირებზე საქართველოდან უცხოეთში დიდი ოდენობით წარმოებულ საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში და სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესახებ, დაუყოვნებლივ ინფორმაციის წარდგენა შინაგან საქმეთა სამინისტროში“.
 
ეს ჩანაწერი კი საკმაოდ ბევრ პრობლემას აჩენს. მათ შორის მთავარ პრობლემად მიიჩნევა ის, რომ მოხდება ადამიანების ტოტალური გაკონტროლება, ვინაიდან, ამ ჩანაწერის თანახმად, საუბარია არა მხოლოდ ათი ათას ლარიან გადარიცხვებზე (კანონმდებლობითგანსაზღვრულია, რომ ტერმინი „დიდი ოდენობა“ გულისხმობს 10 000 ლარს და ზემოთ თანხას), არამედ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შსს-ს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია „სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესახებ“. ეს კი უკვე ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს შსს.

სწორედ ამიტომ ამ ჩანაწერში „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ადამიანების დაშანტაჟების საფრთხეს ხედავს.

მისი თქმით, აქამდე მსგავსი კანონი იმიტომ არ მიიღებოდა, რომ არქივებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს მისი არქივის გამოაშკარავების სურვილი გაუჩნდეს და იმ ადამიანის დასაშანტაჟებლად გამოიყენოს, ვის შესახებაც შესაძლოა, მას გარკვეული მასალები ჰქონდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებულ მუხლს, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ „ეს პირველ რიგში საფრთხეს შექმნის მეწარმეებისთვის, ვინაიდან გააჩენს შიშს. გაუგებარია ისიც, რომ მეწარმეებმა ეს დეკლარაცია შსს-ში უნდა წარადგინონ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც დამატებითი წნეხი და ჩვენ ახალი წნეხების შემოღება ნამდვილად არ გვჭირდება“.

„რაც შეეხება საბანკო გადარიცხვებს, ეს ისედაც რეგულირდება, მაგრამ დღეს კომერციული ბანკი ვალდებულია, 25 ათასზე მეტის გადარიცხვის შემთხვევაში აცნობოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში კი უკვე ადრესატი იცვლება და ხდება თანხის შემცირება. ამიტომ მე ვფიქრობ, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ. თუკი საუბარია საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე, ისიც უნდა დავთვალოთ, რა დაჯდება ამის განხორციელება. გამოდის, რომ პარლამენტის შენობა საერთოდ უნდა დავანგრიოთ და უნდა ვიცოდეთ, ეს დანგრევა რა დაჯდება“, -აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

აღსანიშნავი ის არის, რომ დაახლოებით ასეთივე პოზიცია აქვს უმრავლესობასაც და მიაჩნიათ, რომ ამ კანონში ბევრი საკითხია შესაცვლელი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 12 ცვლილების შეტანას ითხოვს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აქცენტს სწორედ გადარიცხვებზე აკეთებს.

არსენიშვილის თქმით, მას ესმის გია თორთლაძის სულისკვეთების, მაგრამ კანონპროექტმა გარკვეულ ადამიანებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს. სწორედ ამიტომ მას მიაჩნია, რომ კანონპროექტმა მაღალი იურიდიული მონიტორინგი უნდა გაიაროს, რათა ადამიანების უსამართლო შეურაცხყოფის ალბათობები გამოირიცხოს.

„ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, ყველა ადამიანი პირველ რიგში ადამიანია“, - აცხადებს არსენიშვილი.

მიუხედავად ამ შენიშვნებისა, კანონპროექტს პირველი მოსმენით უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა, რაც უკვე პრეცედენტადაც შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ინიციატივას, როგორც წესი, ასე მარტივად არ ამტკიცებს ხოლმე.

გადარიცხვებთან დაკავშირებულ ახალ ნორმას ექსპერტები საკმაოდ პრობლემურად მიიჩნევენ. როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და, რაც მთავარია, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ნორმა შედეგიანი არ იქნება არც ანტიტერორისტული თვალსაზრისით.

„თანხები, რასაკვირველია, უნდა გაკონტროლდეს. ეს ეხება იმ ქვეყნებს, სადაც პოტენციური საშიშროებაა (ტერორისტული) ქსელების შექმნისა. რასაკვირველია, ჩვენთან გარკვეული ტერორისტული საშიშროებები არსებობს და კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ ფინანსური გზავნილების კონტროლი არაეფექტური მგონია. როგორც იცით, ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთ არის და იქიდან რომ ფულს აგზავნის, ყველა ამ გზავნილის გაკონტროლება საკმაოდ სერიოზული სამუშაო იქნება და ისე არ გამოვიდეს, რომ სათანადო ორგანოები ძირითადი სამუშაოდან ამაზე არ გადაერთონ”, - აცხადებს ექსპერტი ანტიტერორისტულ საკითხებში ბადრი ნაჭყებია.

გარდა ამისა, იგი აქცენტს აკეთებს, რომ „სერიოზული ტერორისტული აქტი შეიძლება გაკეთდეს მიახლოებით 50 თეთრადაც. ამის ტექნოლოგია, რასაკვირველია, არსებობს. ამიტომ თანხების გადარიცხვის კონტროლი მაინცდამაინც ეფექტური არ იქნება. აქ სხვა ღონისძიებებია საჭირო. ათი ათასი ლარი კი არა, თუ საეჭვო პირია, ხუთასი ლარის გადარიცხვაც უნდა გაკონტროლდეს და ასი ლარისაც. მაგრამ ეს მძიმე ტვირთად დააწვება თავად ამ ორგანოებს“.

როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, ამ სიახლეს საკმაოდ დიდი უკუეფექტი შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და, რაც მთავარია, ამ ნორმის პოლიტიკური მიზნით გამოყენება იქნება შესაძლებელი.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ლატარიაში ან რომელიმე სათამაშო აპარატში მოგებულ თანხასაც კი არ აძლევს მოქალაქეებს და ცდილობს აქედანაც თავისი წილი მიიღოს, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით შეეცდება ნებისმიერი ადამიანის შემოსავლიდანაც რაიმე ”სიკეთის” ნახვას. ამიტომაც არადამაჯერებელია საუბარი იმაზე, რომ ათი ათასიანი გადარიცხვის კონტროლით ტერორი გაკონტროლდეს. ეს უბრალოდ ჩვენი ხელისუფლების დაკნინების მაჩვენებელია. ამ წლების განმავლობაში მილიონებს უთვალთვალებდნენ და ახლა ათი ათასი გაუხდათ სათვალთვალო. ძალიან მალე ათ ლარსაც გამოეკიდებიან სხვის ჯიბეში.

„მე პირადად ბატონ თორთლაძეს ვურჩევდი, რომ სხვის ჯიბეში ათი ათასის ძებნას, თავად სახელმწიფოს მიხედოს. ანტიკრიზისული სამსახურის ხელმძღვანელი ხელს ნუ უწყობს ქვეყანაში კრიზისების შექმნას. ჯერ იმას მიხედოს, რომ თავად სახელმწიფოს ქონება კი არა, სახელმწიფოს სტრატეგიული ღირებულება სულ მალე შანხაის ბირჟაზე გადაირიცხება. მაშინ, როდესაც მთელ ჩვენს ღირებულებას, რაც კი გაგვაჩნია შთამომავლობისთვის დასატოვებლად უპირობოდ ვაძლევთ რუსებს, ამის მაგალითი ბევრია და ახალა ამაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ. ამიტომ დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ბატონ გილაურს, სად მიაქვს ქვეყნის მილიარდები და მერე გამოეკიდოს იმ ჩემს ათი ათასს, თუკი ჩემი ოცნება ასურლდა და ვინმეს ეს თანხა გადმომირიცხა“, - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

თავად თორლაძე კი აცხადებს, რომ მისთვის ეს არგუმენტები გაუგებარია. თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, შეიძლება ათი ათას ლარიანი ზღვარი 25 ათასამდე გაიზარდოს.

„თანხის რაოდენობა მნიშვნელოვანი არ არის. რა თანხაც არ უნდა იყოს, საუბარია იმაზე, რომ როდესაც მიმღები ვერ ასახელებს, საიდან მიიღო თანხა, ეს ქმნის პრობლემას და ეს არის ქვეყნისთვის სახიფათო. არაფერ შუაში არ არის აქ არალეგალური ემიგრანტები. არავინ არ რიცხავს ამხელა თანხას და ისინი თუ რიცხავენ, ზუსტად იციან, რომ მათი გადმორიცხულია და ოჯახის წევრები თავისუფლად ასახელებენ.

„მე ასეთი სისულელეც მოვისმინე, რომ თურმე, ადამიანები არალეგალურად არიან და თუ გადმორიცხავს, მათ პრობლემა შეექმნებათ. როგორ შეექმნებათ?! მათი არარეგალურად ყოფნა არანაირი კავშირში არ არის ამ კანონპროექტთან. აქ მიმღებს უნდა შეეძლოს, თქვას, საიდან მიიღო. ეს არ უნდა იყოს დახურული ანგარიშიდან. მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის სხვა მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერ ქვეყანაში ვერ შეიტანს 10 ათას დოლარზე მეტს, თუ არ დაასახელებს მის წარმომავლობას. მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ტერორის საფრთხე და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი შვილები ამ საფრთხისგან დავიცვათ“, - აცხადებს გია თორთლაძე.

ახალი ამბები