კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი აქცია პარლამენტის წინ

3 ნოემბერი, 2010

სალომე აჩბა

პოლიტპატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეიკრიბნენ უფლებადამცველები, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება იყო. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტპატიმრებს და ისაუბრეს უმძიმეს ვითარებაზე, რაც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს. 

„ვითარება დღითიდღე უარესდება. არსებულ პოლიტპატიმრებს კიდევ ახლები დაემატნენ. ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ეს შეფასება, მაგალითად, „ეროვნული ფორუმის“ წევრის ზაზა ჩაკვეტაძისა და სოზარ სუბარის ძმის - ვახტანგ სუბელიანის მიმართ. როგორც ირკვევა, ფაქტობრივად არ არსებობს მათი დაპატიმრების არანაირი საფუძველი. ძალიან ცუდი ტენდენციაა და სამწუხაროდ, უკეთესობისკენაც არაფერი იცვლება“, - განაცხადა „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა.

აქციას ესწრებოდა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელი, თემურ ლომსაძე, რომელსაც ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  წლების განმავლობაში იგი სახალხო დამცველის მოადგილე, ერთხანს კი - მოვალეობის შემსრულებელიც იყო. ლომსაძის შეფასებით, ისეთი მძიმე ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი, საქართველოში არასოდეს ყოფილა: „დღეს უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს, რომლებსაც სხვადადხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიანიჭეს პოლიტპატიმრის სტატუსი. მიუხედავად ამისა, მაინც უმძიმესი მდგომარეობაა ამ კუთხით და უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. მე ვფიქრობ,  პირველ რიგში, ჩვენ - უფლებადამცველებს გვევალება, მივმართოთ სერიოზულ ღონისძიებებს, რათა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ქვეყანაში“.

აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული სამხედრო ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას მეუღლე, ელენე მაღრაძეც. „ჩვენ, როგორც პოლიტპატიმრის ოჯახის წევრები, ვალდებულნი ვიყავით, მოვსულიყავით და სოლიდარობა გამოგვეცხადებინა სხვა პოლიტპატიმრებისთვის. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს საქართველოში 50-ზე მეტი პოლიტპატიმარია. ისეთ ქვეყანასა და ხელისუფლებას კი, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია, არ ეკადრება ამდენი პოლიტპატიმარი“, - განაცხადა მან. 

30 ოქტომბერს პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტპატიმართა სოლიდარობის დღე 1991 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს, მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციებითა და შკერებებით იხსენებენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით კომუნისტური მმართველობის პერიოდში იდევნებოდნენ. ბევრმა ქვეყანამ, ვინც ამ დღეს აღნიშნავს, პოლიტპატიმრების პრობლემა შორეულ საბჭოთა წარსულში დატოვა. საქართველოში კი ეს საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია. საზოგადოების ნაწილი, ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტპატიმრების დაუყოვნებლად გათავისუფლების მოთხოვნით აღნიშნავს დღეს, რომელიც საბჭოთა ავტორიტარიზმის პირობებში დაარსდა.

ახალი ამბები