კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწარმეთა დაპატიმრებები და საკუთრების ხელყოფა საქართველოს იმიჯს ლახავს

3 ნოემბერი, 2010
შორენა ლათათია

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს ყოველწლიურად უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია იკვლევს.  მსოფლიო ბანკის 2010 წლის ანგარიშით (Doing Business 2010), საქართველოს ბიზნესგარემო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. 2008 წლის მონაცემებით კი იგი მე-18 ადგილს იკავებდა. წინ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში უარყოფითი  ტენდენციები უფრო  მეტად შეინიშნება.

2010 წლის 5 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 55 ინდ/მეწარმე დააკავა, რომელთაგან სასამართლომ 37-ის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, დანარჩენები კი დაკავებისთანავე გაათავისუფლეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაცის“ იურისტი გიორგი ცინტიას დაკავებულ ინდ/მეწარმეების ნაწილს იცავდა. მისი თქმით, პირის დაკავებისათვის აუცილებელია, მის მიმართ არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. ასევე, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის მიიმალება, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან  ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

„შეუძლებელია, დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ თითოეული დაკავებულის მიმართ თანაბრად მოდიოდა იმ დონის საფრთხე, რაზეც კანონი მიუთითებს და რამაც, შესაბამისად, გამოიწვია მათი დაკავების აუცილებლობა. ამასთან, ისინი თავდაპირველად დააკავეს არა ბრალდებულის, არამედ მოწმის სტატუსით, რაც კიდევ უფრო გამორიცხავს მათი დაკავების აუცილებლობას. შექმნილი ფაქტობრივი გარემოებებით გვიჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ დაკავებისას გამოყენებული იყო არაადეკვატური ძალა და შეილახა დაკავებულ პირთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - თავისუფლების ხელშეუხებლობა“, - ამბობს გიორგი ცინტია. 

„დაკავებულ ინდ. მეწარმეებს ბრალად დოკუმენტების გაყალბება წაუყენეს, რაც იმით გამოიხატა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ხელს აწერდნენ უკანონოდ შედგენილ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი თურქულ ენაზე იყო შედგენილი და ბევრმა მათგანმა არც კი იცოდა, რას აწერდა ხელს. საგადასახადო პოლიტიკა მცირე მეწარმეების მიმართ ლოიალური უნდა იყოს, 5 ოქტომბერს დაკავებულ ინდ. მეწარმეებს კი გირაოს სახით 5000 ლარის გადახდა მოუხდათ. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინდ/მეწარმეების  ნახევარზე მეტი არ ან ვერ შეძლებს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას, რითაც საბოლოო ჯამში  საქართველოს  ბიუჯეტი  დაზარალდება“, - ამბობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

ხელისუფლებაში სხვაგვარად ფიქრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მიხეილ ცქიტიშვილი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან  (IWPR) საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები სწორედ ბიუჯეტის შესავსებად არის საჭირო: „პოსტსსაბჭოთა ქვეყნებს შორის,  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ბიზნესის დაწყება და წარმოება საქართველოში ძალიან ადვილია და რაც მთავარია, კორუფციის დონე ძალიან დაბალია. იგი თითქმის არ არსებობს. რაც შეეხება 5 ოქტომბერს და ზოგადად მეწარმეების დაკავებას, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. ქვეყნის ბიუჯეტის შესავსებად აუცილებელია, მოხდეს გადასახადების ადმინისტრირება. სახელმწიფოსგან ვინც თუნდაც ერთ ლარს მალავს, ის ჩემთვის დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს“. 

„საქართველოს ბიუჯეტში საპროცესო გარიგებებით უფრო მეტი თანხა შედის,  ვიდრე მთელ ტერიტორიაზე მიწის გადასახადით, რაც თავისთავად გამორიცხავს  ქვეყანაში  ბიზნესგარემოს თავისუფლებას. საბაზრო ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მორყეულია“, - მიაჩნია დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს. 

გიორგი ცინტიას თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 2010 წელს საქართველოში ინვესტიციების შემოდინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით და ქვეყნაში არსებული არასტაბილური მდგომარეობით აიხსნება: „ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვან დადებით სიახლეს ახალი საგადასახადო კოდექსი წარმოადგენს, რომელიც ძალაში 2011  წლის 1 იანვრიდან შევა. მოქმედი საგადასახადო კოდექსის  ზოგიერთი ნორმა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებოლობას იძლევა. მსხვილ მეწარმეებს აქვთ რესურსი, რომ პროფესიონალი იურისტები დაიქირაონ და საგადასახადო საკითხების მოგვარება მათ მიანდონ,  მცირე და საშუალო მეწარმეებს კი - არა.  ამის გამო,  ხშირად საგადასახადო კოდექსი არა გამიზნულად არამედ შეცდომით ირღვევა. ძალიან ბევრს სამართლის ნორმას ორი ან მეტი იურიდიუ8ლი განმარტება შეიძლება მოუძებნო. ახალი კოდექსით, აღნიშნული სირთულეები მაქსიმალურადაა დაძლეული და იგი უფრო მეტად მცირე და საშუალო მეწარმეებზეა მორგებული“.
 
ახალ საგადასახადო კოდექსს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი: „ახალი კოდექსი მსხვილ ბიზნესზეა მორგებული და მასში მკვეთრადაა გაზრდილი ჯარიმების მოცულობა, რაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს უკავშირდება, საკუთრების უფლებაა. საბაზრო ეკონომიკა და ბიზნესგარემო საკუთრების უფლებით იწყება, დღეს კი საქართველოში საკუთრების უფლება ხშირად ილახება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლის, ეკა ბოკუჩავას თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საკუთრების უფლების ხელყოფის  ფაქტები: „ამ ეტაპზე ძალიან აქტუალურია საკურორტო ზონაში, მაგალითად - ანაკლიაში მცხოვრები მესაკუთრეების ბედ-იღბალი. მათ  მოულოდნელად შეიტყვეს, რომ წლების განმავლობაში საჯარო რეესტრში მათ სახელზე რეგისტრირებული საკუთრება ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზეა გადასული. დავის გადაწყვეტას ისიც ართულებს, რომ საჯარო რეესტრს  არ  გააჩნია შესაბამისი ბაზა, რითაც ძველი და ახალი მესაკუთრეების შედარება მოხდებოდა, მაგრამ ეს ხომ არ არის მესაკუთრის პრობლემა?! ასეთ საქმეებში პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს ბრალი. არის ასევე შემთხვევები, როცა მოქალაქეები მათ მფლობელობაში არსებულ საკუთრებას ვერ იკანონებენ. ამის მიზეზი, როგორც წესი, გაუგებარია“.

„საქართველოში იკლო კორუფციაში ჩართულ პირთა რაოდენობამ, მაგრამ არ შემცირებულა კორუფციის ნაკადში შემავალი თანხა. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს პრივატიზაციასთან დაკავშირებული მოწესრიგებული კანონმდებლობა და ეს პროცესი სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

„საქართველოს ბიზნესგარემოს საერთაშორისო რეიტინგი საკმაოდ მაღალია. აქ ბიზნესის კეთების, ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის საკმაოდ გამარტივებიული პროცედურებია. მაგალითად, ბიზნესის დაწყებისათვის მხოლოდ 3 დღეა საჭირო, რაც მისასალმებელია. თუმცა, პრაქტიკულად,  ბიზნესს არაერთი სირთულეები ახლავს თან. მაგალითად, არ არსებობს იაფი საკრედიტო სისტემა და საგადასახადო ორგანოებთან საქმის წარმოებაც ხშირად ძალიან რთული და დროში გაწელილია. განსაკუთებით ცუდ მდგომარეობაში კი მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, მათი დაკავებები და დაჯარიმებები, როგორც წესი, მაშინ მატულობს, როცა ქვეყანაში ბიუჯეტის შევსების დრო დგება“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.

„საქართველოში წარმატებული ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია, არსებობდეს სახელმწიფო სტრუქტურების კეთილი ნება. მათი დახმარებისა და მათთან თანამშრომლობის გარეშე წარმატებულ ბიზნესზე საუბარი გამორიცხულია.  ვერ გეტყვით, რომ ეს მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. ეს ტრადიცია ადრეც არსებობდა. იცვლებიან ხელისუფლებები მაგრამ არ იცვლება ის მადა, რომელიც შემოსავლების კონტროლზე ახდენს ზეგავლენას“,  - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

ამრიგად, ექსპერტთა ნაწილი საქართველოში ბიზნესგარემოს ძირითად პრობლემებსა და სირთულეებს მეტწილად არა კანონმდებლობას, არამედ პრაქტიკას უკავშირებს. ამავე დროს ვერსად გავექცევით ფაქტებს - საკუთრების ხელყოფის უხეში ფორმები და ბიუჯეტის შევსების მიზნით, ბიზნესმენთა და მეწარმეთა გაუმართლებელი დარბევები,  კვლავ იმიჯს ულახავს საქართველოს.

ახალი ამბები