კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRIDC.TV-ს ახალი ფილმის - „დაკარგულების“ პრემიერა „კინოს სახლში“

4 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

„დაკარგულები“ -  ასე ჰქვია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალის HRIDC.TV-ს  ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის საპრემიერო ჩვენება 9 ოქტომბერს „კინოს სახლში“ გაიმართა.  გიორგი ჯანელიძის ავტორობით გადაღებული ფილმი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს ძალადობრივად გაუჩინარებული მოქალაქეების მოძიების პრობლემებს ეხება. 

„კინოს სახლში“ „დაკარგულების“ ჩვენებას ესწრებოდნენ ფილმის მონაწილეები, გაუჩინარებული მოქალაქეების ოჯახის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„47 წუთიანი ფილმი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით გადავიღეთ. გადაღებები ორი თვე მიმდინარეობდა. მთელი გადამღები ჯგუფისთვის ეს ფილმი ემოციურად განსაკუთრებულად მძიმე იყო. მოვიარეთ დაკარგულების ოჯახები და ყოველი მათგანის ტკივილი ჩვენს ტკივილად იქცა“, - განაცხადა გიორგი ჯანელიძემ ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფილმი „დაკარგულები“ მიმოიხილავს საქართველოში საომარი მოქმედების შედეგად დაკარგული მოქალაქეების მოძიების პრობლემას; აღწერს იმ  არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკასა და შედეგებს, რომლებიც დაკარგულთა მოძიების საქმეში არიან ჩართული. ფილმი ემოციურად გადმოსცემს იმ პრობლემებსა და ტკივილს, რაც დაკარგულთა ოჯახის წევრებს აქვთ. დაკარგულთა მოძიების პროცესში, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული და დაინტერესებული, მაგრამ  როგორც ფილმიდანაც ჩანს, ეს პრობლემა თითქოს ყველამ მიივიწყა და შესაბამისად, მოძიების პროცესიც ჭიანურდება.

„ამ ადამიანებს აქვთ უფლება, იცოდენ სიმართლე. მე არ ვამბობ, რომ სიმართლე ვინმემ იცის და მალავს, მაგრამ ფაქტია, რომ დაკარგულების მოძიების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. უნდა გამოინახოს გზები, რომ ოჯახებმა გაიგონ სიმართლე“, – ამბობს გიორგი ჯანელიძე. 

ნინელი ანდრიაძე, რომელიც აფხაზეთის ომში უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად დაარსებულ ფონდ „მოლოდინს“ წარმოადგენს და თავადაც დაკარგული შვილის დედაა, ფიქრობს, რომ ამ პრობლემას საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს: „განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში აფხაზეთის ომის დროს დაკარგულთა ოჯახები არიან. იმ ომში 1900-მდე ადამიანია დაკარგული. ქვეყანას ამდენი უგზო-უკლოდ დაკარგული როცა ჰყავს, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ხელისუფლებაც ცოტა უფრო მეტად უნდა ზრუნავდნენ ამ პრობლემის მოგვარებაზე“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ფილმის ავტორებს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ ასე გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედია და გადაიღეს ასეთი ფილმი. მადლობა იმისთვის, რომ საზოგადოებას უამბეს ჩვენ შესახებ. ჩვენნაირი ოჯახებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ქეთევან სუხიტაშვილი, ერთ-ერთი დაკარგულის - ოთარ სუხიტაშვილის დედა.

როგორც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანი საკითხის გარშემო არსებული პრობლემების წარმოჩენა იყო, პრობლემის გადაჭრა და არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემის ვალდებულება კი, პირველ რიგში, სახელმწიფოს აქვს.

ახალი ამბები