კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გთხოვთ მშივრები არ დატოვოთ ჩვენი შვილები!“ – გარემოვაჭრეებმა საკრებულოს გადაწყვეტილებას აქციით უპასუხეს

4 ნოემბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა

3 ნოემბერს რუსთავში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც , მათ რუსთავის მე-12 მიკრორაიონის ე.წ. სტამბულის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აეკრძალათ.

„ჩვენ არ ვდგავართ შუა ქუჩაში. გადაადგილებაში არავის ვუშლით ხელს. რასაც გვთავაზობენ, აბსურდია. გვეუბნებიან - ბაზარში შედითო. იქ კი უკვე ადგილები აღარაა. რაც დარჩენილია, ისიც შესყიდულია. ასე რომ, თუ შევალთ, ორი გადასახადის გადახდა მოგვიწევს - ერთი ბაზრის ადმინისტრაციისთვის და მეორე - დახლის მეპატრონისთვის. აქ ჩვენი ოჯახებისთვის საჭმლის და წამლის ფულს ვშოულობთ. ხომ უნდა გაითვალისწინოს ქალაქის ხელმძღვანელობამ ჩვენი მდგომარეობა?! ვთხოვთ, მშივრები არ დატოვონ ჩვენი შვილები!“ – ამბობს გარემოვაჭრე ნაზი ხუნჭუა.

ადგილი, სადაც 70-მდე გარემოვაჭრე მუშაობს, მართლაც არ არის გზის სავალ ნაწილზე. ის ამ დროისთვის უმოქმედო შენობებისა და რამდენიმე მაღაზიის შუაშია მოქცეული. წარმოადგენს ღია ტიპის ბაზარს, სადაც პროდუქტები არ იყიდება. 

„მოვიდნენ და გვითხრეს, რომ 7 დღის შემდეგ აქ არ უნდა ვიდგეთ. ჩვენ თანახმა ვართ აქ დგომისთვის გადასახადი დაგვიწესონ, გადავიხდით“, – ამბობს გარემოვაჭრე ბეჟან ლაბაძე.

რუსთავში გარევაჭრობა ქალაქის სხვადასხვა უბნებშია. გარემოვაჭრეთა დიდ ნაწილს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მსგავსი ფორმით ვაჭრობაა.

მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობაზე გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ მიიღო, ჯერაც არ შექმნილა მათთვის ალტერნატიული ფართები.

„განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფართები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები“, – ეს არის ოფიციალური დავალება, რომელიც საკრებულოს ხელმძღვანელმა კახა გურგენიძემ ქალაქის მერს მისცა. აღნიშნული, ტექსტი ჩაიწერა საკრებულოს დადგენილებაში ქალაქში გარევაჭრობის რეგულირების თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით გურგენიძის დავალება არ შესრულებულა, გარემოვაჭრეებს მუშაობის გაგრძელების საშუალება არა აქვთ.

ახალი ამბები