კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საიდან აღმოჩნდა ჩემი შვილი ოჯახიდან მალაიზიაში ორი ჩანთა ნარკოტიკით?!“ - უკვირს ბაბუცა გორდაძის დედას

4 ნოემბერი, 2010
მარიკა ვაჭარაძე, სამტრედია

მალაიზიაში ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამ ნარკოდანაშაულის შესაძლო მთავარი გმირი კი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სამართალდამცავებმა მასზე ეჭვი აიღეს. ადამიანს, რომელმაც ორი ქართველი ქალბატონი  თურქეთში ჯინსების მაღაზიაში სამუშაოდ წაიყვანა, ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

გავრცლებული ინფორმაციით, გიორგი დავითიანმა თავისი მეუღლე - ბაბუცა გორდაძე და კიდევ ერთი ქალბატონი სტამბულში ჯინსების ფაბრიკაში დამლაგებლად სამუშაოდ წაიყვანა. ეს არის ვერსია, რასაც ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათივე თქმით, ოჯახის სიძე რამდენიმე წელია თურქეთში სამუშაოდ დადის და აქამდე საქართველოში დარჩენულ ოჯახსაც ინახავდა. ამჯერად ეკონომიური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მან მეუღლის - ბაბუცა გორდაძისა და მისი ახლობელი ქალბატონის წაყვანაც გადაწყვიტა. 17 ოქტომბერს საქართველო-თურქეთის საზღვარი ორივემ გადაკვეთა. მანამდე კი  სტამბულში გიორგი დავითიანი წავიდა, რათა სამუშაო ადგილი ქალბატონებისთვის დაეხვედრებინა. იქ ჩასული ქალბატონები სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.

მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძე სამტრედიელია. მისი დედა, მერი გორდაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს: „სამშაბათს, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ჩემმა სიძემ გიორგი დავითიანმა დაურეკა ჩემს უფროს ქალიშვილს და უთხრა: შენს დას რომ თურქეთში მუშაობა უნდოდა, წამოვიდა და ახლა სამი დღეა, გამუდმებით ტირისო. ახლა თვითონაც დაისვენებს კარგა ხანსო და მეც მისგანო. იმ დღეს ბავშვს დაელაპარაკა, დაემშვიდობა და გათიშა ტელეფონი. ხუთშაბათს საღამოს 9 საათზე მირეკავს ჩემი სიძე და მეუბნება: ბაბუცას ტელეფონი აქვს გამორთული, ვერ ვუკავშირდები და ვნერვიულობო. „იმ შობელძაღლსაც“ გამორთული აქვს ტელეფონი ვისაც ჩემი ცოლი გავაყოლეო. მე ვკითხე, სად გაატანე და ვინ ბიჭს გაატანე-მეთქი. ვის გავატანე და ახლობელ ბიჭს, რომელიც იმ ოჯახში მიიყვანდა, სადაც უნდა იმუშაოსო. მე ვუთხარი, თუ იცოდა იმ ოჯახის მისამართი მისულიყო და იქ ენახა. მითხრა, რომ მან სახლიც იცოდა და ის მანქანაც, რომელშიც ჩემი შვილი ჩასვა. ბოლოს მითხრა - არ ინერვიულო, ყველაფერს გავარკვევო. მეც ვურეკავდი ჩემს შვილს და ვერ ვუკავშირდებოდი. გიორგიმ ეს ფაქტი იმით ამიხსნა, რომ ოჯახის დიასახლისი ტელეფონის ჩართვის ნებას არ აძლევსო. პარასკევს კი ჩემი შვილის დაკავების ამბავი გავიგე ტელევიზიით. მაშინვე სიძესთან დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხა. მოგვიანებით კი ჩემი გოგო ელაპარაკა და უთხრა - ტელევიზიამ ბაბუცას დაკავებაზე ინფორმაცია გადმოცაო. ამის მერე მე დამირეკა და მითხრა: თქვენ ხალხო მოჩვენება დაგეწყოთო? მითხრა, რომ ჩემი შვილი კარგად იყო და არავის დაუჭერია. რამდენიმე საათის მერე მირეკავს თავად გიორგი და მეუბნება - ინტერნეტით შევიტყვე, რომ ბაბუცა მართლა დაუკავებიათო და ყველაფერს გავარკვევო. მე ვუთხარი, ჩამოსულიყო და ერთად მოგვეგვარებინა პრობლემა. მითხრა, რომ ორ დღეში ჩამოვიდოდა. მეორე დღეს მირეკავს და მეუბნება - ეს რა ინტერვიუ მიეცი ტელევიზიასო. მე იქით ვკითხე - ჩემი შვილი ოჯახიდან მალაიზიაში ორი ჩანთა ნარკოტიკით საიდან აღმოჩნდა-მეთქი?! ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი არ მიმიღია, ისე გამითიშა ტელეფონი“.

ბაბუცა გორდაძე და გიორგი დავითიანი სამი წელია ცოლ-ქმარნი არიან და ერთი შვილიც ჰყავთ.  გიორგი დავითიანი წარსულში სამჯერ ნასამართლევია. ბოლოს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს. ცოლ-ქმარი ორი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდნენ. სწორედ თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა დარეჯან კოხტაშვილი, რომელიც ბაბუცა გორდაძეს იცნობდა.

„ჩემი შვილი საქართველოს იქით არსად არ იყო ნამყოფი. საზღვარი პირველად გადაკვეთა. გაოცებული ვარ, რა უნდოდა ჩემს შვილს „წამლიანი“ ჩანთებით მალაიზიაში?! მას ისიც არ უნდოდა, რომ თურქეთში წასულიყო, მაგრამ როგორც მითხრა - ქმარმა ასე მირჩიაო. ჩემმა შვილმა თურქული არ იცის, ვერც რუსულად ლაპარაკობს. მისმა ქმარმა კი თურქული და რუსული კარგად იცის. ინგლისურადაც ისე ლაპარაკობს, რომ გააგებინებს კაცს რაღაცას. მე მჯერა, რომ ჩემმა შვილმა არ იცოდა, ჩანთაში რა ჰქონდა... და თუ მან ეს იცოდა და მაინც გააკეთა, მაშინ დახვრიტონ“, - ამბობს მერი გორდაძე.

სამართალდამცავებს დაკავებულების მიმართ ერთი კითხვა აქვთ - იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა ჩანთებში მოთავსებული ნარკოტიკების შესახებ წინასწარ, თუ ისინი ნარკომაფიის დანაშაულის მონაწილენი უნებურად გახდნენ. 

მალაიზიელ სამართალდამცავებთან საქართველოს სახელით მოლაპარაკებებს უკრაინის საელჩო აწარმოებს. დაკავებულებმა სამართალდამცავებს ჩვენებები უკვე მისცეს. რამდენიმე დღის წინ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბაბუცა გორდაძის და მივიდა და დახმარება ითხოვა.

ქართველი ქალბატონების მიერ ჩადენილი დანაშაული მალაიზიაში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 2009 წლის შემდეგ ეს განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს. მათ შორის რამდენიმე უცხოელია. თუმცა, ადგილობრივი კანონმდებლობით, განაჩენი 5 ან 6 წლის შემდეგ სრულდება. ამ დროს ძირითადად მოლაპარაკებისთვის იყენებენ. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როცა სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება იცვლება. 

მალაიზიაში დაკავებულ ქართველებს საქართველოს სახალხო დამცველიც ეხმარება. Amnesty International, Human Rights Watch, აზიის ომბუდსმენთა კავშირი და მალაიზიის ადამიანის უფლებათა კომისია - ეს არის ოთხი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომლებსაც ქართველმა ომბუდსმენმა წერილით მიმართა. Amnesty International–მა გიორგი ტუღუშის მიმართვას უკვე უპასუხა. ორგანიზაციის მალაიზიაში ოფისი აქვს. საპასუხო წერილში წერია, რომ ორგანიზაციის წევრები შეეცდებიან, ქართველებს იურიდიული დახმარება აღმოუჩინონ, დაესწრებიან მათ სასამართლო პროცესს და შეამოწმებენ, ირღვევა თუ არა მათი უფლებები.

ახალი ამბები