კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დამწვრობის ცენტრში“ დევნილი სიკვდილს ებრძვის

5 ნოემბერი, 2010

შორენა ლათათია

დამწვრობის ცენტრში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი ნანა  ფიფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ  კიდევ მძიმეა. ექიმები შემდგომ გართულებებს ელიან. ნანა ფიფიამ  27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ  თვითმკვლელობის მიზნით, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, რის შედეგადაც მან სხეულის თერმული მე-3 „ა“ და მე-3 „ბ“ ხარისხის დამწვრობა მიიღო. 

დევნილების გადმოცემით, ნანა ფიფიამ თავის დაწვა სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროს გრიგოლ ტუღუშთან საუბრის შემდეგ სცადა.

„წინა დღეს ფიფია სამინისტროდან აღელვებული გამოვიდა. ტუღუშს უთქვამს - ფოცხოეწერში მოგცემთ თავშესაფარსო. ფიფიას დაუჩივლია - იქ რა უნდა ვქნა, რით  ვიარსებოო? ბალახი მოძოვეო - უპასუხია ტუღუშს“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას  აფხაზეთიდან დევნილმა, მანანა ქადარიამ, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ესაუბრა ნანა ფიფიას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულთან  დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ახალს არაფერს ამბობს და წერს, რომ ფიფიას  საცხოვრებელი ფართი რეგიონში შესთავაზეს, თუმცა, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა.
 
„როგორც ვიცით, ნანას რაიონში წასვლაზე პრეტენზია არ ჰქონია. პირიქით, თავადვე ითხოვდა რუსთავში ჩასახლებას, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს - მარტო შენ ხომ არ ჩაგასახლებთ, ხალხი შეკრიბე და ერთად ჩაგასახლებთო. აბა, ნანას ხალხი სად უნდა შეეკრიბა?! თვითმკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღით ადრე  ნანას ჩინოვნიკ ტუღუშისთვის რაღაც უკითხავს, იმას უპასუხნია - ეს  მე არ მეხებაო. თურმე ყველა კითხვაზე ასე პასუხობდა. ბოლოს ნანას უთქვამს - მაშინ ის მაინც მითხარი, თქვენ რა გეხებათ და თუ დამაინტერესებს, მერე დაგისმევ კითხვასო. ამაზე ტუღუში გაბრაზებულა და  უთქვამს უზრდელი ხარო. ამ სიტყვებს ნანა ძალიან განიცდიდა. ამბობდა - ისეთ მდგომარეობამდე მივყავართ, იძულებული ვარ, არამართლმადიდებულური გზა ავირჩიოო“, - განაცხადეს ფიფიას ახლობლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, კოტე სახვაძის თქმით, ნანა ფიფიას მკურნალობის ხარჯებს სრულად სახელწიფო იღებს.  

ახალი ამბები