კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატუსი და კომპენსაცია - გადაუჭრელი პრობლემები უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის

5 ნოემბერი, 2010

თეა თოფურია

ფოტოზე: ანა ნაცვლიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 907 უგზო-უკვლოდ დაკარგულია, კანონმდებლობა ამ პრობლემის მოგვარების ეფექტურ გზებს არ ცნობს. საქართველო არ არის მიერთებული 2006 წლის გაეროს კონვენციას გაუჩინარებულების შესახებ. კიდევ ერთი პრობლემა დაკარგულის ახლობლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაა, ასევე კომპენსაციის გადახდა მათთვის.
 
2006 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ძალადობით გაუჩინარებისაგან დასაცავად. მას ხელი 83-მა ქვეყანამ მოაწერა, 19-მა კი უკვე რატიფიცირებაც გაუკეთა. აღნიშნული კონვენციის მისაღებად დაკარგულთა ოჯახები 20 წლის განმავლობაში იბრძოდნენ. საქართველო ამ კონვენციას ჯერ არ მიერთებია.

ექპერტების ჯგუფმა, რომელშიც ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და სამხრეთ კავკასიის  რგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის წევრები შედიან, მოამზადეს წიგნი „გაუჩინარებისა და ქიდნეფინგის პრობლემები საქართველოში“. ექსპერტები წერენ, რომ ადამიანის ძალადობრივად გაუჩინარება აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით. კონვენცია ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საბაბი, რომელიც გაუჩინარებას გაამართლებს. ადამიანის გაუჩინარება არ შეიძლება არც საომარ ვითარებაში, არც სხვა არასტაბილურ სიტუაციებში. სახელმწიფოები ვალდებულები არიან, გამოიძიონ ასეთი საქმეები. ამასთან, გამოძიება ეფექტური უნდა იყოს და არა სახელდახელო.

იძულებითი გაუჩინარება სახიფათოა იმ გაგებით, რომ იგი ადამიანის რამდენიმე უფლებას ერთდროულად არღვევეს, იქნება ეს სიცოცხლის, თავისუფლების, გამოხატვის, პირადი უსაფრთხოების უფლებები თუ სხვა. გარდა ამისა, გაუჩინარებული პირისთვის მიუწვდომელია ადვოკატის მომსახურებაც, რაც მის მდგომარეობას ერთი-ორად სახიფათოს ხდის.

გარდა ამისა, გაუჩინარებული არა მხოლოდ თავადაა მსხვერპლი, არამედ მსხვერპლია მთელი მისი ოჯახიც. უმეტეს შემთხვევაში დაკარგულს ახლობლები წლების განმავლობაში ეძებენ და მიუხედავად ამისა, ისიც კი არ იციან, ის ჯერ კიდევ ცოცხალია თუ გარდაცვლილი.

ანა ნაცვლიშვილი, ადამინის უფლებათა ცენტრის იურისტი: „გაეროს კონვენციის თანახმად, ოჯახის წევრები, რომელთა ახლობელიც გაუჩინარების მსხვერპლია, თავადაც იღებს მსხვერპლის სტატუსს. ამის მიზეზი არის ის მორალური სტრესი, რომელიც ამ ოჯახებს ეხებათ. ამასთან, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის  თქმა არის ძალიან კარგი „საშუალება“, რომ გაუჩინარებულის ახლობლებმა საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ვერ ჩაიხედონ, ვერ მოითხოვონ ექსპერტიზა და ასე შემდეგ. ამ პირობებში ფაქტი არ ხდება საზოგადოებრივი განსჯის საგანი და გამჭვირვალეობა უზრუნველყოფილი არ არის”.

ქართული კანონმდებლობა ცნება „ძალადობით გაუჩინარებას“ არ ცნობს და ასეთ პირს უგზო-უკვლოდ დაკარგულს უწოდებს. თუმცა, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახის წევრმა დაზარალებულის სტსტუსი მიიღოს, უნდა დამტკიცდეს, რომ პიროვნების უგზო-უკვლოდ დაკარგვაში სისხლის სამართლის ნიშნები ჩანდა (სისხლის ან ძალადობის კვალი, მოწმეები და ასე შემდეგ). თუმცა, ხშირად საქმეში ასეთი ნიშნები არ ფიგურირებს, შესაბამისად ახლობლები არც დაზარალებულებად მიიჩნევიან და არც იმის საშუალება აქვთ, სამართლაწარმოების ყველა საშუალებით ისარგებლონ.

ქრისტინე ქარდავა, რომელმაც ორი წლის წინ მამა დაკარგა, დღემდე ცდილობს დაზარალებულის სტატუსის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ. 

პაატა ქარდავა (თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი, კაპიტანი) 2008 წლის 27 აგვისტოს დაიკარგა. მისი მანქანა ხობის გზაზე ნახეს გაჩერებული, ფანჯრები აწეული ჰქონდა უფრო მოგვიანებით ის კოკი-ხურჩის გზაზე იპოვეს. ამ დროისთვის მანქანის კარებები გაღებული იყო, შიგ არავინ იჯდა, უკანა ნათურები კი ენთო. მას შემდეგ პაატა ქარდავა არც მკვდარი გამოჩენილა არც  - ცოცხალი. ქრისტინე ქარდავა ამბობს, რომ გამოძიება უსაშველოდ ჭიანურდება. საქმე ერთი გამომძიებელის ხელიდან მეორეს ხელში გადადის და უკვე ორი წელია წინ ნაბიჯითაც არ წაუწევიათ.

იგივე მდგომარეობაში არიან დაკარგულების სხვა ახლობლებიც. უკვე ორი წელია, იწელება დავით ცინდელიანის საქმეც, რომელიც ასევე 2008 წელს გაუჩინარდა. აღარაფერს ვამბობთ, იმ ასობით დაკარგულ ადამიანზე, რომელსაც აფხაზეთის ომის პერიოდიდან ვერ პოულობენ.

ანა ნაცვლიშვილი: „გაეროს კონვენციის მე-4 მუხლში წერია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა იძულებითი გაუჩინარება წარმოადგენდეს დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობა ასეთ დანაშაულს არ ცნობს და გამომძიებელიც იძულებულია, საქმე რომელიმე მსგავს დანაშაულს მიაკუთვნოს. შესაბამისად, ოჯახის წევრების უფლებები ჰაერში რჩება. ამასთან, კონვენციის მიხედვით, დაზარალებული ნიშნავს გუჩინარებულს და ყველა იმ პირს, რომელსაც ამ გაუჩინარებით ზიანი მიადგა. საქართველოს კანონმდებლობა არც ამას ცნობს. კიდევ ერთი: დაზარალებულს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მოითხოვოს მისი უფლებების აღდგენა, მოითხოვოს კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის“.

კომპენსაცია ქართული სინამდვილის კიდევ ერთი მტკივნეული თემაა.  საქართველოში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულის ოჯახს სახელმწიფოსგან რამე ფულადი ანაზღაურება მიეღოს. ქართული კანონმდებლობით, სახელმწიფოს ამის ვალდებულება არა აქვს.

მედეა ლონგულაშვილის ერთი შვილი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაეკარგა, მეორე ომში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ის ნიქოზში მოხუც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ომის დროს სახლიც დაენგრა. შემდეგ ერთი ოთახი ნათესავებმა გაურემონტეს. მიუხედავად ამისა, მედია ლონგულაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ფულადი კომპენსაცია არასოდეს მიუღია.

მედეა ლონგულაშვილი: „შევარდნაძის დროს მარჩენალდაკარგულის შემწეობა მქონდა და მერე ისიც მომიხსნეს”.

რიმა გელენავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „განიარაღება და არა ძალადობას“ ხელმძღვანელი: „კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში იქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც ერთის მხრივ, სახელმწიფოებისგან მიიღებს ანგარიშებს, მეორეს მხრივ - საჩივრებს კერძო პირებისგან. გარდა ამისა, კონვენცია შესაძლებლობას იძლევა, დაზარალებულმა პირმა ფულადი კომპენსაცია მიიღოს“.

ფულადი კომპენსაცია სულაც არაა მხოლოდ მორალური ტრამვის ანაზღაურების საშუალება. ომში დაკარგული მეუღლე, ძმა, შვილი თუ მამა ხშირად ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზიც ხდება.

კომპენსაცია არ მიუღია მურაზ რომელაშვილს, რომელსაც 2008 წლის ომში ერთი შვილი დაეკარგა, მეორე კი დაეღუპა. არც ვიოლეტა გრიგოლიას, რომელიც აფხაზეთში მეუღლის უგზოუკვლოდ დაკარგვის შემდეგ ორი მცირეწლოვანი ბავშვით ხელში დარჩა, არც ციური ბუზალაძეს, რომელიც თავის ძმას კარლო ბუზალაძეს ჩვიდმეტი წლის მერეც ელოდება. 

ციური ბუზალაძე: „დედა მისი დარდით სულ კედლებს ურტყავდა თავს. მე და ჩემი და არ ვეუბნებოდით, დაკარგული რომ იყო და გარეთ გამოსულები ვტიროდით ხოლმე. დღემდე თქვენს მეტი არავინ მოსულა, არავის მოუქცევია ყურადღება“.

ციური ბუზალაძე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. სახლის სახურავი დაზიანებულია, წყალი ჩამოდის. იტაკი უკვე აიყარა. ეზოს კაცის ხელი აკლია. უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახებს ხანდახან შორიდანაც იცნობა, მათ გაუთავებელი მოლოდინის გარდა და ხშირად სიღარიბეც აერთიანებთ.

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“,  რომელსაც აფინანსებს  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება“. სტატიის შინაარსი არ გამოხატავს ევროკავშირისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ახალი ამბები