კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,, უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ

8 ნოემბერი, 2010
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და  სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.

2009 წლის 13 ოქტომბერს, ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის კოსტავას ქუჩაზე დაპირისპირების შედეგად 6 სტუდენტი დაიჭრა; ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვინმე ლევან აბაშიძეს. აღნიშნულ საქმეზე 2010 წლის 5 ივლისს მოსამართლე ზვიად ესებუას მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ ჩხუბი დაიწყო აბაშიძის ჯგუფმა, რა დროსაც სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენეს 6 სტუდენტს.  შემთხვევის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დაჭრილი სტუდენტები მაშინვე დაზარალებულებად ცნეს.

თუმცა, 84 დღის შემდეგ, 2010 წლის 5 იანვარს  პროკურატურამ მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია, დაჭრილი სტუდენტები დააკავა და ხულიგნობის ბრალდება წაუყენა მათ. ეს მოხდა ახლადაღმოჩენილი  გარემოებების არარსებობის მიუხედავად,მაშინ როცა ვაკე-საბურთალოს პროკურორად კ. ცაცუა დაინიშნა, გამოძიება კი ლ. მენთეშაშვილმა გადაიბარა.    მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლოზე რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ ხულიგნობა არ არის მძიმე დანაშაული და საქმეში ბევრი შემამსუბუქებელი გარემოებაა, სახელდობრ: ბიჭები არიან სტუდენტები, დაჭრილები და დაზარალებულები, საპატიმროში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა; ხასიათდებიან დადებითად; არა აქვთ კრიმინალური წარსული და არ დაემალნენ გამოძიებას. თუმცა, აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გადაწყვეტილებაში არ ასახულა.
 
სტუდენტების მიმართ ბრალდებაც ზუსტად იგივე მასალებს ეყრდნობა, რის საფუძველზეც ლევან აბაშიძე გაასამართლეს. რეალურად ეს არის ერთი საქმე, მაგრამ რატომღაც ორი განაჩენი გვაქვს სახეზე, რომელიც ერთსადაიმავე ფაქტს სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს. გამოდის, რომ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ერთი და იმავე გამომძიებელმა აწარმოა ერთი გამოძიება, ხოლო სასამართლოში შევიდა ორი საქმე (I. ლევან აბაშიძის წინააღმდეგ II. გიგუაშვილის, ბერუაშვილის, ნიკოლოზაშვილის, შავლიაშვილის, მღვდელაძესა და მიქატაძის  წინააღმდეგ) და დადგა ორი ურთიერთგამომრიცხავი განაჩენი.

არსებობს ინფორმაცია, რომ გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს ასეთი უკანონო ქმედებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - არ დადგინდეს მათი ვინაობა, ვინც ეს ბიჭები სასიკვდილოდ გაიმეტა და რომლებიც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.     „დაზარალებულ ბრალდებულებს“ ბრალად წაუყენეს სსსკ 239 მუხლის მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც გულისხმობს ქმედებებს: 1) ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებას დანაშაულის ჩასადენად 2) საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას.  თუმცა, წინასწარი შეთანხმების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ არ დამტკიცებულა. მოსამართლე კოჭლამაზაშვილს განაჩენში არ უმსჯელია იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატება დაზარალებული სტუდენტების წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩასადენად, რაც ცხადყოფს რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.   ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მიერ გამოძახებული მოწმეების ჩვენებები, რითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან არანაირ ძალადობას ან საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას ადგილი არ ჰქონია.

ასევე  საქმეში დადგენილია, რომ დაჭრილ სტუდენტებს არანაირი იარაღი თან არ ჰქონიათ.  მათ წინააღმდეგ საქმეში არ არის გამოვლენილი არც ერთი  კონკრეტული დაზარალებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ ჩატარებულმა ჯანმრთელობის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბრალდებული სტუდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ. ინციდენტისას ღვიძლში ჭრილობის მიღების შემდეგ, ზაზა შავლიაშვილი ცე ჰეპატიტით დაავადდა. მეორე დაჭრილი სტუდენტი, საბა მღვდელაძე კი ნაწლავების ტუბერკულოზით.  სხვა ახალგაზრდებსაც აქვთ ჭრილობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.
 
2010 წლის 14 სექტემბერს, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაგან მოითხოვა ერთ-ერთი სტუდენტის - ზაზა შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი  ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. ევროსასამართლომ საქართველოს მთავრობას მოსთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა 13 ოქტომბრამდე მოსარჩელის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მკურნალობის იმ ზომებთან დაკავშირებით, რაც მას საპატიმროში უტარდება.
 
სტუდენტებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს. მათგან მხოლოდ ერთი, როლანდ ნიკოლოზაშვილი დაეთანხმა ბრალდებას. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პროკურატურა და ადვოკატი შეთანხმდნენ შემდეგზე - სამწლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარი ჯარიმა.  ბრალდებული სტუდენტების მშობლებს სჯერათ, რომ ნიკოლოზაშვილმა დანაშაული მისი ოჯახის ადვოკატის, ნანა ფრიდონაშვილის  ზეგავლენით აღიარა. ადვოკატს საიდუმლოდ გაურიგდა პროკურატურა - განსასჯელს გაათავისუფლებდნენ თუ ის დანაშაულს აღიარებდა და ჩხუბის ინიციატორებად თავის მეგობრებს დაასახელებდა. ასე რომ, ნიკოლოზაშვილის აღიარება პატიმრობის თავის არიდებისა და სიმართლის უგულებელყოფისკენაა მიმართული.

2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენი განსაკუთრებით მკაცრ და ალოგიკურ გადაწყვეტილებად წარმოჩინდება ყველა იმ შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმეშია; ამასთანავე, არსებობს იგივე სასამართლოს გადაწყვეტილება (აბაშიძის საქმეზე), რომლის მიერ დადგენილი ფაქტები სტუდენტთა ბრალს გამორიცხავს, ახალ საქმეში კი არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც წინა ფაქტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა.   მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განაჩენი არაკანონიერი, დაუსაბუთებული,  არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია. იგი აგრძელებს პროკურატურისადმი სასამართლოს  მორჩილების ტენდენციას, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა საქართველოში.

 ამავე დროს, ეს განაჩენი ადასტურებს, რომ „სასჯელის ლიბერალიზაცია“, რაზეც  ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთობისას აპელირებენ, მხოლოდ მითია. რეალურად,  ქვეყანაში კვლავ მოქმედებს „შერჩევითი სამართალი“ და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის გამოც საპატიმროები გადავსებულია არაადეკვატურად დასჯილი მოქალაქეებით.
 
უფლებადამცველი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ საქართველოში ადამიანის უფლებათა  სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებს, პირებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს:  ყურადღება გაამახვილონ ამ საქმეზე და მიიღონ ყველა ზომა მათი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ საქმეში სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

•   ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის       ( საქართველო)
•    ადამიანის უფლებათა ცენტრი      (HRIDC)                                    ( საქართველო)
•    კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი                                ( საქართველო)
•    კონსტიტუციის 42-ე მუხლი                                                               ( საქართველო)
•    მრავალეროვანი საქართველო                                                            ( საქართველო)      
 .     ჟურნალისტთა კლუბი ,,ასპარეზი,,                                                  ( სომხეთი)
.     ჰელსინკის ასამბლეა       ვანაძორი                                                   ( სომხეთი)
.     ,, პინკ არმენია,,                                                                                     ( სომხეთი)
.     მედიის უფლებათა ინსტიტუტი                                                       ( აზერბაიჯანი)
.     ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოება                                      ( აზერბაიჯანი)
.    იურიდიული განათლების ასოციაცია                                             (აზერბაიჯანი)

ახალი ამბები