კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თეა თუთბერიძე: „სკოლების დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება განათლების სამინისტროში დააწერინეს“

11 ნოემბერი, 2010
თბილისის რვა საჯარო სკოლის შესახებ, რომელთა დირექტორებმაც თანამდებობები დატოვეს, დაზუსტებული ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

განათლების სამინისტრო სკოლებს არ ასახელებს. თუმცა, ადასტურებს, რომ დირექტორებმა თანამდებობები მართლაც დატოვეს, ოღონდ - პირადი განცხადების საფუძველზე.

„სკოლების დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძის ინფორმაციით კი, სკოლების დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოების სახელზე წუხელ განათლების სამინისტროში დააწერინეს. მათ შორის არიან - 173-ე სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი; 161-ე სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე; 151-ე სკოლის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და 117-ე სკოლის დირექტორი, აგრეთვე 63-ე და მე-2 სკოლების დირექტორები. დანარჩენი სკოლები ზუსტდება.

ამასთან, როგორც თეა თუთბერიძემ განაცხადა, 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ერთადერთი იყო, რომელმაც 9 ნოემბერს განცხადება არ დაწერა. ამის გამო განათლების სამინისტროში იგი 10 ნოემბერსაც დაიბარეს. სკოლაში კი, გაავრცელეს ხმები, რომ მაია გიორგაძე დირექტორი აღარ არის.

მაია გიორგაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ შესაძლო გათავისუფლების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გიორგაძე განმარტავს, რომ მისი მოსწავლეები 9 ნოემბრის აქციებში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, თუმცა მისივე თქმით, მოსწავლეთა საქციელის გამო დირექტორებმა პასუხი არ უნდა აგონ.

161-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ სატელეფონო საუბარში თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"მიკვირს კიდევაც, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით. არაერთი თანამდებობა დამიტოვებია და არაერთ ადგილას მიმუშავია", _ განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

ინფორმაცია თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 9 ნოემბერს გავრცელდა. მანამდე ამ სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა და სკოლებში საატესტაციო გამოცდების მოხსნა მოითხოვეს.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია.

„ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.

მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებით დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები