კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

10 წელი და 8 თვე - სიგარეტის, არყისა და ლუდის ქურდობისთვის

11 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი, მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე არ დაინტერესდა წინასწარი გამოძიებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, არასრულწლოვანის ცემისა და წამების ფაქტით.

მალხაზ მზექალიშვილი სასამართლომ პირველად 2009 წლის 27 იანვარს გაასამართლა. მაშინ არასრულწლოვანს ბრალი ქურდობასა და ცივი იარაღის ტარებაში დადეს და 4 წლით და 8 თვით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. 2010 წლის 6 აპრილს სამართალდამცავებმა მალხაზ მზექალიშვილი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ისევ დააკავეს. მას შემდეგ მზექალიშვილი წინასწარ პატიმრობას თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიდა. მზექალიშვილმა მაღაზიის გაქურდვის ფაქტი არც აღიარა და არც უარყო. მისი თქმით, დანაშაულის მოხდენიდან დიდი დროა გასული, მას კი ფაქტები ადვილად ავიწყდება.

მალხაზ მზექალიშვილს 11 წლის ასაკში ელექტროშოკი აქვს მიღებული. მას შემდეგ, ექიმების განმარტებით, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ზრდა შეწყვეტილი აქვს. მზექალიშვილი 16 წლისაა, მაგრამ ვიზუალურად 11 წლის ბავშვის ჰგავს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და პენსიას იღებს.

ქურდობაში მალხაზ მზექალიშვილის მონაწილეობა აღიარეს დანაშაულის თანამონაწილეებმა. ლაშა და თორნიკე ყ - შვილებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ მაღაზიის სარკმელში, რომელიც ძალიან პატარა იყო, მალხაზის გარდა ვერავინ შეეტეოდა, მალხაზი გადავიდა და მეგობრებს რამდენიმე კოლოფი სიგარეტი, ლუდი და არაყი გადმოაწოდა. მზექალიშვილის გარდა, დანაშაულის ყველა სხვა თანამონაწილეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

სასამართლო პროცესზე მალხაზ მზექალიშვილმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ადვოკატის გარეშე დაკითხეს, შემდეგ კი თელავის პოლიციაში, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„როდესაც დამკითხეს, ოთახში მხოლოდ გამომძიებელი და ჩემი მასწავლებელი იყვნენ. სანამ მასწავლებელი მოვიდოდა, გამომძიებელმა სახეში გამარტყა და მომთხოვა, დანაშაული მეღიარებინა. შემდეგ პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე პოლიციელმა მცემა. რაოდენობა არ მახსოვს. თავში, ფეხებში და მთელ სხეულზე მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ - დანაშაული აღიარე, თორემ მოგკლავთო და არსად არაფერი წამოგცდეს ცემის ფაქტზე, თორემ უარესი მოგივაო. ამიტომ ცემის შესახებ თავიდან ვერაფერს ვამბობდი, ციხეში მიყვანის შემდეგ კი გავბედე და ვთქვი, რომ მცემეს“, - აღნიშნა მზექალიშვილმა.

ბრალდებულის დედის, მანანა ღვინიაშვილის თქმით, მან დაზუსტებით იცის იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ჩემი შვილი ნიკოლოზ ჯავახიშვილმა სცემა. მალხაზმა ის თვითონ ამოიცნო. გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ არავითარი რეაგირება არ არის. 2010 წლის მაისში პროკურატურაშიც შევიტანე განცხადება, მაგრამ არანაირი რეაგირება“, - ამბობს მანანა ღვინიაშვილი.

ბრალდებულის ადვოკატის იოსებ ხატიაშვილის თქმით, მალხაზ მზექალიშვილის ცემის საქმეში სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლების მეშვეობით, ჩვენ მალხაზის ცემის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ. მალხაზი ცემეს დაშინებისა და დანაშაულების აღიარების მიზნით. შსს-ს თელავის რაიონულ განყოფილებაში კიდევ ორი დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რომლებიც მას არ ჩაუდენია. კოლონიაში მიყვანის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელების მიერ ნაცემი იყო. ექიმებმა დაათვალიერეს და აღმოაჩნდა სხეულის დაზიანებები. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ფორმალურად. არავითარი ქმედითი ღონისძიება არ გაუტარებიათ. ამიტომ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შევიტანე. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული და არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოძალადე პოლიციელების დასჯას არ აპირებს“ , - აცხადებს იოსებ ხატიაშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქმის გამომძიებლებმა, მალხაზ მზექალიშვილს, მისივე თქმით, ჩვენებაზე ხელი ადვოკატის გარეშე, ჩვენების წაუკითხავად მოაწერინეს.

მალხაზ მზექალიშვილის ამჟამინდელი ადვოკატი იოსებ ხატიაშვილი სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის და გონებრივი განვითარების მდგომარეობის გათვალისწინებასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, განსასჯელისთვის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ტესტის ჩატარების თაობაზე, რაც ადვოკატის განცხადებით, ნათელს გახდიდა მზექალიშვილის გონებრივ შესაძლებლობებს.

„სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, აუცილებელია წამების შემთხვევის დოკუმენტირება. მალხაზი გამოიკვლიეს სპეციალისტებმა და დაადგინეს, რომ კალენდარულად 16 წლისაა, მაგრამ ფიზიკური და გონებრივი განვითარებით 11-დან 12 წლამდე ასაკის არის. ეს დადგენილია ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტესტით. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და დანაშულისთვის ადამიანის დასჯა შეიძლება მხოლოდ 14 წლის ასაკიდან. ვინაიდან მისი გონებრივი განვითარება შეესაბამება 11-12 წლის ადამიანის გონებრივ განვითარებას, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა,  მზექალიშვილისთვის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, წარმოვადგინეთ შუალედური დასკვნა, ფსიქოლოგიური ტესტი, გამოკვლევები, მისი საპენსიო საქმე, სადაც მითითებულია, რომ მისი დიაგნოზია გონებრივი განვითარების შეზღუდვა. სასამართლომ არცერთი დოკუმენტი არ გაითვალისწინა და შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა“, - აღნიშნავს ადვოკატი იოსებ ხატიაშვილი.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 641-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანის საქმის წინასწარი გამოძიებისას აუცილებელია მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების და ოჯახში აღზრდის პირობების შესწავლა, რაც სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა. „642-ე  მუხლში კი მითითებულია, რომ თუ წარმოიშვა არასრულწლოვნის ფიზიკური ან გონებრივი ანომალია, აუცილებელია ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლო ვალდებული იყო ჩვენი შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რაც კანონის აშკარა დარღვევაა და ამას აუცილებლად გავასაჩივრებ“, - განაცხადა იოსებ ხატიაშვილმა.

ლია ხუროშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი: „მოსამართლეს რომ დაეკმაყოფილებინა ადვოკატის შუამდგომლობა, მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდულობის ფაქტი სახელმწიფო ექსპერტიზის დონეზეც დადასტურდებოდა. ამ შემთხვევაში ეჭვს ქვეშ დადგებოდა მის მიმართ გამოტანილი წინა განაჩენიც, რომელიც ასევე თელავის სასამართლოს ეკუთვნის. ახლად აღმოჩენილი გარემოება გახდებოდა წინა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რაც არ აწყობდა არც ბრალდების მხარეს და არც სასამართლოს. ეს ფაქტი მათ ძალიან ბევრ უხერხულობას შეუქმნიდა“.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა არასრულწლოვან მზექალიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის გამოყენებით 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც მის მიერ, 2009 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო საპროცესო გარიგების სახით მისჯილი 4 წელი და 8 თვეც დაემატა და საბოლოოდ 10 წელი და 8 თვე მიესაჯა.

თელავის რაიონულ სასამართლოში მზექალიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მამუკა წიკლაური თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ 2009 წლიდან მუშაობს. მანამდე ის შსს და პროკურატურის ორგანოებში მუშაობდა.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ელენე ტურაშვილის განმარტებით, მან მზექალიშვილის მიმართ სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ მზექალიშვილს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი,  პროკურატურამ მას მაინც შესთავაზა საპროცესო გარიგება. იმ წინა განაჩენს ვერ შევცვლიდით, მაგრამ სამ ეპიზოდზე ისეთ სასჯელებს ვთავაზობდით, თითო ბრალდებაზე თითო წელიც არ გამოსდიოდა და სულ 7 წელი ექნებოდა მოსახდელი, მაგრამ ამაზე თვითონ დაცვის მხარემ თქვა უარი. მე ყველა მინიმალური სასჯელი გამოვიყენე, მაგრამ წინა განაჩენიც რომ დაემატა, 10 წელი და 8 თვე გამოვიდა“-განაცხადა ელისო ტურაშვილმა.

ადვოკატ იოსებ ხატიაშვილის თქმით, საპროცესო გარიგებაზე დათანხმების შემთხვევაში, განაჩენის გასაჩივრების უფლება აღარ ექნებოდათ. მზექალიშვილის მშობლები და ადვოკატი თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

ახალი ამბები