კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილში ინციდენტს ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჯარისკაცებმა ერთმანეთი ცემეს

11 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს 4 ნოემბერს შეიარაღებული ჯარების მეოთხე ბრიგადაში, კერძოდ 42-ე ბატალიონში მომხდარ ინციდენტს. თუმცა სამინისტრო უარყოფს ჯარისკაცების ცემას ხელმძღვანელი პირების მიერ. დაახლოებით იმავე შინაარსის ინფორმაცია გაახმაურა სახალხო დამცველმაც, რომელიც სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა და სიტუაციას უშუალოდ გაეცნო.

ინფორმაცია ჯარისკაცების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით 5 ნოემბერს,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის ულფებებისთვის“ წარმომადგენელმა, ნანა კაკაბაძემ გაავრცელა. მას ინფორმაცია სამხედრო ნაწილიდან, უშუალოდ ჯარისკაცებმა მიაწოდეს სმს-ს საშუალებით.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარის მიხედვით, ინციდენტი იარაღის დაკარგვის გამო, კაპრალებს შორის შიდადაპირისპირებას მოჰყვა. 

ნანა კაკაბაძე კი აცხადებს, რომ ჯარისკაცების მიერ მისთვის გამოგზავნი მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში საუბარი იყო გორელი ჯარისკაცის, კაპრალ ჩოჩელის,  სერჟანტ კიკნაძისა და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცის ცემაზე. კაპრალ ჩოჩელს, რომელიც  შვებულებიდან სამხედრო  ნაწილში დაბრუნდა,  იარაღი დაკარგული დახვდა, რისთვისაც მას პასუხი მოსთხოვეს და დასჯის ფორმად ცემა გამოიყენეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სულ 15 ჯარისკაცია ნაცემი.

სმს-ებში საუბარი იყო იმაზეც, რომ იმ საღამოს, როცა ინცინდენტი  მოხდა, ჯარისკაცები 19:00-დან 05:00 საათამდე გარეთ ჰყავდათ და მიზიდვებს აკეთებინებდნენ. ამ დროს მათ მუცელში ფეხებს ურტყამდნენ, ხელ-ფეხი კი სიცივისგან  ეყინებოდათ.

მეოთხე ბრიდაგის ჯარისკაცები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ბატალიონის მთელი ასეული ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული, რაც ნაწილში იარაღის დაკარგვითაა გამოწვეული.

ინფორმაცია 42-ე ბატალიონში ჯარსიკაცების ცემაზე „ადამინის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში მყოფ პრინც ედუარდსა და  საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს უამბო და საქმის უშუალოდ ადგილზე გაცნობა სთხოვა.

უჩა ნანუაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და პრინც ედურდთან შეხვედრისას ეს საკითხი დავსვი. ამ ინციდენტმა შეხვედრის მინაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გვთხოვეს, ამ თემაზე თუკი ახალ ინფორმაციას შევიტყობდით, მათთვისაც გვეცნობებინა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  არ შეეძლოთ საქმეში  უშუალოდ ჩარევა. თუმცა, მათ ერთობლივი თხოვნით მიმართეს სახალხო დამცველს, რათა მას მომხდარ ფაქტზე მოეხდინა დაუყოვნებლივი რეაგირება“.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პირადად  მოინახულა სამხედრო ბაზა და ესაუბრა ჯარისკაცების მშობლებს. ის ჯარისკაცების სხეულის დაზიანების ფაქტებს ადასტურებს. ტუღუშის განცხადებით, ჯარისკაცებს - ჩოჩელს, კიკნაძეს, ნადირაძესა და დათუნაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ. კიკნაძეს ხელი შეხვეული აქვს და ამბობს, რომ თვითდაზიანება მიიყენა - ხელი დაისერა. სახალხო დამცველი და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები სხვა ჯარისკაცებსაც შეხვდნენ. ტუღუშის თქმით, ჯარისკაცები ამბობენ, რომ ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღეს, ხოლო კიკნაძემ თვითდაზიანება მიიყენა. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ამ დროისთვის სამხედრო ნაწილში ყაზარმული რეჟიმი არ არის.

ინციდენტი უკვე შეაფასეს უფლებადამცველებმა, როგორც საგანგაშო. ისინი უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ჯარისკაცებს ერთმანეთში ჩხუბი კი არ მოსვლიათ, არამედ  სინამდვილეში მართლაც ცემეს, რაც თავდაპირველად თვითონვე დააფიქსირეს ნანა კაკაბაძისათვის გაგზავნილი სმს-ებით.

„შემიძლია გითხრათ, მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამიტომაც ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და სწორედ მან უნდა მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლებამ ასეთი რამ არ გაბედოს“,- განაცხადა humanrights.ge-ან საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

ნანა კაკაბაძის შეფასებით კი, ეს ინციდენტი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას დაბეჩავებული, დამორჩილებული საზოგადოება ჭირდება: „სრული განუკითხაობაა, არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, არც ციხეში და არც ჯარში. ხელისუფლების პოლიტიკაა, ჰყავდეს დაჩმორებული, დაბეჩავებული მოქალაქეები. ჯარი ჩვენს მთავრობას ქვეყნის უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისთვის კი არ სჭირდება, არამედ მხოლოდ  საკუთარი თავის დაცვისთვის. აბა, ღირსებაშელახული კაცი როგორ შეძლებს ქვეყნის დაცვას?“

4 ნოემბერს, 42-ე ბატალიონში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ახალი ამბები