კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვანს დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობა ეძლევა

15 ნოემბერი, 2010
ინტერპრესნიუსი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც არასრულწლოვნების სასჯელისაგან განრიდებას გულისხმობს ძალაში 15 ნოემბრიდან შევიდა.

იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო გიგაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულისაგან განრიდების პროგრამა გულისხმობს - არასრულწლოვანმა სასჯელი ციხის ნაცვლად თავისუფლებაში ყოფნის დროს მოიხადოს, პროკურორების და ციხის თანამშრომლების ნაცვლად კი მასზე ზედამხედველობას სოციალური მუშაკები და მედიატორები განახორციელებენ.

პროგრამის მიხედვით, პროკურორი არ იწყებს ან წყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც დანაშაული პირველად ჩაიდინა, ეს დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის და არასრულწლოვანს განრიდების პროგრამაში არ მიუღია მონაწილეობა. განრიდების შანსი არასრულწლოვანს მხოლოდ ერთხელ ეძლევა.

პროგრამის მიზანია, არასრულწლოვანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. გიგაურის განცხადებით, პროგრამის მიზანია ასევე, არასრულწლოვნებში რეციდივის – განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება.

„არასრულწლოვანი და მისი ოჯახი მზად უნდა იყვნენ, თუნდაც სიმბოლურად ზიანის ასანაზღაურებლად. პროკურორი გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ სოციალურ მუშაკს გადაუგზავნის, რომელიც მოკლე ბიოსოციალურ ტესტს უტარებს არასრულწლოვანს. ამ ტესტში შეტანილი იქნება ის გარემოებები, რამაც ხელი შეუწყო დანაშაულს. შემდეგ, მედიატორს დაზარალებულსა და არასრულწლოვანს შორის დიალოგის უზრუნველყოფა ევალება. არასრულწლოვანი ვალდებულია, დაზარალებულს აუხსნას, რატომ ჩაიდინა დანაშაული. შეხვედრის დროს აუცილებელია არასრულწლოვანმა ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს. შეიძლება ზეპირი, წერილობითი ან სხვა ჟესტით იყოს გამოხატული ეს ბოდიში. ამ დიალოგის შემდეგ, ხელი ეწერება ხელშეკრულებას. თუ მოხუცს მოპარა ტელეფონი, არასრულწლოვანს ტელეფონის დაბრუნების გარდა, შეიძლება 3 კვირა სკოლაში წასვლამდე პურის ატანა დაევალოს მოხუცისათვის“, - განაცხადა გიგაურმა და განმარტა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერიდან პროკურორი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს.

ხელშეკრულების შესრულებაზე ზედამხედველობა კი სოციალურ მუშაკს ეკისრება. თუ მოხდება ხელშეკრულების დარღვევა არასრულწლოვანის მხრიდან, პროკურორს შეუძლია დევნა დაიწყოს, ან დევნა განაახლოს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არასრულწლოვანის დანაშაულისგან განრიდება ერთ-ერთია იმ რეფორმებიდან, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციას. მისი განცხადებით, ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გადავიდა.

„ეს არის ეტაპი არა სადამსჯელო, არამედ ფსიქოლოგიურად დამნაშავის მენტალიტეტის შეცვლის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ნულოვანმა ტოლერანტობამ შედეგი გამოიღო, საქართველო დანაშაულის კუთხით ყველაზე დაბალ ზღვარზეა, წარმატებით დასრულდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოში დანაშაულმა საგრძნობლად იკლო.

როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, პროგრამა რევოლუციურია და პირველ ეტაპზე პილოტური იქნება, პროგრამა 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოხდება პროგრამის შედეგების შეჯამება, ანალიზი, რის შემდეგაც, მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგება.

ახალი ამბები