კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წყლის პრობლემამ თანასოფლელები ერთმანეთს გადაჰკიდა

15 ნოემბერი, 2010
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 80-მდე ოჯახს ოთხი თვეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება. ხეთელების ნაწილი არტეზიული ჭებით სარგებლობს, მაგრამ როგორც გვიტხრეს ჭის წყალი სასმელად იდეალური არ არის და ხშირია მოწამვლის ფაქტები. ამავე დროს ხეთის მკვიდრთა ნაწილი წყალს შორი მანძილიდან ეზიდება.

მოსახლეობის თქმით, წყალსადენი მილების რეაბილიტაციის შემდეგ წყალი კარგად მიეწოდებოდათ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ წყალსადენის სათავე ნაგებობასთან წყალდამჭერი მილი დააყენეს, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი უწყლოდ დარჩა. დაიწყო უბნებს შორის დაპირისპირება. ნოჩხონიის უბნის მოსახლეობა ამ მილის მოხსნას ითხოვს, რათა ორივე უბანს წყალი თანაბრად მიეწოდოს. ამ მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ - უშედეგოდ.

„ნოჩხონიის უბნის მოსახლეობა უწყლობით შეწუხებული ვართ. მთელი წლის განმავლობაში ერთი თვეც არ მოდის წყალი. სადღაც თხრილებში და წუმპეებში ვაგროვებთ წყალს. ჭის წყალი სასმელად უვარგისია. გადადუღების შემდეგაც კი რძესავით თეთრია. ხშირად ბავშვები იწამლებიან.  მივმართეთ რაიონის ხელმძღვანელობას, როგორმე მოეგვარებინა ჩვენი პრობლემა, მაგრამ საშველი ჯერ არ ჩანს. სალატარიოსა და საგაბრავოს უბნების მაცხოვრებლებმა ცენტრალური გზის ზევით დააყენეს წყალმრიდი, რომელიც აკავებს წყალს და ჩვენსკენ არ მოდის. არადა, თავის დროზე არსებული წყლის აუზი ჩვენი უბნის მოსახლეობის მიერაა გაკეთებული. მოვითხოვთ, სოფლის რწმუნებულმა და დეპუტატმა მოაწესრიგონ ეს საქმე. ჩვენ მუშტი-კრივით ვერ შევებრძოლებით გაბრავებსა და ლატარიებს“, - გვითხრა ნოჩხონის უბნის მკვიდრმა ნანა ძიძარიამ.

ქუჩაში გამოსულ მოსახლეობასთან სოფლის რწმუნებული გოჩა შანავა მივიდა და მათ არსებული პრობლემის გადაჭრას დაპირდა: „ხეთა, საერთოდ, პრობლემური სოფელია წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რადგან სოფლის მოსახლეობის მოთხოვნებს არსებული წყლის დებეტი ვერ აკმაყოფილებს. წყლის მილები 40-45 წლის წინაა ჩადებული, ამორტიზებულია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რამდენიმე უბანში მილები შეიცვალა. მომავალი წლის ბიუჯეტში სარეაბილიტაციო ხარჯებს ისევ გაითვალისწინებენ. 2017 წლამდე გათვალისწინებული გვაქვს 36 კილომეტრის მონაკვეთზე მილების გამოცვლა, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდება. საკითხი, რამაც ახლა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თითქმის მოგვარებულია. იმ კვირას აუცილებლად მოიხსნება წყალდამჭერი მილი, და სალაპარაკოც აღარაფერი იქნება“.
 
თუ ნოჩხონიის უბნის მოსახლეობის პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. საქართველოს წყალმომარაგების ხობის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ წყალდამჭერის მოხსნით იქ პრობლემა არ მოგვარდება. წყალსადენი სისტემის 6 სათავო ნაგებობიდან ხეთაში მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს, რის გამოც წყლის დებეტი ყველა უბანს არ ყოფნის. სერვისცენტრის მენეჯერის, ბუთხუზ ხორავას თქმით, უბნებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს. წყალდამჭერი მილის ნაცვლად უნდა ჩაიდგას ურდული, რომელიც დაარეგულირებს უბნებისთვის წყლის მიწოდების გრაფიკს.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები