კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით წიქარიშვილი: „არ შეიძლება, მოსწავლეებს მოსთხოვო იმის ჩაბარება, რაც მისთვის სკოლაში არ უსწავლებიათ“

16 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 წლის საატესტაციო გამოცდების პროგრამა მარტში დაამტკიცა. წელს პირველად მეთორმეტეკლასელებს ატესტატის მისაღებად 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ რეფორმით მოსწავლის ცოდნა უფრო სამართლიანად და ობექტურად შეფასდება. საატესტაციო გამოცდების დანიშვნას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მეთორმეტეკლასელები და მათი მშობლები გამოხატავენ. მათი აზრით, მოსწავლეებს სკოლაში სრულყოფილად არ გაუვლიათ ის საგნები, რაშიც  საკმაოდ რთული გამოცდების ჩაბარება უწევთ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას,  განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირი „ერთობაც“ აპროტესტებს.  humanrights.ge-ს „ერთობის“ წარმომადგენელი დავით წიქარიშვილი ესაუბრება.

- როგორ აფასებთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, მეთორმეტეკლასელთათვის დამამთავრებელი გამოცდების დანიშვნის თაობაზე?

- ეს საკითხი ორი კუთხით უნდა გაანალიზდეს. ერთია წმინდა საგანმანათლებლო და მეორე - ადამიანის უფლებების კუთხით. დავიწყოთ იმით, რომ მეთორმეტეკლასელები არიან ე.წ. რეფორმის მსხვერპლნი. ამდენი ხნის განმავლობაში განათლების სამინისტროში თავი ვერ მოაბეს ერთიანი საგანმანათლებლო იდეოლოგიის და სტრატეგიის შემუშავებას. არ შეიძლება,  მოსწავლეებს მოსთხოვო იმის ჩაბარება რაც მისთვის სკოლაში არ უსწავლებიათ. წლების განმავლობაში არ ხდებოდა მოსწავლის  ნორმალურად გამოკითხვა და ადეკვატური შეფასება. მასწავლებლებს არ ჰქონდათ  გაკვეთილების ნორმალურად ახსნის საშუალება. პრაქტიკულად არ არსებობდა სათანადო  სახელმძღვანელოები და ამ ყველაფრის ფონზე, სწავლების კურსის ბოლოს, ირკვევა, რომ მოსწავლეებს მოუწევთ 8 გამოცდის ჩაბარება ატესტატის მისაღებად. ხოლო ამ გამოცდების სტანდარტი უახლოვდება იმ სტანდარტს, რითაც საბჭოთა სკოლაში ისწავლებოდა. მეთორმეტეკლასელების დიდი ნაწილი, ალბათ, ვერ შეძლებს თავისი ცოდნის დონის წარმოჩენას, მაგრამ იმიტომ არა, რომ არ უსწავლიათ. მოსწავლეებს ძალიან გვიან გააგებინეს, რომ გამოცდების ჩაბარება მათთვის უცნობი წესებით მოუწევდათ. ერთია გარკვეული დისციპლინების შესწავლა სასწავლო პროცესის დროს, ხოლო  საგამოცდოდ მომზადება სხვაა. სასწავლო და საგამოცდო სტანდარტები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.

- ეს მოსწავლეები იმ საგნებს, რისი ჩაბარებაც სწავლების ბოლოს უწევთ, 12 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. არ იყო ეს დრო საკმარისი დისციპლინების იმ დონეზე  მოსამზადებლად, რომ გამოცდებზე მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მაინც გადალახონ?

ფაქტია, რომ თუ მოსწავლეები არ არიან მზად ახალი გამოცდებისათვის, ეს მოუმზადებლობა მათი ბრალი არ არის. ჯერ სწავლობდნენ ტრიმესტრულად, ანუ კლასს უფლება ეძლეოდა, თავად აერჩია ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო საგნები (თუმცა,ხშირი იყო შემთხვევა, როცა ამ საგნებს მოსწავლეებს დირექტორები ურჩევდნენ); მაშინ მოსწავლეები სწავლობდნენ მათთვის პრიორიტეტულ საგნებს, დანარჩენი დისციპლინების სწავლებას ყურადღება თითქმის არ ექცეოდა. ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ერთ (ე.წ.ინტეგრირებულ) საგნად ისწავლებოდა, ასევე -  ისტორია და გეოგრაფია. შემდეგ ესენი გაიყო. დისციპლინების გაყოფის შემდეგ, პრობლემა იყო ახალი სახელმძღვანელოების არარსებობა. მოსწავლეებმა იციან ის, რაც ასწავლეს, მაგრამ რაც არ უსწავლებიათ და რასაც მათგან გამოცდების ჩაბარებისას ითხოვენ, ის არ იციან.  ეს რვა გამოცდა რომ ჩააბაროს მოსწავლემ, რეპეტიტორებთან უნდა მოემზადოს, რასაც, დაახლოებით, 4-5 ათას ლარამდე დასჭირდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 16-17 წლის ახალგაზრდა ვერ გაუძლებს რეპეტიტორებთან და სკოლაში ერთდროულად მუშაობას დღეში 8-10 და მეტი საათის განმავლობაში.

- და ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დარღვევაა?

- დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებამ მთელი ძალისხმევა მიმართა არა აქციის მოთხოვნის (ანუ გამოცდების ნაწილის გაუქმებისა თუ გადადების), არამედ თავად აქციის, როგორც მოვლენის წინააღმდეგ. მინისტრი აცხადებს, რომ საგამოცდო ბარიერი იქნება მინიმალური. ამის დაჯერება ცოტა ძნელია, მაგრამ თუ დავიჯერებთ, რა ახირებაა აუცილებლად რვა გამოცდა და თანაც განსხვავებული სტანდარტით? ყველა სამთავრობო და მთავრობის მხარდამჭერი ტელევიზია ამ ახალგაზრდებს „ოროსნებს“ უწოდებს (ცხადია, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა უწოდა). ერთი სიტყვით, მთელი პროპაგანდისტური მანქანა ამოქმედდა. არავის უფიქრია აქციაზე მისვლა და აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების დაწყება. სამაგიეროდ, იმავე აქციაზე მრავლად არიან უშიშროების მუშაკები. სამსახური დაკარგა 8 სკოლის დირექტორმა, თითქოს მათ შეეძლოთ მისწავლეების აზრების კონტროლი. ხოლო ვინც უარი განაცხადა ნებით სამსახურის დატოვებაზე, მისი ოჯახის წევრებზე დაიწყო მუქარა. დააშინეს აქციის მონაწილეების მშობლებიც. ერთი სიტყვით,  მუშაობენ აქციის  მონაწილეების დაშინებაზე და არა მოლაპარაკებაზე. თუმცა, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ერთი ის, რომ ამ მთავრობას მოლაპარაკება ოპონენტებთან არ გაუმართავს არასდროს. და მეორე - მთავრობის პოზიცია იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ მოლაპარაკების დაწყებისა ეშინიათ.

- შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- ვფიქრობ, არაფერი დაშავდება იმით, თუ წელს მოსწავლის სასარგებლოდ გადაწყდება ეს პრობლემა. არსებობს ათობით გამოსავალი. ბოლოსდაბოლოს, უმაღლესში ნუ მიიღებენ უცოდინარ აბიტურიენტს და ეს იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ახალგაზრდები დასაშინებლად არ უნდა დაუთმოს რეპრესიულ აპარატს. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ ასაკში უსამართლობა ძალიან მტკივნეული ასატანია.

ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი განცხადება გავაკეთო. ოღონდ არ მინდა,ამ თემასთან იყოს დაკავშირებული. ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. განათლების სისტემაში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. აუცილებელია კოორდინაცია არასამთავრობო სექტორს, პროფკავშირებსა (ყვითელი პროფკავშირების გარდა) და განათლების სხვა გულშემატკივრებს შორის. იქნებ რაიმეს გადარჩენა მაინც მოხერხდეს.

ახალი ამბები