კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერნეტკონტროლი საქართველოში

17 ნოემბერი, 2010
თამარ ჩხეიძე, netgazeti.ge

პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში – კანონის მიხედვით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის.

საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, ოპერატიულ–სამძებრო  საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ვალდებული არიან, გამოძიებისთვის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.

კავშირგაბმულობის იმ კომპანიებში, რომლებსაც ნეტგაზეთი  ესაუბრა,  ამბობენ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება 24 სექტემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ წვდომა: კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ფიზიკურ ხაზებთან და მათ  შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან.

მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, რაც ცვლილება ამოქმედდა , ამ დრომდე ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა,  ვისაც კანონის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია აქვს.

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა კანონის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთისგან გაიგო. მან გვითხრა, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოების სახელით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მთავარია, რომ ამ კანონმა, რომელიც შესაძლოა, გვიცავდეს კიბერდანაშაულისგან თუ ტერორისტული აქტისგან, არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“.

მიატოვიჩმა თქვა, რომ ყველაზე მნიშნელოვანია მსგავსი საკითხების მაქსიმალური გამჭვირვალობა: „თუ ეს კანონი მართლაც არსებობს, აუციელებელია, რომ ის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა გამომძიებელს არ შეეძლოს იმის ნახვა, რასაც მოისურვებს“.

„ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება“ – ეს ის უფლებაა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს კანონით მიენიჭა.

სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ან გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შემთხვევისას, როგორც ეს  სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ხდება, საქართველოს  იუსტიციის  სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლება, გააკონტროლონ ელექტრონული ინფორმაცია.

„აქამდე, დავუშვათ, სკაიპის საუბრების კონტროლი  არ იყო ხელმისაწვდომი ოპერატიული მუშაკისთვის. ასევე, ამ კანონით არ იყო გათვალისწინებული  ინტერნეტ რესურსში შეღწევა და იქ დანაშაულის გამოვლენა“, – ამბობს იურისტი ეკა ხუციშვილი.

ის ამბობს, რომ ცვლილებების ძირითადი არსი კიბერდანაშაულის გამოვლენას უკავშირდება. თუმცა, მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, დანაშაული კომპიუტერული ხასიათის იყოს, გამომძიებელმა პირადი კომპიუტერული ინფორმაციის წვდომა რომ მოითხოვოს.

„თუ რეალურად მაილსერვერთან არ აქვს წვდომა, ეს უნდა მოხდეს პროვაიდერებთან შეთანხმებით. კანონში ეს იმიტომ წერია, რომ ადმინისტრატორი  ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – ამბობს ხუციშვილი.

კომპანიები სილქნეტი, აიტიდისი და კავკასუს ონლაინი ნეტგაზეთთან  საუბარში აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და  მათ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც კანონს ექვემდებარება, შეასრულებენ.

კანონით გათვალისწინებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მოითხოვონ:

„ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან. ამ მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი“.

უმრავლესობა ფართო მოხმარების პირადი მეილები და სოციალური ქსელები, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული, არ არის ქართული. მაგალითად, yahoo, gmail, facebook, twitter და სხვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ საქართველოში. მათი გაკონტროლება ქართული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის სირთულეს წარმოადგენს.

ქართულია: ფორუმ.გე, ფოსტა.გე, აიტივი.გე, ფეის.გე – მათ შემთხვევაში გამოძიებას აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ამ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე.

თუ საგამოძიებო სამსახურებისთვის, ეჭვის არსებობის და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, გართულდება ფეისბუქთან, იაჰუსთან და ჯიმეილთან წვდომა, ქართული ფორუმები თუ ფოსტები, მარტივად ხელმისაწვდომია.

თუმცა იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო კანონი, რომლის თანახმად, ხდება სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა.

მაგრამ სხვა ქვეყნის საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი, ზემოთჩამოთვლილი კომპანიები არ გასცემენ ინფორმაციას. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს გამოძიებასთან მუშაობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო სამსახურები ინტერნეტის გაკონტროლების უფლებას მიიღებდნენ.  საბოლოო ჯამში,  ეს კანონი სენატმა არ მიიღო. დებატები ამ დრომდე გრძელდება.

კანონის მიღების მომხრეები აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტებისგან თავის დასაცავად და ასევე, კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამ ტიპის კანონის არსებობა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი საფრთხის შემცველია.

დემოკრატიის და ტექნოლოგიების ცენტრის ერთ–ერთი წარმომადგენელი, გრეგ ნოიემი ღიად აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღება კომპანიების პრივატულობის აქტის დარღვევას ნიშნავდა.

ცნობილ სოციალურ ქსელ ფეისბუქს აქვს თავისი პრივატულობის აქტი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია არ გაიცემა მესამე პირზე.

ვალერი ნასყიდაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ამბობს, რომ კონკრეტულ კომპანიებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა უფლებას მესამე პირს, ამ შემთხვევაში გამოძიებას, მომხმარებლის პირად ინფორმაციას.

ეს ვრცელდება როგორც მეილებზე, ასევე, სოციალური ქსელების პირად საუბრებზე.

ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ მესამე პირს მისცეს ინფორმაცია, არსებობს, მაგრამ საჯაროდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია უარს ამბობს და აცხადებს, რომ  მისი მომხმარებლის პირად ინფორმაციას არ გასცემს.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა.

მაგალითად, არაბეთის ემირატებში RMI-ის ქსელი რამდენიმე დღე იყო გათიშული იმ მიზეზით, რომ სპეცსამსახურებს კოდირების გასაღები უნდოდათ.

ვალერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სამ სავარაუდო საშუალებას ასახელებს.

1.    თუ თავად გაქვს ინფორმაცია აფიშირებული და მითითებული გაქვს სოციალურ ქსელში სტატუსად საჯარო;

2.    თუ შენი პირადი პაროლი არ არის კარგად დაცული;

3.    თუ კომპანიამ ფარულად მისცა შენი პირადი მონაცემები მესამე პირს.

თუმცა მესამე შემთხვევაში, მოპოვებული ინფორმაცია არ გამოდგება საქმის წარმოებისთვის დამამტკიცებელ საბუთად იმიტომ, რომ ის არ ჩაითვლება კანონიერად.

იურისტი ხუციშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურს ჭირდება მოსამართლის ნებართვა, აღნიშნული კანონის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახურს აქვს უფლება, ჯერ ქმედება განახორციელოს, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს, სადაც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება  გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით, იურისტი გვპასუხობს: „ზოგადად, საკანონმდებლო დონეზე ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის იმიტომ, რომ შესაძლებელია  გადაუდებელი აუცილებლობით იყოს საჭირო მოქმედება. და მეორე, არის  პრაქტიკა. გამომძიებელმა კარგად უნდა ჩამოაყალიბოს, რომ დაგვიანების შემთხევევაში, ინფორმაცია აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი“.

ახალი ამბები