კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახიფათო თამაშები - რას მოუტანს საქართველოს ირანთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმი

19 ნოემბერი, 2010
სალომე აჩბა

ხელისუფლების მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებას არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. საზოგადობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ირანის თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობას, ნაწილის აზრით კი, უვიზო რეჟიმის შემოღება გარკვეულ რისკს შეიცავს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებასაც გამოიწვევს. საინტერესოა, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება უსწრებდა წინ. საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯს დასავლეთში უკვე კრიტიკულად გამოეხმაურნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღების მიზანი, ამ ქვეყანასთან თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებით, ჩრდილოეთ კავკასიასთან კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციითა და ტრადიცული ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობით ახსნა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქრთველო-ირანს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება ეკონომიკურ ჭრილში განიხილა და კავკასიასთან დაკავშირებულ ინტერესებსაც გაუსვა ხაზი.

„ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა ეს არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში არსებული პრობლემატიკა მშვიდობიანი გზებით გადაიჭრება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მიაჩნია, რომ უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ტრანზიტი – არის ის, რაზეც უნდა იყოს აგებული რეგიონული თანამშრომლობა. ირანი გამოხატავს მზადყოფნას რეგიონში არსებული პრობლემატიკის გადასაწყვეტად“, – განაცხადა მანუჩერ მოთაქიმ.

საქართველოსა და ირანის საგარეო უწყებების წარმომადგენლების  კომენტარებში არაფერი თქმულა იმ რისკებსა და საფრთხეებზე , რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს და ეს სასარგებლოა როგორც ირანისა და საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და საერთოდ, პოლიტიკური კლიმატისათვის.

ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეული პოლიტიკური რისკების შემცველიცაა და შესაძლოა, ცუდი გავლენა მოახდინოს დასავლეთთან ურთიერთობაზე: „ირანს განსაკუთრებული მდგომარეობა აქვს მსოფლიო პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე, მასთან ურთიერთობას შესაბამისი სიფრთხილე სჭირდება. ამ სიტუაციაში ორ ვერსიაზე შეიძლება საუბარი: ერთია ის, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ დემარშს აკეთებს, რათა საკუთარი დამოუკიდებელი თამაში აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს და ივაჭროს; მეორე ვერსიით კი, საქართველოს ეს ნაბიჯი დასავლეთთან შეთანხმებული აქვს“.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე დასავლეთთან შეთანხმების გარეშე მოხდა, დასავლეთი საქართველოს ზურგს შეაქცევს.

დასავლეთის მხრიდან ოფიციალური კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ჯერ არ გაკეთებულა. ამიტომაც ძნელია დაზუსტებით ითქვას, მოსწონს თუ არა ევროპასა და აშშ-ს საქართველოსა და ირანის დაახლოება, თანაც ისეტ ფონზე, როცა აშშ და ევროპის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო მკაცრად  უპირისპირდება ირანის ბირთვულ ამბიციებს.

„უგუნურება“ - „ნატოში გაწევრიანების ნულოვანი პერსპექტივით“

ირანთან ჯერ არა, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას დასავლეთში მკაცრი და კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, „საერთაშორისო მშვიდობისთვის“ კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა თომას დე ვაალიმ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არარაციონალურ თამაშად შეაფასა: „საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოეთ-კავკასიასთან დაახლოების ახალი პოლიტიკა აამოქმედა, რაც რუსების აზრით, ამ რეგიონის დანარჩენი რუსეთისგან გამოყოფის სტრატეგიაა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივ რეჟიმში შემოიღო უვიზო რეჟიმი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკებისთვის და გაეროში „კავკასიის გაერთიანების“ (ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიის ჩათვლით) საკუთარი იდეით გამოვიდა. ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, პოეტს ან ბიზნესმენს რომ მაინც გამოეთქვა, მაგრამ როცა ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. უგუნურება აქ ახალ ჩვევად იქცა და ასე იქნება მანამ, ვინმე არ გადაწყვეტს რომ დროა, ის წარსულს ჩაბარდეს“.

ჩრდილოეთ კავკასიასთან უვიზო რეჟიმის შემოღება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსმა  უოლტერ რასელ მიდმაც მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, არა მარტო რუსეთი განარისხა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად შეაშფოთა: „ამ ნაბიჯმა განარისხა რუსეთი და სერიოზულად შეაშფოთა შეერთებული შტატები, რომელსაც არ სურს, საქართველომ რუსი დათვი გააღიზიანოს. შეერთებული შტატები ამ იდეას დაჟინებით აპროტესტებს, რადგან ისლამისტი მებრძოლები თავისუფლად გადმოკვეთენ საქართველოს საზღვარს და იხეტიალებენ ქვეყანაში, რომელშიც მრავლად არიან აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, დიპლომატები და სხვა პერსონალი“.
 
ამერიკელი ექსპერტის აზრით, საქართველოს ამგვარი წინდაუხედავი გადაწყვეტილებების გამო, თითქმის ნულოვანი პერსპექტივა არსებობს უახლოეს მომავალში ქვეყნის „ნატოში“ გაწევრიანებისა .

„როგორც დავადგინე, საქართველოს ამ ნაბიჯის გადადგმამდე კონსულტაციები არც ევროპელებთან, არც ამერიკელებთან და საერთოდ არავისთან გაუვლია, რამაც კიდევ ერთხელ განამტკიცა ის აზრი, რომ საქართველოს ფიცხი ხელისუფლება არაპროგნოზირებადი და იმპულსურია. საქართველომ უნდა გააკეთოს ის მძიმე და სასტიკი დასკვნა, რომლის თანახმად, ნატო-ს ევროპელი წევრები წინდაუხედავ და თავნება საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ. არსებობს თითქმის ნულოვანი პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანდება და კიდევ უფრო მცირე პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიწის დიდი ნაწილის ოკუპაცია ახლო მომავალში დასრულდება“, - აცხადებს აშშ-ის  საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი უოლტერ რასელ მიდი.

ძნელი სათქმელია რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით და ნიშნავს თურა ეს გადაწყვეტილებები საქართველოს საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებას.

ფაქტი ერთია - ირანთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან სავიზო რეჟიმის მოხსნით, საქართველომ ერთ შემთხვევაში ურთიერთობა დაამყარა დასავლეთის მიერ თითქმის ტერორისტულ ქვეყნად გამოცხადებულ ირანთან, მეორე შემთხვევაში კი გააღიზიანა „რუსი დათვი“, რასაც ბოლო ხანს თვით დასავლეთიც კი უფრთხის.

ახალი ამბები