კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიშა ჯადოქარი

22 ნოემბერი, 2010
Foreignpress.ge
თომას დე ვაალი

გასულ კვირას, რამდენიმე დღე, მას შემდეგ, რაც თვეებია აქ არ ვყოფილვარ, თბილისში გავატარე და ქართული ცხოვრების ახალმა რეალობამ განსაკუთრებული ძალით შემძრა: მიხეილ სააკაშვილი ისევ მეთაურობს. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხდა. მაშინ  მისი თანამდებობიდან წასვლამდე  ყველა დღეებსღა ითვლიდა. ახლა კი ის ძველებურად საქართველოს უდავო ლიდერია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ვერავინ გაუტოლდება სააკაშვილის პოპულარობას, ხოლო ოპოზიციის ლიდერები მან უკან, მტვერში მოიტოვა.

ამ შემობრუნებას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქართველოს ოპოზიცია დანაწევრებული და დაუხვეწელი აღმოჩნდა –  მას ლოზუნგების წამოყვირება უფრო უკეთ ეხერხება,  ვიდრე ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ მან ინიციატივა პრეზიდენტს და მმართველ პარტიას დაუბრუნა. მას   მემკვიდრეობით მიღებული ისეთი პრობლემები უნდა დაემარცხებინა, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდება ნებისმიერი, ვინც პოსტ-საბჭოთა სივრცეში სტატუს ქვოს დაუპირისპირდება, ესენია: ორგანიზაციული სტრუქტურებისა და რეგიონული ოფისების დეფიციტი, ნაკლებად ხელმისაწვდომი  ნაციონალური ტელევიზიები და ფონდების მოძიების მწვავე პრობლემა, რადგან პოტენციურ დონორებს საგადასახადო პოლიცია აფრთხობს. საქართველოს ყველაზე იმედისმომცემი პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია ჯერ კიდევ ეძებს დასაყრდენს. მან ჯერ კიდევ უნდა შეძლოს გონივრული პოლიტიკური რეცეპტების სახალხო იმპულსად გარდაქმნა.

მაგრამ სააკაშვილის უპირატესობის მთავარი, უდავო მიზეზი საქართველოს პოლიტიკური სივრცის ხელახლა დაპყრობის პროცესში მიღწეული მისი პირადი წარმატებაა. ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს, რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა.

აბა იფიქრეთ, როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელორუსი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, ვინც ამაყობს მსოფლიო ბანკის რეიტინგში („ ბიზნესის იოლად წარმართვა“) მისი ვარსკვლაური შედეგის გამო, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები.

ის ის კაცია, რომელიც ლაპარაკობს „სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარიის“ აშენებაზე (დაბალი გადასახადები, მთავრობის მინიმალური ჩარევა), მაგრამ ამავდროულად ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს (რაც უზარმაზარი რაოდენობის ახალ რეგულაციებს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას მოითხოვს). ერთი და იგივე ლიდერი ნაციონალურ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე ლაპარაკობს და ამავე დროს არის ავტორი ახალი ბრჭყვიალა, შუშის ხიდისა, რომელიც უფრო ჯორჯიის ატლანტას მოუხდებოდა და რომელმაც დაასახიჩრა თბილისის ძველი უბანი.

ყველა პოლიტიკურ დებატში, იქნება ეს ეკონომიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ სოციალური საკითხები, ის  დისკუსიის ორივე მხარეზე ყოფნას ახერხებს. ამას წინათ ციტირებდენ მის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილზე ის მთავრობას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. აი მართლაც პოსტმოდერნისტი პრეზიდენტი.

ზოგიერთი იმასც კი იტყოდა, რომ ასეთი ბუნებრივი პოლიტიკოსით ქვეყნის სათავეში,  საქართველოს სტაბილურობა მიეცა. გარკვეული თვალსაზრისით მან საქართველოს ყველა ოლქს რაღაც მისცა. მაგრამ საბოლოოდ ეს tour de force უნდა დასრულდეს და საქართველომ დღემდე არ იცის, როგორ მოახერხოს ეს. ძველი ისტორიაა: ლიდერი ქმნის სისტემას, რომელშიც ის შეუცვლელი ცენტრია და უბრალოდ ამ ვითარების გაგრძელების ცდუნება უჩნდება.  ნაწილობრივ მას რთულად წარმოუდგენია სიცოცხლე ძალაუფლების გარეშე და ნაწილობრივ ის მმართველი ელიტის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის არბიტრია, რადგან ამ დაჯგუფებებს სჭირდებათ მასტაბილიზებელი ძალა მათ შორის ატეხილი სამოქალაქო ომის შესაჩერებლად.

საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც ოქტომბერში მიიღეს, დაშალა მძიმე საპრეზიდენტო სისტემა, რომელიც სააკაშვილმა 2004 წელს პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ დააწესა და მისი ძალაუფლების უდიდეს ნაწილს პრემიერ-მინისტრის ოფისს გადასცემს – ზუსტად იმ დროისთვის, როცა ის თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს და პრემიერ-მინისტრობა შეეძლება. დღემდე, როდესაც ეკითხებიან, უნდა თუ არა „პუტინივით იმოქმედოს“ და პრემიერ-მინისტრი გახდეს, სააკაშვილი პასუხს თავს არიდებს.

ქართველებს უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს პირველი ორი პრეზიდენტიდან არც ერთს თანამდებობა არჩევნების მეშვეობით არ დაუტოვებია. ზვიად გამსახურდია ძალის გამოყენებით დაამხეს, ედუარდ შევარდნაძე – მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“. სააკაშვილის ყველაზე საუკეთესო მემკვიდრეობა ის იქნებოდა, თანამდებობა მშვიდობიანად დაეთმო და კონსტიტუციურად გადაეცა ვინმესთვის, ვინც თვითონ ის არ არის. პოსტმოდერნული სტილი, როგორც ასეთი, შეიძლება არ გამოდგეს მდგრადი. მომავალი, 2011 წელი საქართველოს ეკონომიკაში ხისტ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. დახმარების დიდი დასავლური პაკეტი, რომელიც 2008 წელს გამოიყო, დასასრულს უახლოვდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს და დიდი ვალების გადახდის ვადა 2012 წელს, ახლოვდება. მომავალი არჩევნების წინაც კი უკვე უკვე საჭირო გახდება განსხვავებული ხელმძღვანელობა, შედარებით ნაკლები უზარმაზარი დაპირებებით და იმგვარი უფრო შეულამაზებელი რეალიზმით, რაშიც ჯადოქარი მიშა ძლიერი ვერ არის.


ახალი ამბები