კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ სპობდა ნაბიჯ ნაბიჯ, „ვარდების“ ხელისუფლება ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრების პროცესს

22 ნოემბერი, 2010
პაატა ზაქარეიშვილი, paatazak@access.sanet.ge

ძვირფასო მკითხველო, თქვენს წინაშე წარმოდგენილია სტატია, სადაც ფაქტებზე დაყრდნობით ვცდილობ წარმოვაჩინო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც, ჩემი აზრით, მიმართული იყო ქართულ-აფხაზური და, სავარაუდოდ, ქართულ-ოსური პირდაპირი და რეგულარული ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს პოლიტიკა ხორციელდებოდა ქართულ-აფხაზური მუდმივმოქმედი არაფორმალური შეხვედრების ჩაშლის გზით. სტატია, მისი ბოლო თავის გარდა, დაწერილია 2005 წლის სექტემბერში. ბოლო თავი ივსებოდა 2005 წლის სექტემბრიდან დღემდე.

2005 წლის 31 ივლისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიების მორიგი, მეთხუთმეტე ქართულ-აფხაზური შეხვედრა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი სოკრატ ჯინჯოლია. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი და პროექტის კოორდინატორი ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილი.

სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ირაკლი ალასანიამ. შეხვედრის დაწყების დღეს მან, მიზეზის დაუსახელებლად, უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობაზე. პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის შეხვედრაში მონაწილეობაზე მოულოდნელმა უარმა დაადასტურა, უკვე იმ დროისთვის, ერთი სამწუხარო პოლიტიკური ტენდენციის არსებობა, რის შესახებაც გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია წინამდებარე სტატიის საშუალებით.

პროცესის შესახებ

აღნიშნული შეხვედრების ციკლი ატარებს სემინარ-დიალოგის ფორმას და ვენაში ჩატარდა ამ ციკლის რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა. შეხვედრათა ამ ფორმატს პირობითად ეწოდება “შლაინინგის პროცესი”, ვინაიდან ამ ციკლის პირველი ორი შეხვედრა ჩატარდა ავსტრიის დაბა შტადშლაინინგში. თხუთმეტივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სულ 83 პირმა. აქედან 45 აფხაზური მხარის წარმოადგენელი იყო, ხოლო 38 ქართული მხარის წარმომადგენელი (ამ პროექტის ბოლო მე-20 შეხვედრა ჩატარდა 2007 წლის 26-30 ივლისს ქალაქ ლონდონში. ოცივე შეხვედრაში სულ მონაწილეობა მიიღო 59 აფხაზმა და 56 ქართველმა მონაწილემ). სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია წარმოგიდგინოთ მონაწილეთა სია.

ეს შეხვედრები რეგულარულად იმართება 2000 წლის თებერვლიდან და მიზნად ისახავს თავისუფალი ფორუმის შექმნას, რომლის ფარგლებში კონფლიქტის მხარეთა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, განიხილონ და გააანალიზონ კონფლიქტის მოწესრიგების ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები.

შეხვედრების ფორმატი არაფორმალური და არაოფიციალური ხასიათისაა. მხარეები არ არიან წარმოდგენილები, როგორც დელეგაციები. ამდენად, ამ შეხვედრებზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. მონაწილეები წარმოადგენენ არა თავიან ინსტიტუტებსა თუ სამსახურებს, არამედ მხოლოდ თავიანთ თავს და შეხვედრაში მონაწილეობენ, როგორც ექსპერტები. მუშაობა ეყრდნობა „ჩათემ ჰაუსის“ პრინციპს, ანუ - დაუშვებელია საჯაროდ რომელიმე მონაწილის ანდა მხარის ციტირება. კონფიდენციალურობის ამ ფორმით უზრუნველყოფილია მუშაობის გულახდილი, პირდაპირი და პრინციპული ხასიათი.

პროექტის არსებითი ნაწილია ის, რომ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ქართველი და აფხაზი მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები. მესამე მხარის წარმომადგენლები, მით უმეტეს, რუსეთის ან, თუგინდ, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეხვედრებში არ მონაწილეობენ. ამდენად, ეს პროცესი დღემდე ერთადერთი ფორმატია, სადაც:

    ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს რეგულარულად და თანმიმდევრულად ეძლევათ საშუალება, კონფიდენციალურად და მესამე მხარეების გარეშე აწარმოონ არაფორმალური დიალოგი;

    მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებისა და ინტერესების შესწავლითა და გათვალისწინებით, განსაზღვრონ საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები;

    დიალოგის ფორმით დააკონკრეტონ ერთმანეთის ხედვები სხვადასხვა საკითხებზე და, შესაბამისად, მოემზადონ მომავალი ან სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრებისთვის;

    წარუდგინონ ერთმანეთს და გამოსცადონ სახლში მომზადებული ახალი წინადადებები და იდეები.

პროექტის პირველი 14  შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: გერმანული ორაგანიზაცია The Berghof Research Center for Constructive Conflict Management (Berlin) („ბერგოფის სახელობის კონფლიქტების კონსტრუქციული მართვის კვლევითი ცენტრი“) და ბრიტანული ორგანიზაცია Conciliation Resources (London)  („შერიგების რესურსები“). ხოლო მეთხუთმეტე შეხვედრიდან პროექტს უშუალო ორგანიზებას უწევს „შერიგების რესურსები“. „შლაინინგის პროცესში“ ეს ორგანიზაციები მონაწილეობენ არა როგორც მხარეები. ისინი არასდროს არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ. ისინი მხოლოდ შეხვედრის ფასილიტაციას ახორციელებენ და დიალოგის პროცესში არ ერევიან.

„შერიგების რესურსები“ 1997 წლიდან უწევს ორგანიზაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. ის ცდილობს, ხელი შეუწყოს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის მუდმივი დიალოგის გამართვას და დაარწმუნოს პოლიტიკოსები, ოფიციალური პირები და სამოქალაქო აქტივისტები კონფლიქტის დემოკრატიული და არაძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის შესაძლებლობაში.

პრობლემის არსი

2004-05 წლებში, ზოგადად, საქართველოში და, კერძოდ, აფხაზეთშიც არსებითად შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება. ორივე საზოგადოებამ არჩევნებისა და შემდგომ, არჩევნებში მიღებული შედეგების დაცვის გზით, შეცვალა არადემოკრატიული, კორუმპირებული და არაადეკვატური მმართველობის ძველი სისტემები და ხელისუფლებაში ახალი ძალები მოიყვანა. საზოგადოებრივი ცვლილებების შესაბამისი ახალი დინამიკა შეიძინა კონფლიქტების მოგვარების პროცესმაც. ეს დინამიკა მკაფიოდ გამოიკვეთა, პირველ რიგში, ქართულ პოლიტიკაში. დადებით იმპულსებთან ერთად, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა, თვალში საცემია ახალი ქართული პოლიტიკის უარყოფითი კონტექსტიც.

გამოიკვეთა შემდეგი პოზიცია, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არანაირად არ შეიმჩნეოდა: საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, არ დაუშვას, ორმხრივ, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მუდმივმომქმედ არაფორმალური ფორმატის შეხვედრებში ქართული პოლიტიკის პასუხისმგებელი პირების მონაწილეობა. დღეისათვის აღნიშნულმა პოზიციამ უკვე ტენდენციის ხასიათი მიიღო და ამის მიჩუმათებამ შეიძლება შეუქცევადი უარყოფითი შედეგები მოუტანოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. პრობლემას უშუალოდ შეეჯახა ზემოთ აღწერილი „შლაინინგის პროცესის“ პროექტიც.

პირველი პრეცედენტი

შეშფოთების პირველი ნიშნები 2005 წლის 7-13 თებერვალს, ქალაქ ლიუბლიანაში დაგეგმილი ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მომზადების დროს გამოჩნდა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (International Institute for Strategic Studies). შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ პარლამენტის წევრები გიგა ბოკერია და გიორგი არველაძე. მათგან წინასწარი თანხმობა მიღებული ჰქონდათ შეხვედრის ორგანიზატორებს და ოსური მხარე ინტერესით ელოდა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის წამყვან პოლიტიკოსებთან არაფორმალურ შეხვედრას. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი უთხრა ბოკერიასა და არველაძეს ქართულ-ოსურ დიალოგში მონაწილეობის მიღებაზე. უარის თქმის საბაბად დასახელებული იყო კარგად გაცვეთილი, დავიწყებული და დაუსაბუთებელი საბაბი, თითქოს უცხოეთში ქართველი პოლიტიკოსების შეხვედრა სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებთან წამგებიანია სახელმწიფოს ინტერესებისთვის და ამ ტიპის შეხვედრებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ისინი ჩატარდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც პარლამენტის უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ადასტურებს, პრეზიდენტის ასეთმა დამოკიდებულებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თვით უმრავლესობის რიგებში. 31 იანვარს, პარლამენტის უმრავლესობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტთან ამ საკითხის განხილვას მწვავე დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა გამოუწვევია. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტის უცნაურმა და უსაფუძვლო პრინციპებმა ლიუბლიანის თებერვლის შეხვედრა ჩაშალა. სიტუაცია ფორმალურად „გადაარჩინა“ ტრაგიკულმა ფაქტმა - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ. შეხვედრა გადატანილ იქნა. ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის სიკვდილმა გადაფარა ნამდვილი მიზეზი ქართულ-ოსური დიალოგის გადატანისა და საშუალება მოგვცა ოსური მხარისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საბაბით, გვემართლებინა თავი. ლიუბლიანის ქართულ-ოსური დიალოგის შეხვედრა მაინც შედგა 14-18 მარტს, მხოლოდ უკვე გამარტივებული შემადგენლობით. ხელისუფლებიდან წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელიც იმ დროისთვის არ ითვლებოდა პრეზიდენტის ვიწრო გარემოცვის წევრად და, შესაბამისად, მისი მონაწილეობა შეხვედრაში არ გულისხმობდა ქართულ პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღები პირის მონაწილეობას (პარლამენტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა 2005 წლის ზაფხულში დატოვა უმრავლესობის რიგები და გახდა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი).

ერთი თვის შემდეგ, 7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, რომელმაც არსებითად და საჯაროდ წარმოაჩინა სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებების მიმართ ქართული პოლიტიკის ახალ მიდგომა: „კოკოითთან და ბაღაფშთან ერთად სხვადასხვა ქალაქში სირბილი დამთავრდა. პირადად მე არ ვაპირებ კოკოითთან და ბაღაფშთან შეხვედრას. მე ამ ხალხს არსად ჩავაკითხავ. თუ მათ რაიმე სურთ, თბილისში ჩამოვიდნენ, მივცემ სამსახურის მისამართს და სახლის ტელეფონსაც კი, მომაკითხონ და მზად ვარ, გახსნილად ველაპარაკო“ („საქართველოს რესპუბლიკა“ #81, 8 აპრილი, 2005 წელი).

ლუბლიანის შეხვედრის არსებითად ჩავარდნის შემდეგ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ბატონებთან: გიგა ბოკერიასთან, გივი თარგამაძესთან, ნიკა რურუასთან და სხვებთან. კითხვაზე - ღირს თუ არა ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებისა და სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლების გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების არაფორმალური, რეგულარული, რუსეთის მხარის გარეშე, შეხვედრების შემდგომი დაგეგმვა, ისინი ცალსახად გვპასუხობდნენ, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია.

პრეცედენტის განმეორება

2005 წლის 23-28 აპრილისთვის დაიგეგმა „შლაინინგის პროცესის“ მორიგი, მეთოთხმეტე შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ბრიტანეთის ქალაქ ოქსფორდში. ქართული ხელისუფლებიდან მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში კახა არდია, პარლამენტის წევრი ნიკა გვარამია და  საქართველოს პრზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ირაკლი ალასანია. ბატონი ირაკალი თავიდანვე კმაყოფილებით დაგვთანხმდა, რომ აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას მისთვის ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზური მხრიდან, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა. მასთან შეხვედრა, ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ახლად დანიშნული საქართველოს პრზიდენტის პირადი წარმომადგენელისათვის. მოულოდნელად, გამგზავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ირაკლი ალასანიამ შეგვატყობინა, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ოქსფორდში გამომგზავრებასთან დაკავშირებით და, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი დღით შეძლებდა, მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში. ასეც მოხდა. აშშ-ში გზად მიმავალმა ირაკლი ალასანიამ, გამოიყენა რა ლონდონში თვითმფრინავზე გადასაჯდომი დრო, დღენახევრის განმავლობაში, გაცნობითი მონაწილეობა მიიღო ქართულ-აფხაზურ არაფორმალურ დიალოგში. აღსანიშნავია, რომ მისმა პერსონამ მოწონება დაიმსახურა აფხაზური ჯგუფის წევრებში. მათ სინანული გამოთქვეს, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ მასთან ურთიერთობისთვის. ჩვენი დაკვირვებით, ირაკლი ალასანიასაც ჰქონდა სურვილი, მეტი დრო დაეთმო აფხაზ პოლიტიკოსებთან სასაუბროდ. ოქსფორდში ირაკლი ალასანიამ შემოგვთავაზა თავისი წინადადება, რომ მომავალში მოგვეწყო შედარებით მოკლევადიანი და მცირერიცხოვანი დახურული ორმხრივი შეხვედრა. სტანისლავ ლაკობა დათანხმდა ამ წინადადებას.

შემდგომი მოვლენების ანალიზიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი დღით, გავლით შეხვედროდა აფხაზ პოლიტიკოსებს, არ უნდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღება ზემდგომმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა აიძულეს. თუმცა, არაფრით არ შემიძლია ამ მოსაზრების დასაბუთება.

აშკარა ტენდენცია

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, ირაკლი ალასანიას წინადადების შესაბამისად, განხორციელდა რამოდენიმე კონსულტაცია მხარეების წარმომადგენლებთან და იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ივლისის ბოლოსთვის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩაგვეტარებინა მცირერიცხოვანი შეხვედრა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ, აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბათალ თაბაღუამ და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა სოკრატ ჯინჯოლიამ. ქართული მხარის შემადგენლობა შემოგვთავაზა საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ირაკლი ალასანიამ. ესენი იყვნენ: საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა, თავად ირაკლი ალასანია.

ყველა მოწვეულმა თანხმობა განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე. გიგი უგულავამ და ირაკლი ალასანიამ ცალ-ცალკე პირადად მოახსენეს პრეზიდენტ სააკაშვილს და დაითანხმეს შეხვედრის ჩატარებისა და მასში მათი მონაწილეობის აუცილებლობაზე.

მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დაინიშნა ქალაქ თბილისის მერად, მის ნაცვლად, შეხვედრაში მონაწილეობა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბოკერიას შესთავაზა (გიგა ბოკერიას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „შლაინინგის პროცესის“ მე-13 შეხვედრაში, რომელიც გაიმართა ბერლინში, 2004 წლის მაისში). ბოკერიამ ითხოვა დრო მოსაფიქრებლად, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისგან პასუხი არ ისმოდა. ირაკლი ალასანიასთან კონსულტაციების შემდეგ შევთანხმდით, გიგა ბოკერიას ნაცვლად მოგვეწვია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე, ქალბატონი მაია ნადირაძე. ქალბატონი ნადირაძე დაინტერესდა შეხვედრით და თანხმობა განუცხადა ალასანიას, მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში.

ვენაში შეხვედრა დაინიშნა 31 ივლისს. ირაკლი ალასანია ვენაში უნდა ჩამოსულიყო აშშ-დან 31 ივლისს დილით. 28 ივლისს დამირეკეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტიის აპარატიდან და შემატყობინეს ნიკა რურუას მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს ვენაში გამომგზავრებას და მთხოვს, დავიბრუნო მის სახელზე გაფორმებული ვენის ავიაბილეთი. ვეცადე, დავკავშირებოდი ბატონ ნიკას ტელეფონზე, მაგრამ დაკავშირება ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, ბატონ ნიკას დღემდე არც ჩემთვის და არც ირაკლი ალასანიასთვის არ აუხსნია, თუ რატომ ვერ შეძლო პირადად დაგვკავშირებოდა რომელიმე ჩვენთაგანს და ეთქვა მიზეზი მისი უცნაური უარის შესახებ. მაშინვე დავუკავშირდი ქალბატონ მაია ნადირაძეს და მან ბოდიშების მოხდით ამიხსნა, რომ გამოუჩნდა სხვა მნიშვნელოვანი საქმეები და ვერც ის ახერხებს ვენაში გამომგზავრებას. სამწუხაროდ, არც მას არ ჩაუთვლია საჭიროდ, ასეთ შემთხვევაში, თავად დაერეკა და ეთქვა მიზეზი, თუ რატომ თქვა უარი შეხვედრაში მონაწილეობაზე.

შეიქმნა გამოუვალი მდგომარეობა. ორი პოლიტიკოსის მოულოდნელმა უარმა სკანდალური ელფერი შესძინა შეხვედრას. აფხაზური ჯგუფი უკვე დაძრული იყო მოსკოვისკენ, რათა იქედან ჩასულიყო ვენაში. ირაკლი ალასანია კი მოდიოდა პირდაპირ აშშ-დან და მხოლოდ მისი, როგორც პოლიტიკოსის მონაწილეობა შეხვედრაში პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევდა თვითონ აფხაზეთში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ირაკლი ალასანია, იმ დროისათვის, არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში. გარდა ამისა, ის დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეცაა. სწორედ ამ თანამდებობის გამო, არიდებენ თავს მასთან ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობაზე აფხაზი პოლიტიკოსები. მხოლოდ იმიტომ, რომ მას გააჩნია პარალელური სტატუსი საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის სახით და რომ ის ვენის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა ქართველ პოლიტიკოსების ჯგუფთან ერთად და შეხვედრას არაფორმალური ხასიათის იქნებოდა, აფხაზი პოლიტიკოსები დათანხმდნენ, მასთან გაემართათ დიალოგი. უცებ ეს პირობა იცვლება და აფხაზების წინაშე პირისპირ რჩებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ალასანია. მოვლენების ასეთი განვითარების ფონზე, უმჯობესი იყო, საერთოდ არ შემდგარიყო ეს შეხვედრა. დავუკავშირდი ირაკლი ალასანიას ნიუ იორკში და მივაწოდე ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ. მან რურუასა და ნადირაძის უარის შესახებ არაფერი იცოდა. სიტუაციის გადასარჩენად, გადავწყვიტეთ, ვენის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოგვეწვია სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ამ შემთხვევაშიც, ალასანია თვითონ დაუკავშირდა სახელმწიფო მინისტრს, აუხსნა სიტუაცია და ამ უკანასკნელმა გამოიჩინა პიროვნული პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პრინციპულად დათანხმდა შეხვედრაში მონაწილეობას.

სახელმწიფო მინისტრის წინადადებით, ქართულ ჯგუფში ჩავრთეთ, აგრეთვე, მისი მოადგილე - გიორგი ვოლსკი და ამით, თითქოს, კრიზისი აღმოიფხვრა. გოგა ხაინდრავამ ვენის შეხვედრის მნიშვნელობაზე და იქ გამგზავრების აუცილებლობაზე მოახსენა მის უშუალო ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ზურაბ ნოღაიდელს და მისგან მიიღო თანხმობა.

29 ივლისის საღამოს დამიკავშირდნენ ალასანიას აპარატიდან კითხვით - მართალია თუ არა, რომ ვენის შეხვედრა იშლება და ალასანია თბილისში ბრუნდება? მე ამაზე ვუპასუხე, რომ ყველაფერი წესრიგშია და შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება დათქმულ ვადებში. თუმცა, ბოლო სატელეფონო ზარმა შემაშფოთა და კიდევ ერთხელ დავუკავშირდი ხაინდრავას და როცა მისგან მივიღე საბოლოო კატეგორიული თანხმობა, დავუკავშირდი ალასანიას ნიუ იორკში. საუბრისას ალასანია ჩამეკითხა: ნამდვილად მოდის თუ არა ხაინდრავა ვენაში და როცა მე მას დავუდასტურე ხაინდრავას პრინციპული პოზიცია, მაშინ მანაც დაადასტურა, რომ ისიც ჩამოვიდოდა. 30 ივლისს ქართული ჯგუფი - ხაინდრავა, ვოლსკი, ზაქარეიშვილის შემადგენლობით - გაემგზავრა ვენაში, სადაც მეორე დილით ჯგუფს უნდა შეუერთდეს ირაკლი ალასანია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროისათვის ალასანიას აპარატში უკვე ცვლიდნენ ირაკლი ალასანიასთვის ნიუ იორკი - ვენის ავიაბილეთს შედარებით გვიან ვადაზე. ანუ, უკვე არსებობდა გადაწყვეტილება, რომ ალასანია არ მიიღებდა მონაწილეობას ვენის შეხვედრაში. თუმცა, ამის შესახებ არავინ არ აპირებდა დროულად ინფორმაციის მოწოდებას.

შეხვედრის დაწყების დღეს, 31 ივლისს, დილით ადრე ვღებულობ ირაკლი ალასანიასგან სმს შეტყობინებას, რათა სასწრაფოდ დავუკავშირდე მას ტელეფონით ნიუ იორკში. სატელეფონო საუბარისას მან მითხრა, რომ მას არ შეუძლია მიზეზის დასახელება, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზებთან შეხვედრაში  ის მონაწილეობას ვერ მიიღებს. მან ბოდიში მოუხადა როგორც ორგანიზატორებს, ისე აფხაზეთიდან ჩამოსული ჯგუფის წევრებს. დილის სესიის დაწყების დროს მე ბოდიში მოვუხადე მონაწილეებს მომხდარის გამო და საბაბად დავასახელე ალასანიას მივლინების მოულოდნელი გახანგრძლივება ვაშინგტონსა და ნიუ იორკში. აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა, კერძოდ სტანისლავ ლაკობამ, მყისიერად აღნიშნა, რომ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ ვლინდება, თუ როგორ არიდებს სააკაშვილი თავს აფხაზებთან სერიოზული ურთიერთობების დამყარებას. ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა აფხაზ პოლიტიკოსებთან, სადაც გამოითქვა ეჭვები, რომ, სავარაუდოდ, ყველაფერი ეს საქართველოს მთავრობაში არსებული უცნაური და გაუმართლებელი პოლიტიკის რეალიზაციაა და, აშკარად, ამ წამგებიანი პოლიტიკის უკან სახიფათო და საეჭვო ამოცანები იმალება. პირადად მე, ვეჭვობ, რომ ალასანიას, ისევე, როგორც რურუასა და ნადირაძის მოულოდნელი და დაუსასაბუთებელი არმონაწილეობა, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის პირადი მოთხოვნების საფუძველზე შეიძლება მომხდარიყო. საინტერესოა, რომ არც ნიკა რურუას, არც გიგა ბოკერიას და არც მაია ნადირაძეს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, დაკავშირებოდნენ ირაკლი ალასანიას და შეეტყობინებინათ მისთვის მიზეზები, რის გამოც ვერ შეძლეს პირობის შესრულება.

შეიძლება ითქვას, რომ არსებითად შეხვედრა ჩაიშალა, ვინაიდან მისი ძირითადი მიზანი იყო ალასანიას მეტი დაახლოება აფხაზეთის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან. თუმცა, ამ შეხვედრით, კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, ვინაიდან ინსტიტუციურად მხოლოდ მისი სტრუქტურა იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში.

 ვენის შეხვედრამ მკაფიოდ გამოააშკარავა ახალი, თვალშისაცემი დინამიკა: აფხაზური მხარე ეძებს ქართულ მხარესთან დიალოგის საშუალებას, ხოლო ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს, არ დაუშვას ასეთი ურთიერთობები.

რა ხდება?

ზუსტად ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა მიზეზმა განაპირობა და რა ინტერესს ემსახურებოდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დღემდე უცნობი, ერთი შეხედვით, უცნაური და ირაციონალური პოზიცია, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი პოლიტიკა:

    არ იქნას დაშვებული ქართულ-აფხაზური მუდმივმოქმედი არაფორმალური პოლიტიკური დიალოგი იმათ შორის, ვისაც რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია თავიანთი საზოგადოებების წინაშე;

    არ იქნას დაშვებული, რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთნდობისა და ერთობლივი ინტერესების ჩამოყალიბება;

    ხელი შეეწყოს დისკრედიტაციასა და უნდობლობის გაღვივებას „შლაინინგის პროცესის“ ფორმატის ტიპის პროექტების მიმართ, რათა, ქართული პოლიტიკის კონტროლის მიღმა არანაირმა ქართულ-აფხაზურმა თუ ქართულ-ოსურმა სამშვიდობო პროცესმა არ გაამართლოს.

ალბათ, არსებობს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც თანმიმდევრულად იბლოკება წლების მიერ გამოცდილი სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობი ღონისძიებები, მაგრამ უტყუარი ფაქტების არარსებობის გამო, იძულებული ვარ, მოსაზრებების, ეჭვებისა და ვერსიების დონეზე ვიმსჯელო:

ვერსია პირველი: სააკაშვილის მიერ არაერთგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია, რომ სეპარატისტებთან შეხვედრები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მისთვის მიუღებელია საქართველოს საზღვრების გარეთ მათთან შეხვედრა (მაგალითად, 2005 წლის 30 სექტემბერს შემთხვევით შევხვდი ნიკა რურუას. მან გაიკვირვა, როცა გაიგო, რომ ვენის შეხვედრა მაინც შედგა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრა ჩაიშალა. უცნაურია, პარლამენტის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, ამ ხნის განმავლობაში არც კი იცოდა და არც კი დაინტერესებულა, გაეგო, რა ბედი ეწია მის მიერ უარყოფილ შეხვედრას. გარდა ამისა, ჩემს კითხვაზე – მისი აზრით, ღირს თუ არა მომავალში ამ ტიპის შეხვედრების დაგეგმვა, პასუხად მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კარგი იქნება, თუ აფხაზები როგორმე თბილისში მოახერხებენ ჩამოსვლას(!!!). ასეთი პასუხით ბატონმა რურუამ ირიბად დაადასტურა, რომ, სულ ცოტა, მის შემთხვევაში მაინც, ვენის შეხვედრაში არმონაწილეობის მიზეზი სწორედ იმ მოთხოვნის შესრულება იყო, რომელიც აფხაზებთან ორმხრივ დიალოგს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გულისხმობს!). ეს პოზიცია გავრცელებული იყო 1994-1995 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონ თამაზ ნადარეიშვილის გარემოცვაში, და, სულ მალე, მათ თვითონვე აღიარეს ასეთი პოზიციის უარყოფითი შედეგები და თავადვე დაიწყეს მონაწილეობა ამ შეხვედრებში. ამ პოზიციის რეანიმაცია მოახდინა პირადად მიხეილ სააკაშვილმა, მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. სამწუხაროდ, დღემდე არ მომხდარა არგუმენტირებული დასაბუთება, თუ რა საფრთხეები და რისკებია ჩადებული ორმხრივ არაფორმალურ შეხვედრებში საზღვარგარეთ, მაშინ, როცა ალტერნატივა – შეხვედრების არარსებობაა. ეს არის უაღრესად ზედაპირული, არაკომპეტენტური და ვოლუნტარისტული  პოზიცია. იგი ეწინააღმდეგება კონფლიქტების მოგვარების ელემენტარულ პრინციპებსა და თეორიებს. ჩემი აზრით, თვით ეს პოზიცია ატარებს თავის თავში მნიშვნელოვან საფრთხეს, ვინაიდან ქართულ პოლიტიკას აქცევს თავისივე ირაციონალური პოლიტიკის მძევლად.

პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს კონფლიქტში არსებული სტატუს კვოს გაუქმება. ის ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს, აფხაზურ თუ ოსურ მხარესთან იპოვოს ნდობისა და თანამშრომლობის ისეთი გზები, როგორიც უკეთესად შეგვასწავლის მათ ინტერესებს, საფრთხეებსა და შიშებს. საუკეთესო საშუალება - რეგულარულად მივიღოთ აფხაზეთში თუ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია - არის სწორედ ორმხრივი მუდმივმოქმედი არაფორმალური შეხვედრები. წინა წლებში გაწეული მუშაობის შედეგად, უკვე არსებობს ასეთი ურთიერთობების გასამართი მდგრადი ფორმატი. მისგან უარის თქმა არსებითად დააზარალებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით, როგორც აფხაზების, ისე ოსების ინტერესებშია საქართველოსგან მეტად დისტანცირება, როგორც დროში, ისე სივრცეში. თუ ორმხრივი მუდმივმოქმედი შეხვედრების ფორმატის განხორციელებისთვის მათ ჩვენს პირობებს წავუყენებთ, ისინი დიდი სიხარულითა და წარმატებით არ შეასრულებენ მას. მთავარია, უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვჭირდება თუ არა ჩვენ აფხაზეთის თუ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებულ წამყვან პოლიტიკოსებთან ორმხრივი, მუდმივმოქმედი არაფორმალური პოლიტიკური დიალოგის პროცესი? და თუ საჭიროდ ვთლით ასეთი პროცესის აუცილებლობას, მაშინ აფხაზებს და ოსებს იქ უნდა ვხვდებოდეთ, სადაც ეს მათთვის ყველაზე უფრო მისაღებია, ვინაიდან, ეს პროცესი ჩვენს ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე მათ ინტერესებს. ასე რომ, პოზიცია - სეპარატისტებთან შეხვედრები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, კონტრპროდუქტიულია, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებისათვის. კარგი იქნება, თუ მოხდება მსჯელობა იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის, ვინც ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა პოზიციებზე დგანან. სამწუხაროდ, ასეთი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ყოველგვარი კოლექტიური და საექსპერტო განხილვების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღება უმაღლეს დონეზე.

ვერსია მეორე:ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს შეიარაღებული გზით არსებული კონფლიქტების მოგვარებას. ამ პოზიციას, თუმცა შეფარვით, მაგრამ რეგულარულად და რიგრიგობით აჟღერებენ თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და არც თუ იშვიათად, თვით საქართველოს პრეზიდენტიც. თუ ამ ვერსიას დავუშვებთ, მაშინ ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ნდობის აღდგენითი ურთიერთობების გაღრმავება აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. იმ შემთხვევაში, თუ, მუდმივმოქმედი არაფორმალური შეხვედრების შედეგად, მხარეებმა სერიოზულ სამშვიდობო პროცესს ჩაუყარეს საფუძველი, შემდგომ, ქართული მხარის მიერ ამ პროცესიდან გამოსვლა მოკავშირეებისა და საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერას ეჭვქვეშ დააყენებს. შესაბამისად, მუდმივმოქმედ არაფორმალურ შეხვედრებში არმონაწილეობით ქართული მხარე გაურბის შემდგომში შესაძლო პასუხისმგებლობას. ამ ვერსიას თუ მართლაც გააჩნია საფუძველი, მაშინ ხელისუფლების ამჟამინდელი ქცევა სრულებით ლოგიკური და გამართლებულია, თუმცა ამორალური. მას ურჩევნია სეპარატისტული მხარეების ლიდერებთან გააგრძელოს „მეგაფონური დიპლომატიის“ (როცა მხარეები ერთმანეთთან ურთიერთობას მხოლოდ ტელევიზორისა და ოფიციალური განცხადებების მეშვეობით ახორციელებენ) ფორმატში ურთიერთობა, რათა შემდეგ, კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის არარსებობის საბაბით, მათ გადააბაროს პასუხისმგებლობა და გაამართლოს შეიარაღებული გზით პრობლემის მოგვარების გარდაუვალობა. 

ვერსია მესამე: რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს შეიძლება იყოს რუსეთის ფაქტორი. საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის აღვირახსნილი და გამომწვევი როლი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში და მისი ინტერესების რეალიზაციის, ყოველგვარ პოლიტიკურ კორექტულობას მოკლებული საშუალებები. თუ არსებობს მხარე, ვის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს ქართულ და აფხაზურ, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის წარმატებული რეგულარული ორმხრივი შეხვედრები, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმა რუსეთის ინტერესებისა და გავლენის შესუსტებისა, სწორედ ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული პროცესია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლია იმ პირობების განხილვაც, სადაც რუსეთის ინტერესები შეიძლება გავლენას ახდენდნენ ქართულ პოლიტიკაზე. მაგრამ რა ფორმით შეიძლება რუსეთის ფაქტორი ახდენდეს გავლენას საქართველოს პრეზიდენტზე? საყოველთაოდაა ცნობილი მიხეილ სააკაშვილის რუსეთის პოლიტიკის მიმართ აგრესიული განცხადებები და ქცევები. ძნელია, დანამდვილებით მიუთითო რომელიმე პოლიტიკოსზე, ვინც შეიძლება იყოს რუსეთის სახელმწიფო ინტერესების ლობისტი საქართველოს ხელისუფლებაში, მაგრამ ერთ-ერთზე, ვისზეც შეიძლება დაფიქრება, ალბათ, პრეზიდენტის ბიძა - თეიმურაზ ალასანიაა. ამ მიმართულებებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ლოგიკური ჯაჭვის აგება, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, მხოლოდ შიშველ მოსაზრებებზე დაყრდნობამ შეიძლება, ცრუ შედეგებზე გაგვიყვანოს. ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ საჭიროა, მისი შემდგომ განვითარებაზე მეთვალყურეობა და ინფორმაციის რეგულარული დამუშავება. სხვა პიროვნება, ვინც შეიძლება რუსეთის ინტერესებს უაპელაციოდ ლობირებდეს სააკაშვილის წინაშე, მე არ ვიცი.

ვერსია მეოთხე: ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის - ირაკლი ალასანიას ფაქტორი. საექსპერტო საზოგადოებაში არსებული ინფორმაციით, ირაკლი ალასანია მოიაზრება იმ პერსპექტიულ პოლიტიკოსთა ჯგუფში, ვის მიმართაც აშშ ადმინიატრაციას თავისი ინტერესები გააჩნია. ქართულ პრესაშიც არაერთხელ გაუჟონავს ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ალასანიას მოიაზრებენ ამა თუ იმ ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად. არა არის გამორიცხული, ისინი, ვინც ალასანიას მოიაზრებენ თავის შესაძლო ალტერნატივად, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცდილობენ, ხელი შეუშალონ მას წარმატებული პოლიტიკური კარიერის გამართვაში. აშკარაა, რომ ხელისუფლებაში არის ძალა ან პიროვნება, რომელიც უფრო ძლიერია და კონფლიქტების საკითხებში გადამწყვეტი ხმის მეტ უფლებას ფლობს, ვიდრე კონსტიტუციით მინიჭებული ამ უფლების მატარებელი ირაკლი ალასანია (2006 წლის 12 ივნისს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია დაინიშნა გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე. ამით ის ჩამოშორდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ყოველდღიური მოგვარების პროცესს). მაგრამ ამ ვერსიის წინააღმდეგ არსებობს კონტრარგუმენტი: ირაკლი ალასანიას არანაირი შეხება არ ჰქონია ლუბლიანის 2005 წლის თებერვლის ქართულ-ოსურ შეხვედრასთან, რომელიც, ასევე, დაზარალდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჩარევის შედეგად.

ვერსია მეხუთე: პაატა ზაქარეიშვილის ფაქტორი. მე, 1996 წლიდან, ვმონაწილეობ სხვადასხვა ფორმატის ქართულ-აფხაზურ პროექტებში, რომლებიც, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოების მიერაა ინიცირებული. მათი უმრავლესობა ხორციელდება ორმხრივი, არაფორმალური შეხვედრების სახით. ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ჩემი მონაწილეობა ამ შეხვედრებში ყოველთვის იყო, როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წევრის მონაწილეობა.
 ამავე დროს, მე ვარ “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” წევრი. მას შემდეგ, რაც “რესპუბლიკურ პარტიასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მოხდა არსებითი და ღირებულებითი ხასიათის დისტანცირება, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ეჭვიანობდეს ჩემს რესპუბლიკელობაზე და, შესაბამისად, სურდეს ჩემი ჩამოშორება არაფორმალური დიალოგის პროცესიდან. როგორც წესი, ჩემს პირდაპირ კითხვაზე, არის თუ არა ჩემი პერსონა მიუღებელი დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ვღებულებ არც ისე გულახდილ პასუხს, რომ - არა! ჩემთვის პირდაპირ ან ირიბად, მესამე პირის საშუალებით, ხელისუფლებას არ უცდია შეეტყობინებინა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პროცესში ჩემი მუდმივი მონაწილეობის მიმართ. იქნებოდა უაღრესად არაკონსრუქციული და გონიერებას მოკლებული, თუ, ჩემს გამო, მმართველი პოლიტიკური ძალა უარს იტყვის ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობაზე. თუ, მართლაც ჩემი მიზეზის გამო, ხელისუფლება უარს ამბობს შეხვედრებში მონაწილეობაზე, მე, არც თუ დიდი სიამოვნებით, მაგრამ მაინც, დავუთმობ მათ ასპარეზს, თავიანთი კონტაქტებით განახორციელონ მსგავსი ან უკეთესი პროექტები, ხოლო მე, ჩემი რესურსებიდან გამომდინარე, განვაგრძობ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ფორმატის შენარჩუნებას, რათა არ შეწყდეს ერთმანეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლისა და ნდობის აღდგენის პროცესი.

ეჭვი მეპარება, რომ ჩემი პერსონალური მიუღებლობა იყოს განმაპირობებელი პროცესის ჩაშლაში. ვფიქრობ, რომ უფრო ღირებულებით შეუსაბამობას აქვს ადგილი ჩემსა და მმართველი ელიტის პოზიციებს შორის. ამ შეუსაბამობის განმსაზღვრელი საქართველოს ხელისუფლების ძალისმიერ პოლიტიკასა და ქართული საზოგადოების წიაღში არსებულ სამშვიდობო პოლიტიკის მზარდ მოთხოვნას შორის განსხვავებაა. მმართველ ძალას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ზოგადად ჩემი ჩამოშორება სამშვიდობო სტრატეგიის პროცესიდან შეუძლებელია. მე ნამდვილად არ ვაპირებ,  უარი ვთქვა ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობაზე და განვაგრძობ, ჩემთვის ხელმისაწვდომ არხებითა და რესურსებით, არგუმენტირებული ალტერნატიული ქართული პოზიცია მივაწოდო, როგორც აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, ისე, საკუთრივ, ქართულ საზოგადოებასაც.

თუ ხელისუფლება ჩემი პოზიციის წინააღმდეგ გამოდის, მიმაჩნია, რომ ეს, არა პოლიტიკური ოპონენტისათვის მოქმედების არეალის შეზღუდვაა, არამედ - აფხაზებისა და ოსებისათვის მისაღები წინადადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფუჭი მცდელობაა. ხელისუფლებისგან განსხვავებულ და აფხაზებისა და ოსებისათვის საინტერესო ალტერნატიულ ქართულ პოზიციას ვაჟღერებ არა მარტო მე, არამედ სამშვიდობო პროცესში ჩართული ქართული, მათ შორის დევნილი, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ვერსია მეექვსე: სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შესუსტება კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში, მისი დისკრედიტაციის მიზნით. ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ხელუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობაზე უარის თქმა, როგორც წესი, ხდება, შეხვედრამდე რამოდენიმე დღით ადრე, როცა სიტუაციის გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუ ხელისუფლებას, ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიების შემთხვევაში, სურს პროცესის გაჩერება, მას შეუძლია, თავიდანვე უარი თქვას შეხვედრებში მონაწილეობაზე. მაგრამ, რაღაც, შესაძლო ფარული, სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც, ალბათ, აფხაზებისათვის და ოსებისათვის მისაღები პოზიციის დაუშვებლობას ისახავს მიზნად, ისინი ჯერ იძლევიან თანხმობას, მონაწილეობა მიიღონ შეხვედრებში და ბოლო მომენტში, უარს ამბობენ მასზე. ამით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით რეალიზებული ორმხრივი არაფორმალური შეხვედრები არ არის კარგად ორგანიზებული და არასაიმედო ორგანიზაციები ახორციელებენ მათ. ამ ქმედებით მათ პრობლემის არსებითი მხარიდან ფორმალურ მხარეზე სურთ ყურადღების გადატანა. დასაშვებია, რომ ხელისუფლებას სურს, სახელი გაუტეხოს პროცესს საერთაშორისო დონორებისა და შეხვედრებში მონაწილე დანარჩენი მხარეების თვალში. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ორგანიზაციები, მომავალში უნდობლობას გამოუცხადებენ პროცესს და საბოლოოდ შეწყვეტენ პროექტების მხარდაჭერას. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების  გათვლით, არა მხოლოდ პროცესი გაჩერდება, არამედ პროცესის ხელისშემშლელი რეალური ინიციატორის, ანუ ხელისუფლების ჭეშმარიტი სახეც მოხერხებულად დაიფარება!

ვერსია მეშვიდე: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სრულიად ბანალური ეჭვიანობა თავისი თანაგუნდელების მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს არ სურს, თავისი პერსონალური კონტროლის გარეშე, განვითარდეს ისეთი პროცესები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ თვითკმარი პოლიტიკოსების ჩამოყალიბებას მის გუნდში. თუ ისეთ რთულ და დღემდე ჩიხში მოქცეულ საკითხში, როგორიც კონფლიქტების მოგვარებაა, რომელიმე პოლიტიკოსი შესძლებს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას, ამით ის აშკარად გაზრდის თავის პოლიტიკურ დივიდენდებს საზოგადოებისა და ამომრჩევლის თვალში. ეს წარმატება, თავის მხრივ, შეიძლება ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს მიხეილ სააკაშვილისთვისაც. თუ ამ ვერსიას აქვს საფუძველი არსებობისა, მაშინ ყველა ზემოთ მოყვანილ ეპიზოდს აქვს შესაბამისი ახსნა და ლოგიკა. გამოდის, - ოღონდ სხვამ წარმატებას არ მიაღწიოს და სააკაშვილი მზადაა, კონფლიქტის მოგვარების მდგრადი ფორმატიც დაასამაროს! ამის გარდა, ადვილად იხსნება შეხვედრების წინ მონაწილეთაგან ადრე მიღებულ თანხმობებზე მოულოდნელი უარის თქმის მიზეზებიც. როგორც ჩანს, მათ გადაწყვეტილებაზე უშუალო გავლენას ახდენენ გარედან, მათი ნების საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, შეხვედრების ორგანიზატორები და დონორი ორგანიზაციები ხელისუფლების ბუნდოვანი პოზიციის მძევლები ხდებიან. არამდგრადი და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკის პირობებში ისინი შეხვედრებს ვერც გეგმავენ და, რაც მთავარია, ინტერესიც ეკარგებათ, განახორციელონ მომავალში ამ ტიპის პროექტები. ალბათ, სწორედ ამ შედეგებზეა ორიენტირებული ამ ვერსიის ავტორი.

ამ ვერსიის არსებობის შემთხვევაში, სააკაშვილს უნდა აშფოთებდეს, მისი კონტროლის გარეშე, მიმდინარე დიალოგის წარმატება. ალბათ, მას სურს, რომ ქართული ჯგუფის სრული შემადგენლობა მასთან იყოს შეთანხმებული. შეხვედრების ორგანიზატორები კი თვლიან, რომ ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამით მოხდება პროექტის ფორმატის პროფანაცია. მონაწილეებს მოუწევთ, წარმოადგინონ არა თავიანთი პოზიციები, არამედ - მათთვის ნებართვის გამცემი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციები. შეხვედრები დაემსგავსება დელეგაციების ოფიციალურ შეხვედრებს, სადაც პოლიტიკური ლიდერების ინტერესების დაცვა იქნება პრიორიტეტული და არა მოწინააღმდეგე ჯგუფის ინტერესებისა და პოზიციების შესწავლა. შედეგად მივიღებთ მორიგ უსაგნო მოლაპარაკებებს და არა დიალოგს.

და ბოლოს, ვერსია მერვე: არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს თავისი საკუთარი ორმხრივი კონტაქტები აფხაზურ ან ოსურ მხარეებთან. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მე ან სხვა ექსპერტებს გვექნებოდა ამ პარალელური პროცესის შესახებ მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაცია. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კონფიდენციალურობის დონე იმდენად მაღალია, რომ ინფორმაცია არსებული კონტაქტების შესახებ საიმედოდაა დაცული. ასეა თუ ისე, ამ ვერსიის შემთხვევაშიც, თუ ხელისუფლება ხვდება ასეთი შეხვედრების აუცილებლობას, მაშინ ალოგიკური უნდა იყოს ხელის შეშლა და არგამოყენება სხვა ამ ტიპის შეხვედრებისა, რათა რეგულარულად და დამატებით ხდებოდეს არსებული ან მოსალოდნელი ინფორმაციების გადამოწმება.

როგორ მოვიქცეთ?

მიმაჩნია - რა მიზეზიც არ უნდა იყოს სინამდვილეში, პროცესი არ უნდა გაჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში - ისინი, ვისაც პროცესის გაჩერება სურთ, თავის მიზანს მიაღწევენ და შეექმნებათ ილუზია, რომ შეუძლიათ, მათგან დამოუკიდებელი პროცესები, არა მარტო აკონტროლონ, არამედD მართონ კიდეც. აშკარაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დამოუკიდებლად ვეღარ ღებულობენ გადაწყვეტილებას და, ბოლო მომენტში, იძულებულნი არიან, დაემორჩილონ ზემოქმედებას, ამის გამო, ყოველი შეხვედრა ჩაშლის საშიშროების წინაშე დგება. იმისათვის, რომ პროცესი არ გაჩერდეს, შემდეგ შეხვედრაზე უნდა მივიწვიოთ იმ კატეგორიის ფიგურები, რომლებიც, საზოგადოებაში არსებული ლეგენდით, პირდაპირ არ უნდა ემორჩილებოდნენ სააკაშვილსა და მის ვიწრო გარემოცვას, მაგრამ მათ რეკომენდაციებსა და წინადადებებს, ჯერ კიდევ, უწევენ ანგარიშს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში გამოიკვეთა გავლენიან პირთა ჯგუფი. ამ ჯგუფის წარმომადგენელნი თვლიან, რომ, სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შეიძლება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული და საბედისწერო შეცდომების დაშვება. და პირიქით, თანამშრომლობის არარსებობის შემთხვევაში, მათი აზრით, ქვეყანაში შეიძლება შეუქცევადი უარყოფითი პროცესები განვითარდეს. თუ ეს ჯგუფი მართლა ინარჩუნებს არსებით დამოუკიდებლობასა და გავლენას ხელისუფლების მაღალ ფიგურებზე, მაშინ მათი მონაწილეობა შემდეგ “შლაინინგის ფორმატის” შეხვედრებში მიზანშეწონილი იქნება. ასეთ ფიგურებად წარმომიდგენია: ლევან რამიშვილი, ალექსანდრე რონდელი, დავით დარჩიაშვილი, გია ნოდია. თუ, შეხვედრის შემდეგ, ეს პირები დარწმუნდებიან, რომ პროცესი სასარგებლოა, ხოლო მისი გაჩერება - წამგებიანი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში, მაშინ მათმა დასკვნებმა და წინადადებებმა გავლენა უნდა მოახდინონ, როგორც სააკაშვილზე, ისე მის გარემოცვაზე და, ამით, აზრი შეეძინება შეხვედრების პროცესში ხელისუფლების ინტერესებისა და წინადადებების ხელახლა გათვალისწინებას. მაგრამ - თუ გავლენიანი ექსპერტების მონაწილეობის შემდეგაც, ხელისუფლება განაგრძობს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ორმხრივი შეხვედრების ბლოკირებას, მაშინ ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ჩვენ Yყველანაირად ვეცადეთ, ხელი შეგვეწყო სამშვიდობო პროცესში მმართველი ჯგუფის ყველა წინადადების გათვალისწინებას, თუმცა, შედეგად ყოველთვის პროცესის იგნორირებას ვაწყდებოდით (დროთა განმავლობაში ჩვენ შევთავაზეთ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის შეხვედრებში, მაგრამ დარჩიაშვილის გარდა ყველამ უარი განაცხადა ერთხელ მაინც შეხვედროდნენ აფხაზ პოლიტიკოსებს). ამიერიდან, თანამშრომლობაზე მათი თანმიმდევრული უარი ხელ-ფეხს გვიხსნის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების ინტერესები გავითვალისწინოთ და შეხვედრებში მაქსიმალურად ჩავრთოთ როგორც ექსპერტები, ისე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. ვინაიდან ხელისუფლება პრინციპულად ბლოკავს სწორედ მათთვის შექმნილი შეხვედრების ფორმატს, უნდა გავაფართოვოთ მონაწილეთა რაოდენობა, ოპოზიციური პარტიების ჩართვის გზით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრების ჩვეული მეთოდით იგნორირებას, ფორმალურად შეხვედრებს მაინც არ ჩავშლით და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიეცემათ მეტი საშუალება, აფხაზურ და ოსურ მხარეებს მიაწოდონ მათვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ინფორმაცია და წინადადებები. ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის მუდმივად უნდა იყოს დატოვებული საშუალება, ნებისმიერ დროს შემოუერთდნენ პროცესს ან გამოიყენონ ჩვენი რესურსები მათთვის მისაღები სხვა ფორმატის გასახორციელებლად.

რა მოგვიტანა ასეთმა შეხვედრებმა?

ხშირად მისვამენ რიტორიკულ კითხვას – რა მოგვიტანა ასეთმა შეხვედრებმა? მე ვთვლი რომ ასეთმა შეხვედრებმა, სულ ცოტა, ხუთი თვალშისაცემი შედეგი მოგვიტანა:

1.    შეხვედრების რეგულარულობა აძლევდა მონაწილე მხარეებს განცდას, რომ ნებისმიერ რთულ თემას და პრობლემას, რომელიც დროდადრო წარმოიქმნებოდა მხარეებს შორის, ასეთი შეხვედრების დროს აუღელვებლად და ამომწურავად განიხილავდნენ და მიიღებდნენ არაპოპულისტურ და არადემაგოგიურ პასუხებს მათ მიერ დასმულ კითხვებზე;
2.    შეხვერდების რეგულარულობა ხელს უწყობდა მხარეებს შორის მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მუდმივ და თანმიმდევრულ გაცვლას;
3.    ამ შეხვედრების ფორმატში ჩაისახა და ხორცი შეესხა “საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კონცეფციის” პროექტის შემუშავებას; 
4.    ამ შეხვერდების ფორმატის საშუალებით ხელი შეეწყო ირაკლი ალასანიას, როგორც ფენომენის, შექმნასა და განვითარებას;
5.    აფხაზური მხარის, აფხაზი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უპირატესი ნდობა სწორედ ამ ფორმატის შეხვედრებისადმი.

P.s - ისტორიის გაგრძელება

2006 წლის 18-20 მარტს ლონდონში გაიმართა ქართულ-აფხაზურ შეხვედრათა “შლაინინგის პროცესის” ციკლის მეჩვიდმეტე სემინარ-დიალოგი. ამ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი ერთი თვით ადრე გამოთქვეს ბატონებმა ნიკა გვარამიამ, ირაკლი ალასანიამ და დავით ბაქრაძემ, მაგრამ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე სამივემ, სხვადასხვა მიზეზით, უარი თქვეს ლონდონში გამგზავრებაზე. ბოლო მომენტში იძულებული შევიქენით, გამოკლებული მონაწილეების ადგილები შეგვევსო ივლიანე ხაინდრავას, ვახტანგ ყოლბაიასა და დავით ბაზღაძის ჩართვით.
2006 წლის 9-13 ივნისს ავსტრიის დაბა შლაინინგში დაიგეგმა ქართულ-აფხაზურ შეხვედრათა “შლაინინგის პროცესის” ციკლის მეთვრამეტე სემინარ-დიალოგის ჩატარება. უკვე 20 აპრილისთვის ივნისის შეხვედრაში მონაწილეობაზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სურვილი გამოთქვეს ირაკლი ალასანიამ და ნიკა გვარამიამ. მათ გვთხოვეს, რომ 10 მაისისთვის მოგვცემდნენ საბოლოო პასუხს. 9 მაისს როგორც ალასანიამ ისე გვარამიამ უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე.

“შლაინინგის პროცესის” მე-19 შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2006 წლის 15-18 დეკემბერს ლონდონში, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გიორგი ლორიამ და გიორგი ვოლსკიმ.

“შლაინინგის პროცესის” შემდეგი, მე-20 შეხვედრის ჩატარება დაიგეგმა 2007 წლის 27-30 ივლისს ლონდონში. წინასწარ არსებობდა შეთანხმება პარლამენტის წევრებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან დავით ბაზღაძესთან და როინ ჯანაშიასთან. აგრეთვე, უშიშროების საბჭოს თანამშრომელთან, გიორგი ქაჯაიასთან. მაგრამ, გამგზავრებამდე შვიდი დღით ადრე, სამივემ უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობაზე. 20 ივლისს, პარასკევ დღეს, მე დამიკავშირდა დავით ბაზღაძე და მითხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ კატეგორიულად მოსთხოვა მას და ჯანაშიას, რომ მათ უარი ეთქვათ ლონდონის შეხვედრაში მონაწილეობაზე. ბურჯანაძემ განუცხადა ბაზღაძეს, “ჩვენ (აქ ალბათ უნდა იგულისხმებოდეს საქართველოს ხელისუფლება) ასეთი ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ ვღებულობთო”. არადა ერთი წლით ადრე, სწორედ მან, ნინო ბურჯანაძემ, სწორედ დავით ბაზღაძეს ნება დართო, მიეღო მონაწილეობა შლაინინგის 2006 წლის მარტის მე-17 შეხვედრაში. საინტერესოა, რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? რომელ ფორმატში მონაწილეობს ბურჯანაძე? ან რომელ, ან როგორ ფორმატში სურს, რომ მიიღოს მონაწილეობა მან, ან მისი გუნდის წევრებმა? ფაქტია, რომ აფხაზურ მხარესთან დიალოგის არანაირი ფორმატი არ არსებობდა და ამ ფონზე საეჭვოდ გამოიყურებოდა ის პოზიცია, რომელიც იგნორირებას უკეთებდა არსებულ ფორმატს და არ აყენებდნენ არაფორმალური შეხვედრების ორგანიზატორებთან იმ პირობებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც იგივე ბურჯანაძის გუნდის წევრები არაფორმალურ დიალოგში მიიღებდნენ მონაწილეობას.

2007 წლის 21-25 სექტემბერს გერმანულმა ორაგანიზაციამ, “ბერგოფის სახელობის კონფლიქტების კონსტრუქციული მართვის კვლევითმა ცენტრმა” კვიპროსზე გამართა ქართულ-აფხაზური შეხვედრა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობაზე (წინასწარი თანხმობის შემდეგ), უარი განაცხადეს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის მოადგილეებმა რუსლან აბაშიძემ და დიმიტრი მანჯავიძემ.

“შერიგების რესურსების” მიერ განხორციელებულმა კონსულტაციებმა შესაძლებელი გახადა “შლაინინგის პროცესის”, მორიგი, 21-ე შეხვედრის ჩატარება. მიუხედავად 2008 წლის ივნისს-ივლისის სერიოზული დაძაბულობისა კონფლიქტურ ზონაში, აფხაზურმა მხარემ, კერძოდ, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ პრინციპული თანხმობა განაცხადა აფხაზური მხარის შეხვედრაში მონაწილეობაზე. შეხვედრა დაიგეგმა 2008 წლის 27-30 ივლისს ქალაქ ლონდონში. შეხვედრის უმტკივნეულოდ და ხელისუფლებისათვის მისაღებ რეჟიმში წარმართვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - პაატა ზაქარეიშვილს არ მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, ვინაიდან, ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან, აშკარად იგრძნობოდა მის მიმართ გარკვეული გაღიზიანება. შეხვედრაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა პარლამენტის წევრმა პეტრე მამრაძემ, მაგრამ ითხოვა დრო პარლამენტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებისთვის. ამით  ამოიწურა, ხელისუფლების მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრაში მონაწილეობაზე მკიცე და პრინციპული უარი განაცხადეს პარლამენტის უმრავლესობის სამმა წევრმა. ამასობაში, სანამ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, პარლამენტის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პეტრე მამრაძემაც. ქართულ მხარესთან ჩატარებული უშედეგო კონსულტაციების შემდეგ “შერიგების რესურსებმა” მიიღო გადაწყვეტილება, 2008 წლის ივლისის ბოლოს დაგეგმილი “შლაინინგის ფორმატის” შეხვედრა გადაედო განუსაზღვრელი პერიოდით.
2008 წლის 4 აგვისტოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე (კახა) ლომაიამ განაცხადა `ნუ მოვიტყუებთ თავს, აუცილებელია დიალოგის წარმართვა რუსეთთან და არა სიარული სოხუმსა და ცხინვალში~.
8 აგვისტომდე 4 დღე რჩებოდა...


სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „რეზონანსში“ (#256-257-259)
19-20-22 სექტემბერი, 2008 წელი

ახალი ამბები