კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტრო შსს-თან ერთად - „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“

25 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, თემაზე „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამოცხადებული კონკურსების ვადა 25 ნოემბერს იწურება. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს ნახატები, თხზულებები და ფოტოკონკურსი უნდა მოემზადებინათ. ბევრმა უფროსკლასელმა ამ თემაზე მუშაობისგან თავი შეიკავა. რამდენიმე სკოლაში მოზარდებს სკოლის დირექტორები დაემუქრნენ, რომ დავალების შეუსრულებლობისათვის საატესტატო გამოცდებზე პრობლემებს შეუქმნიან.

კონკურსის დებულების თანახმად, რეგიონულ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო დასკვნით ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატებთან ერთად ფულადი ჯილდოები. პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეებს 875 ლარი, მეორე ადგილზე გასულებს 625 ლარი და მესამე ადგილზე გასულებს 375 ლარი. ამავე დებულების მიხედვით, სკოლებმა რესურსცენტრებში მასალები 26 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ, რესურსცენტრებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 29 ნოემბრის ჩათვლით. რეგიონულ ტურში გამარჯვებული ნამუშევრები 3 დეკემბერს უნდა გამოვლინდეს, გამარჯვებულებს კი 10 დეკემბერს დააჯილდოვებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მოზარდების ფინანსური დაინტერესების მიუხედავად, ზოგიერთ სკოლაში უფროსკლასელებმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გვითხრა, რომ თემა ყველამ უნდა დავწეროთ და პოლიცია შევაქოთ. არ მიყვარს პოლიცია და თემაც ვერ დავწერე. არც ჩემმა მეგობრებმა დაწერეს. კლასში 17 ბავშვი ვართ და მხოლოდ ორმა დაწერა. მასწავლებელმა გვთხოვა, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთო. მერე დირექტორი ჩაერია. გვიყვირა, რომ თუ ჩვენი სკოლა კონკურსში კარგად არ წარმოჩნდება, საატესტატო გამოცდებზე არ დაგვეხმარება და პრობლემებს შეგვიქმნის“, - აღნიშნეს თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა.

კიდევ ერთი უფროსკლასელის თქმით, მას პოლიცია იმიტომ არ უყვარს, რომ მამამისი უსამართლოდ დაიჭირეს. „მკვლელობის მცდელობას აბრალებენ, არადა მამას დანაშაული არ ჩაუდენია. სახლში ოთხი ბავშვი ვართ. დედა გვზრდის მარტო. მე ყველაზე უფროსი ვარ. ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ რაც მამა დაიჭირეს, მას შემდეგ ცხოვრება ძალიან გაგვირთულდა. თემა არ დავწერე. ვერ დავწერ“, - გვითხრა 16 წლის თ-მ.

კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს ყვარლის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებმაც. „მასწავლებელმა გვთხოვა რამდენიმე დღის წინ, პოლიციაზე კარგი მასალები დაწერეთ და მომიტანეთო. დავალება არ შეგვისრულებია, რის გამოც დღეს დირექტორის სახელით მოგვთხოვეს, რომ თემები, ნახატები და ფოტოები წარვადგინოთ. გვითხრეს, რომ პოლიციის შენობის წინ პოლიციის ჰიმნი უნდა ვიმღეროთ. ბავშვებმა უარი ვთქვით და გაბრაზდნენ. მშობლები დაიბარეს“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

ყვარლის 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მუქარებს ადგილი არ ჰქონია.

„ეს იყო სამინისტროდან მოსული დავალება და ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. ვისაც სურვილი ჰქონდა, გადავეცით. მე დავალება მომივიდა და მივეცი პედაგოგებს. ვისაც უნდა დაწერს და შეასრულებს. ცხადია, სურვილი გვაქვს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა დაწერონ იმიტომ, რომ მერე სკოლას ვარსკვლავებს ანიჭებენ. თუ ჩვენს ბავშვებს მეტი მონაწილეობა ექნებათ კონკურსებში, ხომ შეიძლება ვინმე რამეში დაგვეხმაროს, ვიღაცას პოლიცია დაეხმაროს... მოზარდებს კი პოლიცია თუნდაც იმიტომ უნდა უყვარდეთ, რომ ღამე სახლში მშვიდად სძინავთ, ქუჩიდან მანქანებს აღარ იპარავენ და ა.შ. რატომ არ უნდა უყვარდეთ? ჩემი მეუღლეც პოლიციის ყოფილი უფროსია და პირადად მე მიყვარს პოლიცია“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნუნუ ტუშურმა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეების დავალდებულების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები