კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩანასახშივე გაყალბებული გორის უნივერსიტეტის რექტორის მომავალი არჩევნები

26 ნოემბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

2010 წლის 21 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გამართულ არჩევნებში,. აკადემიურ საბჭოს წევრად, ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს. აღნიშნულ არჩევნებზე კი ხმის დამთვლელ კომისიაში წევრის სტატუსით, არც მეტი არც ნაკლები, თვით გიორგი სოსიაშვილი იმყოფებოდა. საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი სოსიაშვილის მიერ აკადემიურ საბჭოს წევრად არჩეულმა გიორგი სოსიაშვილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით 2011 წლის 17 იანვარს ეს აკადემიური საბჭო ახალ რექტორს აირჩევს. მომავალი რექტორის არჩევნების კანდიდატიც, რა თქმა უნდა, თავად გიორგი სოსიაშვილი იქნება. ამ საინტერესო ფაქტების  ავტორები არიან ის პიროვნებები, რომლებიც ამავე დროს პროცესების გასაიდუმლოებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ახორციელებდნენ. გორის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრები - მალხაზ მინდიაშვილი და ვანო ბალახაშვილი „საზოგადობის სახელით“ მოხვდნენ უნივერსიტეტში აწ უკვე ბრალდებული რექტორის ზაზა ცოტნიაშვილის წყალობით.

2011 წლის იანვარში გორის სასწავლო უნივერსიტეტში ახალ რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს. მანამდე, 2010 წლის 21 ოქომბერს თვითონ აკადემიური საბჭო ფაკულტეტებიდან წარდგენილი პროფესორებით დაკომპლექტდა. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალებით დადგენილია, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებითYჩატარდა, რაშიც ძირითადი პასუხისმგებლობა იმ საარჩევნო კომისიას ეკისრება, რომლებმაც ეს არჩევნები ჩაატარა. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კონკრეტულ ფაქტებზე კონკრეტული მასალები გააჩნია და თითოეულ შემთხვევაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ.

„არ გიშვებ, იმიტომ რომ ჟურნალისტი ხარ!“

2010 წლის 21 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მინდიაშვილმა, ასევე ამავე კომისიის წევრმა ვანო ბალახაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის კოორდინატორი და ამავე დროს გაზეთ „ქართლის ხმის“ რედაქტორი დასასწრებად იმ მოტივით არ დაუშვეს, რომ იგი იყო „ჟურნალისტი“. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა დევს ვებ-გვერდზე - www.regions.ge,  სადაც კომისიის წევრი ვანო ბალახაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე მისულ ჟურნალისტს უფლება არა აქვს იმყოფებოდეს, როგორც ჟურნალისტი. ბალახაშვილის თქმით, ჟურნალისტი უნდა დარეგისტირებულიყო როგორც დამკვირვებელი. დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას კი 5 დღით ადრე განცხადების შეტანა სჭირდებოდა. თავის მხრივ, ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მას არ სურდა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა, რადგან ის იმ მომენტში არ აპირებდა იმ უფლებების გამოყენებას, რასაც კანონი დამკვირვებელს ანიჭებს.

„გორის უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევის წესის“ შესახებ 25-ე მუხლში წერია, რომ დამკვირვებელს უფლება აქვს შეადგინოს დარღვევის ოქმი. გარდა ამისა, დამკვირვებელს უფლება აქვს, წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში. როგორც გითხარით, ჟურნალისტი დამკვირვებლის სტატუსის გამოყენებას არ ითხოვდა, ის ითხოვდა დასწრებას საარჩევნო პროცესზე როგორც ჟურნალისტი. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული წესდება, რომელსაც „გორის უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევის წესი“ ჰქვია, საერთოდ არ ითვალისწინებს საარჩევნო პროცესზე ჟურნალისტების რეგულაციის ფორმებს. ამ წესის მიხედვით, ჟურნალისტებს არ ეკრძალებათ საარჩევნო პროცესზე დასწრება და გაშუქება.

კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მინდიაშვილი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს ჟურნალისტს მხოლოდ 2 წუთი დრო მიეცა, რომ საარჩევნო პროცესს დასწრებოდა, კადრები აეღო და შემდეგ დაეტოვებინა ოთახი. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე ჰქონდა უფლება ჟურნალისტს 2 წუთი გაჩერებულიყო საარჩევნო ოთახში, მინდიაშვილმა განაცხადა: „როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ ჟურნალისტმა დაასრულა თავისი მოვალეობა, შემდეგ ჩვენ მას ოთახის დატოვებას ვთხოვთ“.

კომისიის წევრმა ვანო ბალახაშვილმა კი განაცხადა; „კომისიის თავმჯდომარემ ეს ალბათ იმიტომ განაცხადა, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი. თქვენ პროცესზე არ იმყოფებითYროგორც დამკვირვებელი“. ვერც ვანო ბალახაშვილმა გაიხსენა კონკრეტული კანონი, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს აკრძალული აქვს  გორის უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების პროცესზე „დასწრება“. ჟურნალისტი გამუდმებით უმეორებდა კომისიის წევრებს, რომ ისინი ძალითYაწებებდნენ მას „დამკვირვებლის“ იარლიყს.

თვითონ უკანონო კომისია....

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მინდიაშვილის და მისი კომისიის წევრის ვანო ბალახაშვილის ქმედება გავაპროტესტეთ, მაინც მოგვიხდა საარჩევნო პროცესის დატოვება. ოფიციალურ მონაცემებით დასტურდება, რომ აკადემიური საბჭოს არჩევნებს არ ჰყავდა დამკვირვებელი სხვა ორგანიზაციიდან. ფაქტობრივად, გაუმჭვირვალე არჩევნებს კიდევ ერთი გარემოება უმყარებდა ზურგს. თითოეული ფაკულტეტიდან წარდგენილი იყო თითო-თითო კანდიდატი, რაც „გაუმჭვირვალესთან“ ერთად ამ არჩევნებს „უკონკურენტოს“ ხდიდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა შემადგენლობის იყო საარჩევნო კომისია და როგორ დაკომპლექტდა იგი. გორის უნივერსიტეტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შევიტყვეთ, რომ გორის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია 2009 წლის 22 ივნისს შეიქმნა. კანონმდელობის მიხედვით, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოზე მტკიცდება. სწორედ 2009 წლის 22 ივნისს, წარმომადგენლობით საბჭოზე დამტკიცებული გადაწყვეტილების მიხედვით ვიგებთ, თუ ვინ იყვნენ იმ საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებმაც 2010 წლის 21 ოქტომბერს არჩევნები ჩაატარეს,  „ქართლის ხმის“ ჟურნალისტი საარჩევნო პროცესზე არ დაუშვეს,  გამოაძევეს და  ბიულეტინები „თავისუფლად“ დაითვალეს.

21 ოქტომბერს საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ითვლებოდნენ: მალხაზ მინდიაშვილი, (თავმჯდომარე), ნელი ჭამპურიძე, ალექსანდრე მღებრიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ივანე ბალახაშვილი, ნანა ნადირაძე და ირაკლი ქენქაძე. ჩვენ კითხვა დავუსვით გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, თუ რა შემადგენლობისაა ის კომისია, რომელმაც 21 ოქტომბერს აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩაატარა. გორის უნივერსიტეტმა წერილობით მოგვაწოდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მალხაზ მინდიაშვილთან და ვანო ბალახაშვილთან ერთად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სოსიაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი ირიცხებოდნენ.

ამის შემდეგ გორის უნივერსიტეტისგან ჩვენ მივიღეთ აკადემიური საბჭოს მიერ 2010 წლის 25 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კომისიის შემადგენლობა შეცვალეს და სიიდან ამოიღეს როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სოსიაშვილი, ასევე მისი მოადგილე - ალექსანდრე მღებრიშვილი. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან აკადემიური საბჭოს არჩევნები 4 დღით ადრე ჩატარებული, ხოლო ხმებიც უკვე დათვლილი იყო. სხვათა შორის, ჩვენ ხელთ გვაქვს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს ყველა გადაწყვეტილება თავისი ნომრების და რიგითობის მიხედვით.

იბადება კითხვა, რა უნდოდა საარჩევო კომისიაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი სოსიაშვილს და მის მოადგილეს ალექსანდრე მღებრიშვილს? რატომ ჩატარდა აკადემიური საბჭოს არჩევნები იმ კომისიის შემადგენლობით, რომლის წევრებიც ადმინისტრაციულ თანამდებობებს ფლობდნენ? „გორის უნივერსიტეტში მართვის ორგანოების არჩევის“ წესის მე-4 მუხლის მიხედვით, რომლის სათაურია: „ინტერესთა შეუთავსებლობა“, აღნიშნულია: „უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი“. ფაქტია, რომ 21 ოქტომბრისთვის გიორგი სოსიაშვილს რექტორის მოვალეობის თანამდებობა ეკავა, ხოლო ალექსანდრე მღებრიშვილს - მისი მოადგილის პოსტი. საარჩევნო კომისიაში სოსიაშვილის და მღებრიშვილის არსებობა კანონდარღვევაა და აღნიშნული არჩევნების შედეგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

დარღვევა მეორე. როგორც ცნობილია, 2010 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ აკადემიური საბჭოს არჩევნების დროს, ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი წარადგინეს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის #5 მიხედვით, არჩევნებში გამოცხადებულმა 21 ამომრჩეველმა, იგივე აკადემიურმა პერსონალმა გიორგი სოსიაშვილი ერთხმად აირჩია. ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები კი იმ კომისიამ დაითვალა, რომლის შემადგენლობაში თვით გიორგი სოსიაშვილი იმყოფებოდა.

21 ოქტომბრისთვის მოქმედებდა ის საარჩევნო კომისია, რომელიც 2009 წლის 22 ივნისს დაკომპლექტდა და რომლის შემადგენლობაშიც გიორგი სოსიაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნულ კომისიაში ცვლილებები 2010 წლის 25 ოქტომბერს შევიდა და შემადგენლობიდან გიორგი სოსიაშვილი და მისი მოადგილე მღებრიშვილი მხოლოდ ამის შემდეგ ამორიცხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 ოქტომბერს მიღებული ცვლილება არანაირად იმოქმედებდა 21 ოქტომბერს მოქმედ წესზე და ამ წესებით ჩატარებულ არჩევნებზე.

ვინ იყო ვალდებული იმისა, რომ საარჩევნო კომისიას აღნიშნული დარღვევები არ განეხორციელებინა? გორის უნივერსიტეტში მოქმედ მართვის ორგანოების არჩევის წესში წერია, რომ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი აპირებს გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართონ საჩივრის ფორმით და მოითხოვონ აღნიშნული დარღვევების გამო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასჯა. მანამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მინდიაშვილი იყო გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „გაეროს ასოციაციის“ თავმჯდომარე, ხოლო მისი ძმა ზაზა მინდიაშვილი სამოქალაქო რეესტრის გორის ფილიალის თავმჯდომარეა დღესაც. თავის დროზე, რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საარჩევნო კომისიის შემადგელობაში მალხაზ მინდიაშვილი იმ მოტივით შეიყვანა, რომ მართვის ორგანოების არჩევის წესის მიხედვით, შესაძლებელი იყო კომისიის შემადგენლობაში საზოგადოებაში გამორჩეული პირები შეეყვანათ. მალხაზ მინდიაშვილი და ვანო ბალახაშვილის წწორედ საზოგადოების წევრებად მიიჩნიეს. დღეს ვანო ბალახაშვილი რამდენიმე თვეა გორის საკრებულოს მიწვევით, საკრებულოს თავმჯდომარის და მთლიანად საკრებულოს აპარატის იურისტს-კონსულტანტია, რომელიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.

ასე რომ, 2010 წლის 21 ოქტომბერს ის აკადემიური საბჭო აირჩიეს, რომელიც 2011 წლის 17 იანვარს ახალ რექტორს აირჩევს. რექტორობის კანდიდატები 2010 წლის 29 ნოემბრიდან 2010 წლის 14 დეკემბრის საღამოს 18 საათამდე დარეგისტრირდებიან. ეს პერიოდი რექტორობის კანდიდატების მიერ განცხადებების წარდგენის ვადას წარმოადგენს.

ახალი ამბები