კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეები დააპატიმრეს

29 ნოემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

27 ნოემბერს, საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა, თელავი-თბილისის ავტომაგისტრალთან საპროტესტო აქცია გამართეს. ასამდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტას აპროტესტებდა. მოგვიანებით, აქციის რამდენიმე მონაწილემ თელავი-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტა. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა, რომელიც სიღნაღიდან, სადაც მწვადისა და ღვინის ფესტივალი გაიმართა, თელავში ბრუნდებოდა. აქციის მონაწილეებმა გუბერნატორი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს, რამაც ნასვამი გუბერნატორი აღაშფოთა და პოლიციას აქციის მონაწილეების დაკავება უბრძანა.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა ყოველთვიურად დამატებით თანხებს გვაწერს და თუ არ გადავიხდით, ელექტროენერგიას გვითიშავს. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მონტიორსაც ვუთხარით, ვისი მრიცხველი არ მუშაობს და გარღვევას რა შეიძლება იწვევდეს, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. იძულებულები გავხდით, ეს აქცია გაგვემართა“, - აღნიშნეს ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა.

„გუბერნატორი სიღნაღიდან მოდიოდა, სადაც ფესტივალი ჰქონდათ. ნასვამი იყო. არც გვისმენდა, რას ვაპროტესტებდით. მარტო იმას გაიძახოდა, გზის გადაკეტვა როგორ გაბედეთო. სანამ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანებდა ხალხის დაკავებას, გზა უკვე გახსნილი იყო, მაგრამ ბიჭები მაინც დააკავეს. ამჯერად დაგსჯით და მეორედ გზის გადაკეტვას ვეღარ გაბედავთო - დაგვემუქრა გუბერნატორი“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გუბერნატორის მოთხოვნით სამართალდამცავებმა 4 ადამიანი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულეს (სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა). ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 28 ნოემბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა განიხილა.

ზურაბ კაკიაშვილი, ერთ-ერთი დაკავებული: „მე რომ ქუჩაში გავედი, გზა უკვე გადაკეტილი იყო. რაიონის და რეგიონის ხელმძღვანელები იყვნენ მოსულები. სადაც ისინი იდგნენ, იქ მივედი, რათა გამეგო, რა ხდებოდა. გუბერნატორმა მკითხა - აბა,რა პრეტენზია გაქვთო? მე ვუთხარი, ელექტროენერგიის გადასახადებს ენერგოკომპანია უკანონოდ გვაკისრებს, არ ინტერესდებიან, ამდენი გარღვევა საიდან მოდის და ყურადღებას არავინ გვაქცევს-მეთქი. კიდევ რა პრეტენზია გაქვთო? არც სასმელი წყალი გვაქვს სოფელში და არც ბუნებრივი აირი-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა თვითონ იყრიდა კენჭს გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად, სოფელში მილები მოიტანეს და გაზიფიცირებას დაგვპირდნენ, პრეზიდენტმა სკოლაში გაზიც აანთო, მაგრამ სოფელი დღემდე არ არის გაზიფიცირებული. ამის თქმა იყო და გუბერნატორი გავიდა. დაახლოებით ორ წუთში პოლიციის უფროსი მოვიდა და მკითხა, „ცუცუნას ბიჭი“ შენ ხარო? ვუთხარი რომ მე ვიყავი. მითხრა, გამომყევიო. გავყევი. პოლიციის უფროსმა თავის მანქანაში ჩამსვა. ხუთ წუთში კი პოლიციის „პიკაპი“ მოვიდა და იმით წამიყვანეს. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც პოლიციისთვის გამიწევია წინააღმდეგობა. დაკავების შემდეგ მთელი 3 საათის განმავლობაში გურჯაანის პოლიციაში ვიყავი, სანამ თელავში გადამიყვანდნენ, იზოლატორში და რატომ დამაკავეს არავის უთქვამს“.

კახა მამარდაშვილი, დაკავებული: „მე ინდივიდუალური მრიცხველი მაქვს და დავალიანება არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგია მეც გამითიშეს. დავურეკე მონტიორს, რომელმაც მომცა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის-ცენტრის უფროსის ავთო ზარნაძის ტელეფონის ნომერი. როცა ზარნაძეს დავურეკე, მითხრა - ვაზისუბანში ვარ, ხალხია შეკრებილი და თუ რამე გასარკვევი გაქვს, მოდი და გავარკვიოთო. ჩავედი. ზარნაძე მონტიორის სახლთან იყო გაჩერებული. აქცია კი დაახლოებით 60 მეტრში მიმდინარეობდა. მე ზარნაძეს ველაპარაკებოდი, ვითხოვდი, განემარტა, რატომ გამითიშეს ელექტროენერგია, როცა დავალიანება არ მქონდა. ამ დროს მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და მითხრა, გამომყევიო. გავყევი. მანქანასთან რომ მივედით, მითხრა, ჩაჯექიო. მე ვუთხარი, რატომ უნდა ჩავჯდე პოლიციის მანქანაში- მეთქი. დაჯექიო, გამიმეორა. ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ჩამსვეს და წამიყვანეს განყოფილებაში, მერე კი- იზოლატორში“.

კაკიაშვილსა და მამარდაშვილს რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც პოლიციისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა, სასამართლოს პროცესზე მოწმეებმაც დაადასტურეს, მაგრამ მოსამართლემ მათი ჩვენებები არ გაიზიარა. მოსამართლემ ოთხივე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულების ინტერესებს პროცესზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილი იცავდა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და უკანონოა: „პოლიციის თანამშრომლებმა ვერ აღწერეს, რა კანონიერი მოთხოვნა გააჩნდათ სამართალდამრღვევების მიმართ და რაში გამოიხატა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ადამიანები დააპატიმრეს იმის გამო, რომ აზრის გამოთქმა გაბედეს“.

ახალი ამბები