კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ეკომიგრანტის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოითხოვს

30 ნოემბერი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები მუხამედ გოგიტიძის ოჯახის სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. ომბუდსმენმა შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს მიმართა.

გოგიტიძეების სამსულიანი ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. გოგიტიძეები აჭარიდან 5 წლის წინ ჩამოასახლეს. საცხოვრებელ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ნესტისგან კედლები იშლება, იატაკი კი ისეა დაზიანებული, რომ ოჯახის წევრები სარდაფში ვარდებიან.

„შუაღამისას ჩავარდა იატაკი და საწოლიანად ჩამიტანა სარდაფში. ძლივს ამომიყვანეს იქიდან. თავი რაღაცას მივარტყი და იმის შემდეგ სულ მტკივა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ადრეც რამდენჯერმე ჩაგვენგრა იატაკი. სულ დამპალია ფიცრები. შიშით დავდივართ, რომ კიდევ არ ჩავარდეს. ამ სახლში ცხოვრება შეიძლება? იმდენი ბინაა უპატრონოდ, ხომ შეიძლება, რომ სხვაგან შეგვასახლონ, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით“, - ამბობს ჟუჟუნა გოგიტიძე.

ოჯახის უფროსი მუხამედ გოგიტიძე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლი შესახლებამდეც მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. მუხამედ გოგიტიძემ ოჯახის სხვა ბინაში გადაყვანის თხოვნით ან აჭარაში უკან დასაბრუნებლად ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არაერთი განცხადებით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

17 ნოემბერს, მუხამედ გოგიტიძის ოჯახში, საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმების მიზნით სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მუხამედ გოგიტიძის ოჯახი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის რაიონის სოფელ ქიზინაძეებიდან, როგორ სტიქიური უბედურების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი პირი (ეკომიგრანტი), 2005 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განასახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში.

„მუხამედ გოგიტიძის სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს ერთსართულიან კერძო სახლში, რომელიც შედგება 3 ოთახისგან. ოჯახის საბინაო პირობები უკიდურესად მძიმეა: საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამონგრეულია, იატაკი აყრილია და ზოგან ჩავარდნილი, სახლის ჭერი და ფანჯრები დაზიანებულია. ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მუხამედ გოგიტიძისათვის დანიშნული ასაკის პენსია. ამასთან, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე სარგებლობენ სოციალური დახმარებების პაკეტით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუხამედ გოგიტიძეს განსახლების დროს საცხოვრებელი სახლი ზემოაღნიშნულ მდგომარეობაში გადაეცა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის 34-ე დადგენილების მე-7 მუხლის, მე-6 პუნქტის, „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს „ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა“. ამდენად, ეკომიგრანტთა განსახლება და მათი ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოვალეობებში“, - აღნიშნეს სახალხო დამცველის აპარატში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ აპირებს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას, რომლითაც ომბუდსმენი ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები ეკომიგრანტის, მუხამედ გოგიტიძის ოჯახის სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მუხამედ გოგიტიძე თავის დროზე საცხოვრებელი პირობებით სათანადოდ იყო უზრუნველყოფილი.

„გოგიტიძემ მოსპო ის სახლი სპეციალურად, რომ სხვაგან გადაგვეყვანა. არანაირი ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. იატაკები აყარა, რაღაცეები გააფუჭა. ჩვენ პრინციპულად სხვა სახლს არ მივცემთ, არავითარ შემთხვევაში. ასე შეუძლია ნებისმიერს გაავერანოს, გააფუჭოს და მერე სხვაგან გადაბრძანდეს. ეგ სახელმწიფო ქონებაა და გოგიტიძეს პასუხისგებაში რომ არ ვაძლევთ, დიდი მადლობა თქვას მაგისთვის“, - აღნიშნა განსახლების სამმართველოს უფროსმა გიორგი მაზმიშვილმა.

- ბატონო გიორგი, რით ადასტურებთ, რომ გოგიტიძეებმა სახლი თავად დააზიანეს?

- არა, რამე დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ ამას მეზობლები დაადასტურებენ. სოფელში ყველამ ყველაფერი იცის“.

ჩვენ გავესაუბრეთ სოფელ ქორეთში მცხოვრებ სხვა ეკომიგრანტებს. მათი თქმით, სახლი, სადაც გოგიტიძეები ცხოვრობენ, მაშინვე დაზიანებული იყო, როცა იქ ოჯახი შეასახლეს. ეკომიგრანტები განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, აჭარიდან ქორეთში ჩამოსახლებული 30-ზე მეტი ოჯახიდან 15 ოჯახი უკან, აჭარაში დაბრუნდა. ეკომიგრანტები დამეწყრილ აჭარაში დაბრუნების ძირითადად მიზეზებად იმას ასახელებენ, რომ ქორეთში არ ფუნქციონირებს სკოლა და მათ არა აქვთ საკმარისი ფართობის ნაკვეთები, სადაც მოსავლის მოყვანას შეძლებდნენ.

ახალი ამბები