კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

WikiLeaks: ამერიკის ელჩი რუსეთში - „ჩვენ ვერ შევაიარაღებთ საქართველოს „გადატვირთვის“ გამო“

10 დეკემბერი, 2010
ჯოშ როგინი, Foreign Policy

თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ, მისმა ადმინისტრაციამ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მიყიდვაზე უარი განაცხადა.  WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ტელეგრამის თანახმად, ამერიკის ელჩი რუსეთში ამტკიცებდა, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს სამხედრო დახმარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის ჩაშლის რუსულ-ამერიკულ „გადატვირთვას“.
 
„საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა საფრთხეს შეუქმნის რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას“ -  ნათქვამია ამერიკის ელჩის ჯონ ბაიერლის მიერ 2009 წლის ივლისში ხელმოწერილ დეპეშაში. „ჩვენი შეფასებით, თუკი ჩვენ დავთანხმდებით თბილისთან მნიშვნელოვან სამხედრო კავშირებს, რუსეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში დაძაბულობის შემცირებაზე უარს იტყვის და თავს იგრძნობს არა შებოჭილად, არამედ შეიძლება უფრო აქტიურადაც კი იმოქმედოს აშშ-ს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ“.

რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მისი „აბსოლუტური“ პრიორიტეტი, რაც ევრაზიაში რუსეთის ინტერესების გაფართოვებას ითვალისწინებს – წერს ბაიერლი. მისი თქმით, საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის მიწოდება რუსეთს უბიძგებს უარი სთქვას აშშ-სთან თანამშრომლობაზე სხვა სფეროებში, მათ შორის ირანის მიმართ ერთობლივ ზეწოლაზე.

გარდა ამისა, რუსებს მიაჩნიათ, რომ შეერთებულ შტატებს არა აქვთ შესაძლებლობა გავლენა იქონიონ საქართველოსთან ომის შემდეგ ოკუპირებულ სადავო ტერიტორიებთან აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებაზე – წერს ბაიერლი დეპეშაში.

სინამდვილეში ობამას ადმინისტრაციას საქართველოსთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. ის ამ ქვეყანას იარაღს უბრალოდ არ აწვდის და ამის გაკეთებას არც აპირებს. ასეთი „დე-ფაქტო ემბარგო“ ვაშინგტონში ზოგიერთების აღშფოთებას იწვევს და მათ შორისაა რეპუბლიკელი სენატორი (ინდიანას შტატი) რიჩარდ ლუგარი, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.

„შეერთებულმა შტატებმა, განიცდის რა სერიოზულ ზეწოლას რუსეთისგან, შეწყვიტა საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის მიწოდება და ომის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან არანაირ პირდაპირ დახმარებას არ იღებს“ – 2009 წლის დეკემბერში წერდნენ ლუგარის თანაშემწეები – „შესაბამისად, საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დაცვის განხორციელებისთვის ელემენტარული შესაძლებლობაც კი არა აქვს“.

ლუგარის საპირისპიროდ, ბაიერლი თავის წერილში აცხადებს, რომ სინამდვილეში იარაღის მიწოდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს, რადგან ის ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას გაზრდის, რომელშიც თბილისი აუცილებლად დამარცხდება.

„ჩვენი აზრით, სამხედრო კავშირების განვითარება და საქართველოში სამხედრო მიწოდებები, ამ ქვეყნისთვის არა უპირატესობა, არამედ მძიმე ტვირთი გახდება“ – წერს ბაიერლი – „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მხრიდან შემოთავაზებული მიდგომა სააკაშვილის სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენ… ვერ ვხედავთ სხვა გზას იმ გეოგრაფიული, ტერიტორიული და რესურსების თვალსაზრისით არსებული უპირატესობის ნეიტრალიზაციისთვის, რაც რუსეთს გააჩნია“.

ამერიკული პროგრესის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე სემუელ ჩარაპი ბაიერლის მოსაზრებას ეთანხმება. „იმაზე დავის ნაცვლად, შევძლებთ თუ არა ჩვენ საქართველოს მთავრობის სურვილების დაკმაყოფილებას, ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადავდგათ და დავსვათ კითხვა: სად არის აქ აშშ-ს ინტერესი?“ – ამბობს იგი – „ამ შემთხვევაში ისეთი ცნება, როგორიცაა სამხედრო ბალანსი და სამხედრო შეკავება უადგილოა“.

ჩარაპის და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, უფრო ფართო თვალსაზირისით, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა სინამდვილეში საქართველოსთვის სასარგებლოა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს აშშ-ს მხრიდან შეიარაღების მიწოდებაზე უარს ნიშნავს.

ვფიქრობ, საკითხი ასე უნდა დავსვათ: არის თუ არა დღეს საქართველო და ევროპა უფრო უსაფრთხო სიტუაციაში, ვიდრე მაშინ როდესაც ჩვენ ამას ვიწყებდით? და ვფიქრობ, ჩემი პასუხია „დიახ“ – განაცხადა ივნისში რუსეთის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა.

„გადატვირთვა იცავს საქართველოს, რადგან რუსეთს დღეს დასაკარგი ნამდვილად აქვს“ – დასძენს ჩარაპი – „მანამდე მოსკოვში არავინ უფიქრდებოდა იმას თუ რას იფიქრებდნენ ვაშინგტონში, რადგან მათთვის ეს სულერთი იყო, ახლა კი უფიქრდებიან“.

სხვების აზრით, ბაიერლის წერილებში მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია ასახული, მაგრამ ის ემთხვევა ობამას ადმინისტრაციის ქმედებების ზოგად მოდელს, რომელიც საქართველოს და ცენტრალური აზიის ქვეყნების იგნორირებას ახდენს და მთელ ყურადღებას რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს უთმობს.

„გადატვირთვის პოლიტიკის წარმოება შესანიშნავია, მაგრამ ადმინისტრაციას  ამავდროულად უნდა ჩამოეყალიბებინა მრავალმხრივი პოლიტიკა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში, რაც არ გაუკეთებია“ – ამბობს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდროს პეტერსენი – „ახლა ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ რუსეთს 100% უკავია, იმ დროს როდესაც უნდა ეკავოს 25%“.

პეტერსენი ეთანხმება იმას, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება პანაცეა არ არის. თუმცა, აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამის სხვა ტიპის დახმარებასთან შეთავსება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექმნასთან, რასაც საკუთარ წერილში ბაიერლიც ახსენებს.

„ქართველებს უყვართ მაგიდაზე მუშტების ბრახუნი და მოთხოვნა: „მოგვეცით მეტი იარაღი“, მაგრამ ისინი ისეთივე ბეცები არიან, როგორც ეს დეპეშა“ – აცხადებს პეტერსენი – „თუკი შენ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას აპირებ, მოგიწევს იმ ათობით სხვა საკითხზე მუშაობა, რომელიც ამ ქვეყნის განმტკიცებას ეხება“.

ეს დეპეშა, რომელშიც ასევე საუბარია რუსეთის კორუფციასა და სადავო ტერიტორიებზე მისი მოუქნელი ქმედებების შესახებ, აბსოლუტურად ჯდება ანგარიშების იმ საერთო სურათში, რაც სახელმწიფო დეპარტამენტში იგზავნება და რომლებსაც WikiLeaks აქვეყნებს. სახელმწიფო დეპარტამენტი არაოფიციალურად თავად მიუთითებს რუსეთის არასწორ საქციელზე საქართველოს მიმართ. ამ წერილებში, მათ შორის ანგარიშებშიც რუსეთის სამხედრო თავდასხმებსა და მისი დაზვერვის სამსახურების მოქმედებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ჯერ კიდევ 2004 წლით თარიღდება, ბევრი ისეთი რამ არის, რაზეც ამერიკელი დიპლომატები კომენტარს საჯაროდ არასდროს აკეთებენ.

მართალია ბაიერლის წერილები აშშ-ს ოფიციალურ პოლიტიკას არ ასახავს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ თეთრი სახლი მის გულწრფელ და გულახდილ რეკომენდაციებს ეთანხმება.

„ბუნებრივია, ის როგორც აშშ-ს ელჩი რუსეთში, ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ყველაფერი ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაში მოხვდეს“ – აღნიშნავს პეტერსენი – „თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ოფიციალური მაღალჩინოსანი მკაფიოდ ამბობს იმას, რომ საქართველო ავტობუსის ქვეშ უნდა შევაგდოთ“.


ორგინალი: thecable.foreignpolicy.com/posts/2010/12/07/wikileaked_us_ambassador_to_russia_we_cant_arm_georgia_due_to_the_reset



ახალი ამბები