კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

War Don Don - რას გვასწავლის ფილმი ომზე, რომელიც დამთავრდა

13 დეკემბერი, 2010
სოფო გეწაძე
     
„ადამიანის უფლებათა სახლში“ 10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის - War Don Don ჩვენება. რებეკა რიჩმან კოჰენის საავტორო ფილმი საერთაშორისო მართლმსაჯულებასა და იმ დილემებზე მოგვითხრობს, რასაც სამართალი კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების საქმეების განხილვის დროს აწყდება. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ფილმი ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ მიაწოდა.

ფილმში მოქმედება აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში - სიერა ლეონეში ვითარდება, სადაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, მეამბოხეთა შეიარაღებული ორგანიზაცია RUF წლების განმავლობაში კლავდა ან კიდურებს კვეთდა იმ ადამიანებს, რომელთა მომავლის გასაუმჯობესებლად თითქოსდა “RUF” შეიქმნა. ქვეყანაში მრავალწლიანი სამოქალაქო დაპირისპირებების შემდეგ ორგანიზაცია მისი ერთ-ერთი მეთაურის, ისა სესეის ხელშეწყობით განიარაღდა. ორგანიზაციის მეთაურების გასამართლებისა და დასჯის საკითხი სპეციალურად შექმნილმა სიერა ლეონეს საგანგებო სასამართლომ განიხილა.  ფილმის მიხედვით, ყველაზე მკაცრად ისა სესეი დაისაჯა, რომელსაც ომის შეწყვეტაში დიდი დამსახურება მიუძღვის.

ფილმში War Don Don ნაჩვენებია მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემები კონკრეტული ადამიანების მიმართ; ჩანს რამდენი ადამიანი რჩება თავისუფალი მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების მიუხედავად. ბევრი მათგანი სამართალს თავს აღწევს სხვა ქვეყანაში გაქცევით, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას. 

როგორც ფილმის დასრულების შემდეგ, დისკუსიისას მაყურებლები აღნიშნავდნენ, სიერა ლეონეს პრობლემა მსოფლიოს ქვეყნებისათვის ჯერ კიდევ აქტუალურია. მათი თქმით, სიერა ლეონეს მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სასამართლო ჯერ კიდევ განვითარების პროცესში იმყოფება და სასამართლოს განვითარების პარალელურად აუცილებელია საერთაშორისო ინსტიტუტების განვითარება, რომელიც გამოძიებისა და დასჯის მექანიზმებს დაადგენს. ამასთან, აუდიტორია ერთ აზრზე შეთანხმდა - სამართლის აღსადგენად სახელმწიფოთა თანამშრომლობასა და ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის დამნაშავეთა გადაცემას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მაყურებლებმა საქართველოს ბოლო ოცწლეულის ისტორიაც გაიხსენეს - სამოქალაქო ომებისა და მოუგვარებელი ეთნოკონფლიქტების წლები. „ეს ფილმი ერთგვარად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და არსებულ ვითარებას უკავშირდება. საქართველოს კონკრეტულ ზონებში იყო ომები, დაიხოცა ათასობით ადამიანი, მაგრამ დღემდე არ გაუსამართლებიათ ის ადამიანები, ვინც უშუალოს მიიღეს მონაწილეობა ომის დაწყებაში. მათი გასამართლებით შესაძლებელი იქნებოდა ბევრი დანაშაულის თავიდან აცილება. განსაკუთრებული დანაშაულებისთვის რამდენიმე ადამიანის დასჯა აუცილებელია, რადგან დასჯა არის მექანიზმი, რომელიც თავიდან აგვაცილებს კონკრეტულ დანაშაულებს, სახელმწიფოთა დაპირისპირებებსა და ომებს“, – განაცხადა, ფილმის ჩვენების მოდერატორმა - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილი

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვებ-გვერდის რედაქტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაიარა სისხლიანი დაპირისპირებები და რამდენიმე სამოქალაქო ომი, კერძოდ - ე. წ. თბილისის ომი, სისხლიანი დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში, კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში, 1998, 2004, 2008 წლის ომები აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში, სადაც ათიათასობით ადამიანი დაიღუპა.

„მარტო აფხაზეთის ომში, 90-იანი წლების დასაწყისში 30 000 ადამიანია მოკლული ქართული მხარის მხრიდან, აფხაზურ მხარეს ვინც დაიღუპა, იმათ რატომღაც სათვალავშიც არავინ აგდებს. სიერა ლიონეში თუ რამდენიმე დამნაშავე დასაჯეს, საქართველოში არავინ დასჯილა - კიტოვანი მოსკოვიდან ჭკუას გვასწავლის, ჯაბა იოსელიანი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს, შევარდნაძე კი დამსახურებულ პენსიაზეა და მემუარების წერით ერთობა. ისინი არავის გაუსამართლებია, ისევე, როგორც სეპარატისტები, რომლებიც თავის მხრივ ასევე ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს. მე მიმაჩნია, რომ მათი დასჯა აუცილებელი იყო“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ისტორიის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ საფრთხილო საქმეა შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება. უნდა დავფიქრდეთ, რა გავლენას მოახდენს ჩვენი გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მოუგვარებელ კონფლიქტებზე - ახალი ძალით ხომ არ გააღვივებს მათ?

ახალი ამბები