კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინწყაროს ახალი მდგმურები

14 დეკემბერი, 2010
შორენა ლათათია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი წინწყარო 2005 წლამდე მხოლოდ ბერძნებით იყო დასახლებული. ამჟამად იქ ეკომიგრანტები, ე.წ. ძველი დევნილები და 2008 წლის კონფლიქტის შედეგად კოდორის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.  

„სოფელში სულ 503 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 41 ოჯახი კოდორის ხეობიდანაა დევნილი, 10 ოჯახი ე.წ. ძველი დევნილია,  65 ოჯახამდე -  აზერბაიჯანელები არიან, დანარჩენები კი - ეკომიგრანტები. პირადად მეც ეკომიგრანტი ვარ და სოფელში ერთ-ერთი პირველი დავსახლდი“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სოფლის გამგებელმა თამაზ მოსიძემ.

სოფელში მცხოვრებთა უმწვავესი პრობლემა უმუშევრობაა, რაც მათ სახელმწიფოზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის. „ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი დევნილის სტატუსით გათვალისწინებული ყოველთვიური შემწეობაა“, - გვითხრა 4 შვილის მამამ, რომან შლიმონოვმა. 

სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა სასმელი წყლის პრობლემა სოფელში დღემდე არსებობს.  „არასამთავრობო სექტორის დახმარებით დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე მთლიანად შეიცვალა მილები, მომდევნო წლისთვის  კი სოფლის შიდა ქსელის  რეაბილიტაცია იგეგმება“, - განაცხადა თამაზ მოსიძემ.

მწვავე პრობლემაა ასევე საირიგაციო-სარწყავი წყალი, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის კარგი მოსავლის აღებას.  თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო მიწის ნაკვეთებიდან მიღებული მოსავლის გაყიდვაა, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ სარწყავი სისტემის გაკეთება.

„სოფელში მიწა ნაყოფიერია, მაგრამ გვალვებისა და უწყლობის გამო მოსავალს თითქმის ვერასოდეს ვიღებთ. სარწყავი სისტემა და წყალი რომ გვქონდეს, აქ ყველაფრის მოყვანა შეიძლება“, - განაცხადა თამაზ მოსიძემ.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე დამისამართების საკითხიც. იგულისხმება არა დევნილთა პირველადი რეგისტრაცია, არამედ დევნილთა დამისამართება მათ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე.

„კოდორის ხეობა 2008 წელს დავტოვე, თავდაპირველად გარდაბნის რაიონში ვცხოვრობდი და დღემდე იქ ვართ ჩაწერილი, ამიტომაც სოფელ წინწყაროში ელექტროენერგიაზე დევნილთა სუბსიოდიით ვერ ვსარგებლობ“, - გვითხრა დევნილმა, ლამარა მარგველანმა.

სოფელ წინწყაროში მცხოვრები  დევნილების უმრავლესობას  სახლები დროებით მფლობელობაში აქვს გადაცემული. თუმცა, თამაზ მოსიძის თქმით, უახლოეს მომავალში მათ ეს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები ზოგადად ძალიან მძიმეა. თუმცა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს კოდორიდან დევნილი ორი ოჯახი, რომელთაც დაზიანებული სახლები გადაეცათ და დღემდე შეუკეთებელი აქვთ.  იბრაგიმ ქოჩქიანი ერთ-ერთი დაზიანებული სახლის მკვიდრია. უკვე 2 წელია, მეუღლესთან ერთად დაშლის პირას მყოფ სახლში ცხოვრობს. „სახლის შეკეთებასაც კი არ ვითხოვ. უბრალოდ, შესაკეთებელი მასალა მაინც გამომიყონ, რომ ჭერი თავზე არ ჩამომენგრეს“, - გვითხრა ქოჩქიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ორი თვის წინ დასრულდა და  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით კირკიტაძემაც ბუნებრივი აირი საზეიმოდ აანთო, სოფლის მოსახეობის სრულ უმრავლესობას გაზი დღემდე არ მიეწოდება.

„სოფელში გაზის ცენტრალური მილები შეკეთდა, რაც შეეხება მილების სახლებში შეყვანას, ეს საკითხი მოსახლეობამ თავად უნდა გადაჭრას. გამონაკლისია დევნილები,  რომელთაც გაზს სახელმწიფო შეუყვანს“, - ამბობს თამაზ მოსიძე.
 
გაზის მილების სახლში შეყვანა თითო ოჯახს მინიმუმ 100-150 ლარი უჯდება, რაც წინწყაროს მკვიდრთა თქმით,  არც თუ ისე მცირე თანხა. მძიმე სოციალური მდგომარების ფონზე კი ამ თანხის გაღება თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური მილებიდან გაზის შეყვანა დღემდე მხოლოდ 30  ოჯახმა მოახერხა.

სოფელ წინწყაროში ასევე ფუნქციონირებს სკოლა, რომელიც 1500 მოსწავლეზეა გათვლილი. თუმცა, აფხაზეთიდან დევნილი ირმა ჭკადუა დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობს: „ჩემი შვილი - დიანა ახლა 8 წლისაა. წელს პირველად შევიდა სკოლაში. უსახსრობის გამო შარშან მისი სკოლაში გაშვება ვერ შევძელით. თუმცა წიგნები არც წელს დაურიგებიათ, რის გამოც ბავშვები სწავლას ვერ ახერხებენ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მიერ უფასო წიგნები მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსაწავლეებს ურიგდებათ და ამ მხრივ სამინისტრო დევნილი ბავშვებისათვის რაიმე შეღავათებს არ ითვალისწინებს. 


ახალი ამბები