კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გამოფხიზლდა

16 დეკემბერი, 2010
ნინო მიქიაშვილი, პრესა.გე

დაკავებულის ცემა „ნაბეღლავის“ წყლით სავსე ბოთლით, მობილურების ქურდობის აღიარების მოთხოვნით; არასრულწლოვანის ცემა ველოსიპედის ქურდობის აღიარების მოთხოვნით; პატიმრების ცემა „კარცერებსა“ და საშხაპეებში, საკნის კარზე დაკაკუნებისა და ხმამაღლა ლაპარაკისთვის; ცემით მოკლული პატიმარი და „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით“ დაწყებული გამოძიება – ესაა ის ფაქტები, რომელთა ირგვლივ საუბარია სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც პრესა.გე–ს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოაწოდა.

სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის თქმით, საპატიმროებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ცემისა და არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფაქტების არასათანადო გამოძიება ხდება, რაც მისივე აზრით, ხელს უწყობს სამართალდამცველებში დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებას.

ეროვნულო პრევენციის მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში წარმოდგენილია სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ, 2010 წლის პირველ ნახევარში სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები: „მონიტორინგის დროს გამოვლინდა თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. კერძოდ: სასჯელაღსრულების დაწესებულებების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კვლავ აქვს ადგილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, თავისუფლებაშეზღუდულ და თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ; საკმაოდ ხშირია დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები. არასათანადო მოპყრობის პრევენციის და მოსპობის თვალსაზრისით ერთ–ერთ მთავარ დაბრკოლებას ამგვარი ფაქტების არასათანადო და არაეფექტური გამოძიება წარმოადგენს“.

პრესა.გე 67–გვერდიანი სპეციალური ანგარიშიდან რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს გთავაზობთ.

2010 წლის 21 სექტემბერს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (СPT-ის) ანგარიში, რომელშიც ვრცლადაა განხილული 2009  წლის სექტემბერში გარდაცვლილი პატიმრის, უშანგი გ-ს საქმე. ამ საქმის ირგვლივ ასევე დეტალურადაა მოთხრობილი პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში.

უშანგი გ. N7  საპყრობილეში განთავსების დღესვე, 2009 წლის 19  სექტემბერს,  უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ჯერ  მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც იგი 21  სექტემბერს გარდაიცვალა.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უშანგი გ-ს სიკვდილის მიზეზი გახდა „სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა თავის ტვინში. უშანგი გ-ს გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი შემდეგი სახის დაზიანებები: „მასიური სისხლჩაქცევა სუბდურულად, სუბარაქნოიდალურად და ინტრავენტრიკულურად. ნაჭდევები: მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა სხივ–მაჯის სახსრის, ორივე მუხლის სახსრის, მარცხენა წვივისა და ორივე კოჭ–წვივის სახსრის არეში; სისხლნაჟღენთები: მარჯვენა სხივ–მაჯის სახსრის, მარჯვენა მხრის, მუცლის წინა და გვერდითი კედლის, მარცხენა თეძოს ფრთის, მარცხენა წინამხრის, მარცხენა წვივისა და მარჯვენა მტევნის მე–4  თითის ძირითადი ფალანგის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხანდაზმულობით 3–4 დღისაა“.

გამოძიება 2009  წლის 21  სექტემბერს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო,  რაც „აშკარა წინააღმდეგობაში მოდის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხასიათთან და სიმძიმესთან, რაც გაუფრთხილებლობაზე უფრო, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამიზნულ ხასიათზე მიუთითებს. დაზიანებები მიყენებული იყო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე,  ანუ დაკავების შემდეგ, რომელიც 15 სექტემბერს განხორციელდა“.

CPT–ს თავის ანგარიშში  ხაზგასმული აქვს, რომ გამოძიების დაწყებიდან 5  თვის შემდეგ არ იყვნენ დაკითხული: ის პოლიციელები, რომლებმაც უშანგი გ. დააკავეს: პიროვნება, რომელიც ამ უკანასკნელთან ერთად იქნა დაკავებული; აჭარის რეგიონული დმი–ს თანამშრომლები, სადაც იგი მოთავსებული იყო დაკავების შემდეგ და ბადრაგი,  რომელმაც უშანგი გ. გადმოიყვანა ბათუმიდან თბილისის N7 საპყრობილეში.

2010 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველს პროკურატურიდან აცნობეს, რომ უშანგი გ–ს საქმეზე გამოძიება დაიწყო ღუდუშაურის კლინიკის შეტყობინების საფუძველზე,  რაც გიორგი ტუღუშის აზრით, კიდევ ერთხელ მოწმობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების მიმართ არაჯეროვან დამოკიდებულებაზე – „მიუხედავად იმისა, რომ N7  საპყრობილეში და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში შესვლისას დაფიქსირდა უშანგი გ–ს სხეულზე არსებული დაზიანებები, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ არ მიიჩნია საჭიროდ ამ ფაქტის საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინება. უშანგი გ–ს საქმის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა და არავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა“.

გიორგი ტუღუშის სპეციალურ ანგარიშში ასახულია არასრულწლოვან მალხაზ მ–ს ცემის ფაქტი. მას პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა N5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, მიმდინარე წლის 16 აპრილს შეხვდნენ. არასრულწლოვანს სხეულზე აღენიშნებოდა ზოგადი დაჟეჟილობა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები. მისი განმარტებით,  იგი   2010  წლის 6  აპრილს თელავში მაღაზიის გაქურდვის გამო დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა,  რომლებიც ასევე სთხოვდნენ ველოსიპედის ქურდობის აღიარებას.

მალხაზ მ–ს თქმით,  პოლიციის უფროსი მას სოცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუკი იგი აღნიშნულ ფაქტს გაახმაურებდა. სახალხო დამცველმა მალხაზ მ–ს საქმე რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა. ამჟამად არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე გამოძიება მიდმინარეობს.

2010  წლის 01  იანვრიდან 30  ივნისის ჩათვლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებში, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 403 პატიმარი შეიყვანეს. მათგან 42–მა განმარტა, რომ დაზიანება დაკავებისას მიიღო. მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შესული პასუხების მიხედვით, გასაუბრების შედეგად 42 პატიმრიდან რვამ დაადასტურა, რომ სხეულის დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებისას, რის გამოც აღნიშნულ საქმეებზე  წინასწარი გამოძიება დაიწყო. თუმცა, კითხვაზე – სსკ–ის რომელი მუხლებით დაიწყო წინასწარი გამოძიება,  რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და რა ეტაპზეა ამჟამად სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება? სახალხო დამცველის ოფისს არ მიუღია.

2010  წლის 22  თებერვალს ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორში ახსნა–განმარტება ჩამოართვეს დაკავებულ კახაბერ კ–ს.  მისი განმარტებით, 2010  წლის 21 თებერვალს, 22 საათისთვის, ის სახლში, ინვალიდ დედასთან ერთად იმყოფებოდა,  რა დროსაც მის საძინებელ ოთახში პოლიციის ფორმაში ჩაცმული ათამდე პირი  შევარდა, რომლებმაც ლოგინიდან ჩამოაგდეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კახაბერ კ–ს თქმით,  მას ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებში. შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა დედამისსაც მიაყენეს. კახაბერ კ. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გაგრძელდა. მოგვიანებით მას უთხრეს,  რომ ბრალი ედებოდა ავტომობილის აკუმულატორის ქურდობაში. დაკავებული განმარტავდა, რომ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული პოლიციელების ვინაობა, თუმცა შეეძლო მათი ამოცნობა.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის სამედიცინო ექსპერტმა დაკავებული გარეგნულად დაათვალიერა. მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები: სხეულის ზოგად დაჟეჟილობა, სხვადასხვა მიდამოს ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები.

დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში მითითებული იყო,  რომ დაკავებულს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალბუდის ჩალურჯება. ამ ფაქტზე პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული მასალები 2010  წლის 4  მარტს რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაეგზავნა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

2010 წლის 25 თებერვალს, ზუგდიდის N4 საპყრობილეში სახალხო დამცველის რწმუნებული სერგო რ–ს შეხვდა და ახსნა–განმარტყება ჩამოართვა, რომლის თანახმად 16  თებერვალს საცხოვრებელ სახლთან სენაკის რაიონული

სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებისას სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პატიმრის განმარტებით,  მას თავში ურტყეს „ნაბეღლავის“ წყლით სავსე ბოთლი და მისგან მოითხოვდნენ მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტის აღიარებას. სერგო რ–ს განმარტებით,  აღნიშნული ქმედებები განხორციელდა, როგორც დაკავების დროს, ისე პოლიციის შენობამდე გადაყვანისას და შემდგომ  სამმართველოს შენობაში.

პატიმარმა განმარტა, რომ სენაკის პოლიციის შენობაში მას სცემდა დაახლოებით 5  პოლიციელი; ისინი აგინებდნენ  და თითოეული მათგანი სათითაოდ ურტყამდა სახეში, თავში და ტანზე. ცემის შედეგად პატიმარმა მიიღო დაზიანებები და პერიოდულად აწუხებდა თავის ტკივილი. სენაკის პოლიციის დაკავებულთა აღრიცხვის წიგნის და სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის სარეგისტრაციო წიგნის მონაცემებით,  პატიმრის სახეზე და სხეულზე არსებული დაზიანებები მან დაკავებამდე მიიღო. პატიმარი აღნიშნავდა, რომ იგი შეშინებული იყო და სწორედ ამიტომ ვერ გააპროტესტა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა.

მისი განმარტებით,  სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორში იგი მოინახულა მისი ინტერესების დამცველმა,  რომელმაც დააყენა შუამდგომლობა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნაზე, რაც არ დაუკმაყოფილეს. პატიმრის განმარტებით,  სენაკის რაიონულ სამმართველოში ყოფნისას მას პოლიციელები ემუქრებოდნენ, რომ დაიჭერდნენ მის დედას და ცოლს, ხოლო ბავშვს ჩააბარებდნენ ბავშვთა სახლში და მას წამალს ჩაუდებდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს სერგო რ. პროტესტის ნიშნად შიმშილობდა – ითხოვდა საქმის სამართლიან გამოძიებას და პოლიციელების დასჯას. სახალხო დამცველმა მთავარი პროკურატურიდან ინფორმაცია გამოითხოვა, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია.

2010  წლის 1  ივნისს რუსთავის N1  საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი კორპუსი გაიხსნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათი იქ გადაყვანა და განთავსება ფიზიკური ძალის გამოყენებით მოხდა; თუმცა, ამ ფაქტის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს და კონფიდენციალურობა ითხოვეს. იმ მსჯავრდებულებმა კი, რომლებსაც დაზიანებები ეტყობოდათ, დაზიანების მიზეზად დაასახელეს ლოგინიდან გადმოვარდნა, ფეხბურთის თამაში და ა.შ.

გლდანის N8  საპყრობილეში და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები არ ადასტურებენ არასათანადო მოპყრობას, თუმცა სხვა დაწესებულებებში განთავსებული პატიმრები ადასტურებენ ამ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას. სპეციალურ ანგარიშში წერია, რომ გლდანის საპყრობილეში პატიმრებს სცემენ „კარცერებში“ და საშხაპეებში საკნის კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღლა ლაპარაკისთვის,  სხვა საკანში განთავსებულ პატიმართან კონტაქტის დამყარებისთვის. 

2010  წლის 23  ივნისს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა ახსნა–განმარტება ჩამოართვა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს მერაბ წ–ს. მისი განცხადებით, 20  ივნისს მას ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ – დაახლოებით 10:30  სთ–ზე, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების მეორე პალატაში შევიდნენ, ამავე დაწესებულების 4–5 თანამშრომელი, რომლებმაც განაცხადეს,  რომ ტარდებოდა აღნიშნული პალატის ჩხრეკა. 

ქირურგიული განყოფილების მეორე პალატაში ამ დროს იმყოფებოდნენ პაციენტები მერაბ წ. და ავთო ნ. ეს უკანასკნელი გავიდა ოთახიდან,  ხოლო მერაბ წ. ადგილზე დატოვეს. მისი განმარტებით, ზემოაღნიშნული პირების შემოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, პალატაში ასევე შევიდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, რომელიც მას გამომწვევად ელაპარაკებოდა; შემდეგ ინვალიდის ეტლს, რომელშიც მერაბ წ. იჯდა,  ფეხი ჩაარტყა, მერაბ წ–ს კი ყელში ხელები წაუჭირა. მერაბ წ–ს განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ავთო პოპიაშვილი და გიორგი ბიწაძე.

ცემის დროს ინვალიდის ეტლი გადაყირავდა, მსჯავრდებულმა დაკარგა გონება. მისი განცხადებით, როცა იგი გონზე მოვიდა, ავთო პოპიაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მსჯავრდებულის განცხადებით, ამის შემდეგ ავთო პოპიაშვილი და გიორგი ბიწაძე მას კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ანგარიშშია აღნიშნულია 23 ივნისს მერაბ წ–ს სხეულზე ნანახი დაზიანებები: შუბლის ზედა მარცხენა მხარეს ნაჭდევი,  მარჯვენა წარბის ზემოთ,  ზოლების სახით, სამი ნაჭდევი, მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის არეში ჰემატომები, მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის ქვემოთ ნახეთქი ჭრილობა, ცხვირზე ნაჭდევები და შესიება, ყელის ორივე მხარეს ჰემატომები, მარჯვენა და მარცხენა მკლავის ზედა ადგილებში გვერდიდან და უკანა მხრიდან ჰემატომები. 24  ივნისს მსჯავრდებულის ახსნა–განმარტება რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

26  ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატში შესულ პასუხში მითითებულია, რომ 2010  წლის 14  ივლისს  დაიწყო გამოძიება დაიწყო მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე,  რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს.

ახალი ამბები