კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

16 დეკემბერი, 2010
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს
საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს;
საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს;

საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი
არასამთავრობო ორგანიზაციების

მ ი მ ა რ თ ვ ა

2010 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შპს „ელსავაკოს“ (ე.წ. ”ლილოს” ბაზრობის) მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობის მოვაჭრეები მართავდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, მათ დახმარებისა და თანადგომისთვის მიმართეს პ/გ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებს. შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი ცხაკაიას მიერ იმავე დღეს გაკეთებული განცხადებით, (იხილეთ: - www. interpressnews. ge 16-სთ და10 წუთი.  21.10. 2010; ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვება 20:30 საათზე) ლილოს ბაზრობა არ იყო დაკეტილი და დალუქული, ანუ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა უფლება, თავისუფლად შესულიყო და გადაადგილებულიყო მის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა,  აქციის მონაწილეებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სამოქალაქო პირები, რის გამოც მათსა და  აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ინციდენტი. სამოქალაქო ფორმიანმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილეს, კახა ჩაკვეტაძეს, რაც დასტურდება ტელეკომპანიების - „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „itv.ge“-ს მიერ გადაღებული ვიდეომასალითა და აქციის მონაწილეთა ჩვენებებით.

კახა ჩაკვეტაძე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის ამოწურვისთანავე დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით).

2010 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ კახა ჩაკვეტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ჩვენს ხელთ არსებული მასალით ირკვევა:

აქციის მიმდინარეობისას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები მიზანმიმართულად თავს დაესხნენ კახა ჩაკვეტაძეს და  ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი აღმოჩნდნენ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მესამე განყოფილებისა და შპს „ელსავაკოს“ კერძო დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
 
ტელეკომპანიების - „კავკასიის“, „მაესტროსა“ და „itv.ge“-ს მიერ გადაღებული ვიდეო-მასალიდან ნათლად ჩანს, რომ დაცვის პოლიციის არც ერთ თანამშრომელს არ ეცვა შესაბამისი ფორმა და არ ჰქონდა განმასხვავებელი ნიშანი, რაც არღვევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლსა და საქართველოს შს მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის #1633 ბრძანებას.

ამავე ვიდეო-მასალებით დასტურდება, რომ ჩაკვეტაძე არათუ წინააღმდეგობას უწევდა ვინმეს, არამედ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა - მიწაზე დაგდებულ ჩაკვეტაძეს რამდენიმე პირი უმოწყალოდ სცემდა, ხოლო ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ ამოიწურა, რაც მასში სამართალდამცველები ჩაერივნენ.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ კახა ჩაკვეტაძე დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა პირველივე მოთხოვნას და ის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაჯდა პოლიციის მანქანაში. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავების ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ჩაკვეტაძისთვის არ განუმარტავთ, რომ მას აკავებდნენ, აგრეთვე, არ განუმარტავთ მისი უფლებები; ის, პრაქტიკულად, მოტყუებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. 20 საათის განმავლობაში არც ჩაკვეტაძის ოჯახის წევრებს და არც პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელბს არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები მთელი ამ ხნის განმავლობაში არ აცხადებდნენ, თუ სად იმყოფებოდა კახა ჩაკვეტაძე.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, ვთვლით:

1.    ჩაკვეტაძის მიმართ წაყენებული ბრალდება - პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით - საქმის მასალებით არ დასტურდება;

2.    ჩაკვეტაძის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თბილისის საქალაქო სასამარლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ისჯება.

ვინაიდან ჩაკვეტაძის სახით მივიღეთ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე, საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და აწარმოონ სასამართლო პროცესის მონიტორინგი, რათა არ მოხდეს კახა ჩაკვეტაძის მიმართ მორიგი უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.


1.    „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“                          ლია მუხაშავრია
2.    „ადამიანის უფლებათა ცენტრი“                              უჩა ნანუაშვილი
3.    „თავისუფალი აზრის სახლი“                              ბაკურ ბაკურაძე
4.     „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“                              მანანა კობახიძე
5.    "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"                          ეკა ბესელია
6.     „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“                  თამარ ჩუგოშვილი
7.    „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“              ნანა კაკაბაძე
გელა ნიკოლაიშვილი

ახალი ამბები