კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის პატიმრები

17 დეკემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი

2010 წლის 27 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა 100-მდე ადამიანმა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ ვაზისუბანში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა, რომელიც სიღნაღიდან, მწვადისა და ღვინის ფესტივალიდან ბრუნდებოდა. აქციის მონაწილეებმა გუბერნატორი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, „ბოროტი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“, ხვიჩა მუნჯიშვილი და გიორგი წვერიკმაზაშვილი, ხოლო გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა ზურაბ კაკიაშვილი და კახაბერ მამარდაშვილი დააკავეს.

დაკავება

„2010 წლის 27 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, 19:15 საათზე, საღამოს, ზურაბ კაკიაშვილმა გადაკეტა საავტომობილო გზა. იგი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა სავალი ნაწილი. იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - აღნიშნულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რომელსაც ხელს შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი გიორგი ძულიაშვილი აწერს.

ზუსტად იგივე შინაარსის ოქმებია შედგენილი კახაბერ მამარდაშვილის, ხვიჩა მუნჯიშვილისა და გიორგი წვერიკმაზაშვილის მიმართ, ოღონდ, ოქმებს ხელს სხვადასხვა ინსპექტორები აწერენ.

იმავე საღამოს ინსპექტორ - გამომძიებელი ძულიაშვილი პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს გოჩა სიბაშვილს პატაკს აბარებს, სადაც განმარტავს: „ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს გაეხსნათ საავტომობილო გზა და დაეცვათ წესრიგი, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კახაბერ მამარდაშვილმა და ზურაბ კაკიაშვილმა განაცხადეს უარი და მოუწოდებდნენ მოსახლეობას არ დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მამარდაშვილი და კაკიაშვილი გახდნენ აგრესიულები ჩვენს წინააღმდეგ, დაიწყეს ყვირილი. ჩვენ მოვუწოდეთ მათ სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისაკენ, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას და ბოროტად აგრძელებდნენ წესრიგის დარღვევას, რის გამოც ისინი ჩვენს მიერ დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციული წესით საქ. ადმ. სამ. კოდექსის 173-ე მუხლით“.

პატაკის მიღების შემდეგ, გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოჩა სიბაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული დაკავების ოქმებს და დაკავებულები სასამართლო განხილვამდე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გოჩა სიბაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის ძმაა.

28 ნოემბერს ოთხივე დაკავებული სამართალდამცავებმა თელავის რაიონულ სასამართლოში წარადგინეს.

სამართალდარღვევათა ოქმების „დაკანონება“

გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა კაკიაშვილისა და მამარდაშვილისთვის სახდელის სახით 10 დღე - ღამით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მუნჯიშვილისა და წვერიკმაზაშვილის მიმართ 15 დღე - ღამით პატიმრობა.

სასამართლო პროცესზე კაკიაშვილმა, მამარდაშვილმა, მუნჯიშვილმა და წვერიკმაზაშვილმა სამართალდარღვევის ჩადენა უარყვეს.

ზურაბ კაკიაშვილი: „27 ნოემბერს, საღამოს, სახლში მყავდა სტუმრები. სოფელში ელექტროენერგია არ იყო. მინდოდა გამერკვია შუქი რატომ არ გვქონდა, როცა ელექტროენერგიის გადასახადი სრულად მქონდა გადახდილი. საკითხის გასარკვევად მონტიორთან წავედი. მონტიორი გზასთან ახლოს ცხოვრობს. იქვე ხალხი იყო შეკრებილი. მონტიორმა მითხრა, ხალხიც მაგ ამბავზეა შეკრებილი, ენერგოდისტრიბუციიდან იქ არიან წარმომადგენლები, მიდი და გაარკვიეო. ჩავედი იმ ადგილზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. რაიონის გამგებელიც იქ იყო და კახეთის გუბერნატორიც. გუბერნატორმა მკითხა, აბა, რა პრეტენზია გაქვთო? მე ვუთხარი, ელექტროენერგიის გადასახადებს ენერგოკომპანია უკანონოდ გვაკისრებს, არ ინტერესდებიან, ამდენი გარღვევა საიდან მოდის და ყურადღებას არავინ გვაქცევს მეთქი. კიდევ რა პრეტენზია გაქვთო? არც სასმელი წყალი გვაქვს სოფელში და არც ბუნებრივი აირი მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როცა თვითონ იყრიდა კენჭს გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად, სოფელში მილები დაყარეს და გაზიფიცირებას დაგვპირდნენ, პრეზიდენტმა სკოლაში გაზიც აანთო, მაგრამ სოფელი დღემდე არ არის გაზიფიცირებული. ამის თქმა იყო და გუბერნატორი გავიდა. დაახლოებით ორ წუთში პოლიციის უფროსი მოვიდა და მკითხა, „ცუცუნას ბიჭი“ შენ ხარო? ვუთხარი, რომ მე ვიყავი. მითხრა, გამომყევიო. გავყევი. პოლიციის უფროსმა თავის მანქანაში ჩამსვა. ხუთ წუთში კი პოლიციის „პიკაპი“ მოვიდა და იმით წამიყვანეს. მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც პოლიციისთვის გამიწევია წინააღმდეგობა. დაკავების შემდეგ მთელი 3 საათის განმავლობაში გურჯაანის პოლიციაში ვიყავი, სანამ თელავში გადამიყვანდნენ იზოლატორში და რატომ დამაკავეს, არავის უთქვამს“.

კახაბერ მამარდაშვილი: „მე საუბნო მრიცხველით არ ვსარგებლობ. ოთხ ოჯახს გვაქვს ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟებული და დავალიანება არასოდეს არ გვაქვს. შუქი რომ არ იყო, მონტიორთან ჩავედი. მონტიორმა მომცა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის ცენტრის უფროსის ავთო ზარნაძის ტელეფონის ნომერი. დავურეკე ზარნაძეს. მან მითხრა, ვაზისუბანში ვარ, საკრებულოს შენობასთან ხალხია შეკრებილი და თუ რამე გაქვს გასარკვევი, აქ მოდიო. ზარნაძე გზიდან დაახლოებით 50 მეტრში იდგა და რამდენიმე ადამიანს ესაუბრებოდა. მეც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მითხრა, თქვენ დავალიანება არ გერიცხებათ და ელექტროენერგია გამორთული არ უნდა გქონდეთო. მე მას ვთხოვე, რომ დაევალებინა თანამშრომლებისთვის, ჩემთვის ელექტროენერგიის მოწოდება აღედგინათ. ამ დროს ჩემთან მოვიდა პოლიციის თანამშრომელი და მითხრა, წამოდიო. ვკითხე, სად უნდა წამოვიდე მეთქი. წამოდიო მითხრა. პოლიციის მანქანაში ჩამსვეს და განყოფილებაში წამიყვანეს. მე აქციაში მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია“.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა ყოველთვიურად დამატებით თანხებს გვაწერს და თუ არ გადავიხდით, ელექტროენერგიას გვითიშავს. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. მონტიორსაც ვუთხარით, ვისი მრიცხველი არ მუშაობს და გარღვევას რა შეიძლება იწვევდეს, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს. იძულებულები გავხდით აქცია გაგვემართა. გზა რომ გადავკეტეთ, გუბერნატორი სიღნაღიდან მოდიოდა, სადაც ფესტივალი ჰქონდათ. ნასვამი იყო. არც გვისმენდა, რას ვაპროტესტებდით. მარტო იმას გაიძახოდა, გზის გადაკეტვა როგორ გაბედეთო. სანამ ის პოლიციის თანამშრომლებს უბრძანებდა, რომ ვინც რამეს ამბობდა, დაეკავებინათ, გზა უკვე გახსნილი იყო, მაგრამ ბიჭები მაინც დააკავეს. დაგსჯით და მეორედ გზის გადაკეტვას ვეღარ გაბედავთო, დაგვემუქრა გუბერნატორი“, - აღნიშნეს ჩვენთან საუბარში შეკრების მონაწილეებმა მანანა სოლომნიშვილმა და თამარ კაკიაშვილმა.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ვაზისუბნის მაცხოვრებლების დაკავებასთან კავშირს უარყოფს. „ჩვენ ის ხელისუფლება არ ვართ, ვინმეს არ მოვუსმინოთ და რამე ვერ გავიგოთ. აბა მითხარით, ბოლოს გზა სად გადაკეტეს. ასეთი ფაქტები აღარ ხდება. პოლიციამ იცის თავის საქმე და მე მათ მუშაობაში არ ვერევი“,- განაცხადა გუბერნატორმა.

ინციდენტის კიდევ ერთი თვითმხილველი, ვაზისუბნის ეკლესიის მოძღვარი, მამა გრიგოლი (მთვარელიშვილი), კაკიაშვილისა და მამარდაშვილის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მოწმე გრიგოლ მთვარელიშვილმა კაკიაშვილისა და მამარდაშვილის მიერ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კატეგორიულად უარყო. უფრო მეტიც, მოწმემ სასამართლოზე განაცხადა, რომ კახა მამარდაშვილს შეკრებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

მამა გრიგოლი (მთვარელიშვილი): „19:00 საათზე ვაზისუბნის ეკლესიაში წირვა დავამთავრე და სოფელ ვაჩნაძეანში მივდიოდი წირვის ჩასატარებლად. ვაზისუბნის საკრებულოს შენობასთან პოლიციის მანქანა დავინახე. ჩემი სოფელია, დავინტერესდი, რა ხდებოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, გაიარეთ მამაო, არაფერი არ ხდებაო. მანქანა ცოტა ზემოთ გავაჩერე და იმ ადგილზე მივედი, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. თანასოფლელებმა მითხრეს, ფული გადახდილი გვაქვს და შუქი მაინც გაგვითიშესო. პოლიციის თანამშრომლებმა მთხოვეს, მამაო, იქნებ თქვენც სთხოვოთ შეკრებილებს, სახლებში წავიდნენო. ახალგაზრდებს ვთხოვე, წადით სახლში და შევეცადოთ, საკითხი სხვა ფორმით გავარკვიოთ მეთქი. ამ დროს დავინახე, რომ პოლიციის თანამშრომლები ადგილობრივებს აკავებდნენ. დავინახე გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც აცხადებდა, ვინც გზის გადაკეტვა გაბედა, ყველა დააკავეთო. ხვიჩა მუნჯიშვილმა უთხრა, ხალხი ცოდოა, ფული გადახდილი გვაქვს და ბნელში ვართო. გუბერნატორი პირდაპირ გასცემდა ბრძანებებს თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ზუსტად ამ დროს დააკავეს კაკიაშვილიც, რომელმაც გუბერნატორს კითხვაზე უპასუხა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ დროს დავინახე კახა მამარდაშვილიც, რომელიც პოლიციელს მიყვებოდა. სად მიდიხარ მეთქი, ვკითხე კახას, რომელიც ჩემი მრევლია. არ ვიცი მამაო, მითხრეს - გამომყევიო და მივყვებიო. კახამ მოახერხა და გზიდან დამირეკა - მამაო, დამაკავესო. სადაც ხალხი იყო შეკრებილი, კახა იქ საერთოდ არ ყოფილა“.

ზაურ ბაჩუკაშვილი, ვაზისუბნის მკვიდრი: „მე რომ ქვემოთ ჩავედი, საპატრულო პოლიციას გზა უკვე გახსნილი ჰქონდა. მანქანები თავისუფლად მოძრაობდნენ. კახა გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა მერე დააკავეს. გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას როგორ სთხოვდნენ, როცა გზა უკვე გახსნილი იყო?“

ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა დაკავებულები სამართალდამრღვევებად სცნო და 7 დღე - ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დასაბუთებულობის პრობლემა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი და თავისებურებები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. პრინციპები, რომლებსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება ეყრდნობა, ასე გამოიყურება: ყოველი საქმის დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, მოსამართლეს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სწორედ ამგვარი გამოკვლევის საფუძველზე უნდა მიეღო, თუმცა დადგენილება ვერ იძლევა წარმოდგენას, რა კონკრეტულ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო დადგენილების გამოტანისას.

მოსამართლე დადგენილებაში განმარტავს: „აღნიშნული სამართალდარღვევა მთლიანად იქნა დადასტურებული წარმოდგენილი მასალებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზურაბ კაკიაშვილის, კახაბერ მამარდაშვილის, ხვიჩა მუნჯიშვილის და გიორგი წვერიკმაზაშვილის მიერ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას“.

„მოსამართლის განმარტება, რომ „სამართალდარღვევა მთლიანად იქნა დადასტურებული წარმოდგენილი მასალებით“ დადგენილებების შაბლონურობასთანაა დაკავშირებული. დადგენილების აღწერილობა არ იძლევა ინფორმაციას, რა კანონიერი მოთხოვნა გააჩნდა პოლიციის თანამშრომელს სამართალდამრღვევის მიმართ, რაში გამოიხატა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, როგორი იყო სამართალდამრღვევად ცნობილი პირის პოზიცია“, - ამბობს ადვოკატი ლია ხუროშვილი.

ჩვენ შევისწავლეთ თელავის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების მიერ 2010 წლის 01 სექტემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიღებული 30 დადგენილება. დადგენილებების ფორმალური ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ თითოეულ მოსამართლეს ინდივიდუალურად შემუშავებული ე.წ. შაბლონური ფორმა აქვს, რომელშიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სახელები და გვარები იცვლება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება უნდა შეიცავდეს ჩანაწერს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ. 30 დადგენილებაში, რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი, მსგავსი მითითება არსად არის მოცემული.

ამასთან, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, ჩვენ თელავის რაიონულ სასამართლოში დავესწარით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვას. მოსამართლეები საქმის განხილვას 10 - 15 წუთში ამთავრებდნენ.

საქმეზე „დონაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „პროცესი, რომელიც 10 - 15 წუთი გრძელდება და ფორმალურ ხასიათს ატარებს, საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ვერ უზრუნველყოფს“.

საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ე.წ. „მუშა მუხლს“ წარმოადგენს.

„იმისათვის, რომ სახეზე 173-ე მუხლით დასახელებული შემადგენლობა გვქონდეს, აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფი სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის განკარგულება ან მოთხოვნა, რომელსაც სამართალდამრღვევი ბოროტად არ ემორჩილება. იმ შემთხვევაში, როცა 173-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად გამოიყენება, საკითხი მეტ - ნაკლებად ნათელია. გაურკვეველია, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის რომელი კანონიერი მოთხოვნა არ სრულდება მაშინ, როცა სამართალდარღვევათა ოქმი მხოლოდ 173-ე მუხლს ეფუძნება. ჩვენს ხელთ არსებული დადგენილებების უმეტესობა დასახელებულ შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა. განხილული დადგენილებები ასევე არ იძლევა იმის გარკვევის შესაძლებლობას, მსჯელობს თუ არა სასამართლო დასახელებულ საკითხებზე. აღნიშნულმა პრობლემამ კი თავის მხრივ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ პრობლემებამდე, როგორიცაა: ქმედების არასწორი კვალიფიკაცია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავება, სასამართლოს კონტროლის არ არსებობა და ა.შ.“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია „მონიტორის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით


ახალი ამბები