კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი გადასახადები _ ფერმერების ახალი თავსატეხი

21 დეკემბერი, 2010

თეა თოფურია, თბილისი-დედოფლისწყარო

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან მიწის გადასახადი გაიზრდება. ახალი ტარიფი ჰექტარზე 50-150 ლარია და ის მიწის მოსავლიანობის მიხედვით განისაზღვრება. თუმცა, გაურკვეველია, რა მექანიზმით დადგინდება, როგორ მოსავალს იძლევა ესა თუ ის ნაკვეთი.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება (მუხლი 204) სათიბებსა და საძოვრებზე 1,5-20 ლარამდე ტარიფს აწესებს, სხვა მიწებზე კი 50-100 ლარამდე. გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია, ეს თანხა 150 ლარამდე გაზარდოს.

ახალმა კანონმა ფერმერები საგონებელში ჩააგდო. გადასახადი ამა თუ იმ ტერიტორიის მოსავლიანობით განისაზღვრება. თუ რა რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი შეიძლება მოიყვანოს გლეხმა, ამასთან დაკავშირებით თვითმმართველობებს ძველი, კოლმეურნეობების დროინდელი მონაცემები ჰქონდათ. ახლა კი რეალობა სხვაა. კლიმატი მთელ მსოფლიოში იცვლება, საქართველოშიც რიგი ტერიტორიები უდაბნოვდება. შესაბამისად, ძველი მონაცემები დღევანდელ რეალობას შესაძლოა, სულაც აღარ დაემთხვეს.

ანა ბენაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) კოორდინატორი დედოფლისწყაროს რაიონში: „შირაქის მიწები ადრე მართლა ნაყოფიერი იყო, მაგრამ ახლა მოუსავლიანი გახდა. ყველაზე მოწყვლადი რაიონი დედოფლისწყაროა. აქ ფერმერს 100-150 ჰექტარი თუ აქვს, გადასახადიც მეტი მოუწევს. კლიმატი იცვლება. ტემპერატურა ყოველ წელს მატულობს. შესაბამისად, მოსავალიც აღარ მოდის. დედოფლისწყაროს ფერმერები ითხოვენ, რომ მთავრობამ კლიმატის ცვლილებები გაითვალისწინოს და ამ რაიონზე მიწის გადასახადად, ტარიფის ქვედა ზღვარი, ანუ 50 ლარი დაადგინონ“.

დედოფლისწყაროს რაიოში ფერმერებს ძირითადად ხორბალი, ქერი, მზესუმზირა მოჰყავთ. აქვთ სათიბები და საძოვრებიც, რომლებიც ასევე გაუდაბნოებას განიცდის.

გიორგი გონაშვილი, ფერმერი: „მე ოცი ჰექტარი მიწა მაქვს. აქამდე ჩვენს რაიონში კარგი ხარისხის მიწისთვის გადასახადი 44 ლარი იყო, მწირისთვის კი - 24. ახლა მინიმუმი 50 ლარია. ამასთან, თვითმმართველობას შეუძლია ტარიფი 150 ლარამდე გაზარდოს, შემცირების უფლება კი არა აქვს. მიწის კატეგორიზაცია არც ადრე ჩატარებულა და რამდენადაც ვიცი, არც ახლა აპირებენ. ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. აქამდე ნიადაგის ხარისხს კოლმეურნეობების დროინდელი მონაცემებით ადგენდნენ. ახლა აღარ ვიცი, რას იზამენ, ისევ ამ მონაცემებს დაეყრდნობიან თუ არა. უკანასკნელი წლებია, გვალვების გამო ძალიან მწირი მოსავალი გვაქვს. სარწყავ წყალს ვინ ჩივის, მინდორში რომ მივდივართ, სასმელი წყალიც ბოთლით მიგვაქვს. ამ პირობებში რა მოსავალი უნდა მოვიყვანოთ?!“

იგეგმება თუ არა მიწის ხარისხის გამოკვლევა და მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა, ამ კითხვაზე მთავრობაში პასუხი ვერავინ გაგვცა. პირიქით, გაირკვა, რომ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში ამ თემაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

მარიკა ხოფერია, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი: „მიწის გადასახადი 50-150 ლარი იქნება. ამ მხრივ კანონში ცვლილებები არ შესულა, ადრეც იგივე თანხა იყო. ცვლილებაა ის, რომ ძველ საგადასახადო კოდექსში პირდაპირ ეწერა, სად რომელ მიწას რა გადასახადი ეკუთვნოდა. ამჯერად კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავად განსაზღვრავენ ტარიფს. ეს ტარიფი საბოლოოდ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. თუ რის საფუძველზე მოხდება ტარიფის განსაზღვრა, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იცოდეს“.

მართალია, მარიკა ხოფერია ამბობს, რომ ტარიფი ძველ და ახალ კანონში ერთი და იგივე იყო, მაგრამ თავად ამ კანონებში ასე არ წერია. საგადასახადო კოდექსის ძველ რედაქციაში (მუხლი 273)  ზოგან მიწის გადასახადად 8 ლარიც კია მითითებული (შუახევი, ხარაგაული, ჭიათურა...). ყველაზე მაღალი გადასახადი იყო თბილისსა და მარნეულში - 57 ლარი. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ტარიფი არ შეცვლილა.

რაც შეეხება საკითხს, აპირებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიწის ხარისხის გადახედავას, სამინისტრომ ჩათვალა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი კომპეტენცია არ არის.

ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დედოფლისწყაროს ფერმერების მიერ დაყენებული საკითხი, მიწების მოუსავლიანობის შესახებ, რეალურია და მთავრობის მხრიდან მეტ ყურადღებას მოითხოვს. კლიმატური ცვლილებები შეუქცევადი პროცესია და ის საქართველოზეც ისევე აისახება, როგორც დანარჩენ მსოფლიოზე. 

ახალი ამბები