კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცირე მეწარმის ბიზნესი გუბერნატორისა და საკრებულოს წევრების დაპირისპირებას შეეწირა

22 დეკემბერი, 2010

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონის სოფელ ერგნეთში მცხოვრები რამინ ჯოხაძე „თხევადი აირის“  რეალიზაციას შპს „გეორგია 21“-ს ტერიტორიაზე ახორციელებდა. ეს კომპანია გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ხაჩიურს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილი გუბერნატორად დაინიშნა, იგი თემურ ხაჩიურის ბიზნესით დაინტერესდა. ხაჩიურის ტერიტორიაზე  თხევადი აირის რეალიზაციის აკრძალვის ზეპირი ბრძანება უშუალოდ გუბერნატორმა გასცა. როგორც ინდმეწარმეები აცხადებენ, არსოშვილმა პირადად დაათვალიერა ადგილი და პირადად გასცა ბრძანება - „ალაგმულიყვნენ“.

ინდმეწარმე რამინ ჯოხაძეს, რომელსაც სახლი ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაუწვეს, შპს „გეორგია 21“-სთან ხელშეკრულება 2010 წლის ნოემბრამდე ჰქონდა დადებული. 2010 წლის აგვისტოში იგი იძულებული გახდა თხევადი აირის რეალიზაცია შეეჩერებინა. მან სცადა მოლაპარაკებოდა დაპირისპირებულ მხარეებს - გუბერნიას და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს. თუმცა, არაფერი გამოუვიდა. შპს „გეორგია 21“-ს წარმომადგენლები მას არწმუნებდნენ, რომ ურთიერთობა უნდა მოეგვარებინა გუბერნატორის აპარატში მომუშავე ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ჰამლეტ მერაბიშვილთან.

რამინ ჯოხაძე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს და გაზეთ „ქართლის ხმას“ 2010 წლის 30 აგვისტოს დაუკავშირდა. „ჩემთან მოვიდნენ და მომთხოვეს, თხევადი აირის მანქანა გამეყვანა ხაჩიურის ტერიტორიიდან. რამდენიმე დღის შემდეგ მაქანანით ჩამოიარა არსოშვილმა და კატეგორიულად მომთხოვა ტერიტორიის დატოვება. ამის შემდეგ შევხვდი გუბერნიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ჰამლეტ მერაბიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე თხევადი აირის რეალიზაცია იკრძალება“, - ამბობს რამინ ჯოხაძე.

ამის შემდეგ ჰამლეტ მერაბიშვილს წერილობით მოვთხოვეთ განემარტა, რის საფუძველზე აუკრძალეს ინდმეწარმე რამინ ჯოხაძეს მდინარე ლიახვის პირზე აირის რეალიზაცია, სადაც დასახლებული პუნქტი 400-500 მეტრითაა დაშორებული. ჰამლეტ მერაბიშვილმა გორის გამგებლის, დავით ხმიადაშვილის წერილით გაგვცა პასუხი, რომ თხევადი აირის რეალიზაცია ირკძალება ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 14 აპრილს გამოცემული ბრძანებით. თუმცა, 300-გვერდიანი ბრძანებიდან არ იყო მითითებული, რომელი მუხლი დაარღვია რამინ ჯოხაძემ.

ამის შემდეგ ჩვენ კვლავ მივწერეთ ჰამლეტ მერაბიშვილს კითხვით, ეხება თუ არა ეს ბრძანება გორის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სარეალიზაციო და ამავე დროს  შედარებით დიდ პუნქტებს, მათ შორის კომბინატის დასახლებაში მდებარე პუნქტს, სადაც თითქმის 20-მდე მრავალტონიანი ცისტერნაა განთავსებული? ეს მრავალტონიანი ცისტერნები საცხოვრებელი კორპუსებიდან 50-60 მეტრშია, იქვეა სასწავლო პუნქტები და სხვათა შორის, ახლადაშენებული შუშებიანი საპატრულო პოლიციის შენობაც, რომელიც რამდენიმე ხნის წინ შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გუბერნატორმა ზურაბ აროსშვილმა ოფიციალურად გახსნეს.

ამ წერილზე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ გვიპასუხა, რომ მსგავსი  საკითხების შესწავლა შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის კომპეტენციაში არ შედის და გვირჩია, შესაბამის სტრუქტურებს დავკავშირებოდით. ამის შემდეგ დამატებითი წერილი გავაგზავნეთ გორის გამგებლის, დავით ხმიადაშვილის სახელზე. მან კი გვიპასუხა, რომ ეკონომიკის მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების შესახებ“ ვრცელდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა კანონიერი 20-მდე მრავალტონიანი ცისტერნების განთავსება კომბინატის დასახლებაში, ამის შესახებ გამგებელი კომენტარს არ აკეთებს.

ჩვენ დავუკავშირდით კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე თხევადი აირით დატვირთული ცისტერნების მეპატრონეს, ნუგზარ ხოჯევანიშვილს. გადავითვალეთ მანძილი ობიექტიდან კორპუსებამდე. მანძილი 60-მეტრამდეა. ხოჯევანიშვილმა გვითხრა, რომ იანვრიდან თბილისის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, შეამოწმებს ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას.

„თუ ვინმე არაკანონიერად ვმუშაობთ, ბუნებრივია, შევწყვიტავთ მუშაობას და გადავალთ სხვაგან. რაც შეეხება რამინ ჯოხაძის ბიზნესის აკრძალვას, მე მაგ საქმეში არაფერ შუაში ვარ. გავრცელდა ხმა, თითქოს მისი ბიზნესის შეწყვეტით მე ვსარგებლობ, მაგრამ ის მე კონკურენციას ვერ მიწევდა. ორტონიანიანი ცისტერნა მე რას მიზამდა? იქით მე ვუსხამდი ხოლმე, თანაც ნისიად“, - ამბობს ნუგზარ ხოჯევანიშვილი.

ფაქტია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მხოლოდ რამინ ჯოხაძის გაზის ბიზნესი გახდა ხელისუფლების დარტყმის ობიექტი. გორის გამგეობა მეორე წერილში საერთოდ უარყოფს მის მონაწილეობას ბიზნესის აკრძალვის საქმეში. შპს „გეორგია 21“-ს წარმომადგენლობა პირველ წერილში გვწერს, რომ ჯოხაძის ბიზნესი გამგეობის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების შემდეგ აიკრძალა. მეორე წერილში კი საერთოდ უარყოფს გამგეობის მონაწილეობას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ ხაჩიურის ვაჟი გორის გამგეობის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსია. ისე გამოდის, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თემურ ხაჩიური აკონტროლებს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, რომელსაც მისი ვაჟი ხელმძღვანელობს.

უფლებაშელახულ რამინ ჯოხაძეს ომის დროს ყველაფერი გაუნადგურდა. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო მცირე ბიზნესი იყო. იგი ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლების დაინტერესება იქნება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისს მიაჩნია, რომ რამინ ჯოხაძის ინტერესები გუბერნატორისა და საკრებულოს წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას ეწირება.

ახალი ამბები