კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი: „წმინდა სინოდის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, აფხაზების გაღიზიანება გამოიწვიოს“

22 დეკემბერი, 2010

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობის გადაცემამ შესაძლოა, აფხაზების გაღიზიანება გამოიწვიოს. ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა წმინდა სინოდის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„ეს ინიციატივა აფხაზურ მხარეში გაღიზიანებას გამოიწვევს. ჩვენს პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს არა მხოლოდ საქართველოში ან მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ მთელს მსოფლიოში. მას თავად აფხაზებიც პატივს სცემენ, იმის მიუხედავად, რომ უკმაყოფილონი არიან. ეს უკმაყოფილება კი იმ დროიდან მოდის, როცა პატრიარქის განცხადებები მათ არასწორად გაიგეს. მაგალითად, საომარი მოქმედებების წინ პატრიარქმა თქვა, რომ ყველა ქართველის მკვლელი შეუნანიებელ ცოდვას სჩადის. ამაზე აფხაზები გაბრაზდნენ – აფხაზის მკვლელი ცოდვას არ ატარებსო?! მათ ეს დღემდე ახსოვთ. მიმაჩნია, რომ მათ პატრიარქის ეს განცხადება არასწორად წაიკითხეს, რადგან იგი ქართველში საქართველოს ყველა მოქალაქეს გულისხმობდა, მათ შორის აფხაზებსაც. ამ ინიციატივაში კი აფხაზები წაიკითხავენ არა რელიგიურ და ეკლესიურ, არამედ პოლიტიკურ კონტექსტს და იტყვიან, რომ არასწორი მეთოდებია გამოყენებული და ამ ფორმით არ უნდა ველაპარაკებოდეთ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეკლესია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი, მაგრამ დამატებითი ბერკეტი საკითხის მოგვარებაში. ზაქარეიშვილის აზრით, ვიდრე ქართული პოლიტიკა მთლიანად არ შეიცვლება აფხაზების მიმართ, ასეთი ცალმხრივი ქმედებები, არა თუ შედეგის მომტანი არ იქნება, არამედ კარგი ინიციატივისა და რესურსის დიკსრედიტაციას მოახდენს.

„სააკაშვილი არ ელაპარაკება აფხაზებს. მათ მხარედ და ადამიანებად არ თვლის და მიაჩნია, რომ ისინი მხოლოდ რუსეთის მარიონეტები არიან და ეს არის საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პოზიცია. ამ ფონზე ასეთი ინიციატივები არა თუ შედეგის მომტანი არ იქნება, არამედ ამგვარ ინციატივას მომავალში ვეღარ გამოიყენებ, რადგან უკვე ახლა მოხდება მისი დისკრედიტაცია“, - მიაჩნია ზაქარეიშვილს.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს გადაეცა. ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები