კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქი ქალაქში - 30 000 დევნილისათვის

24 დეკემბერი, 2010
შორენა ლათათია

დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტატეგიის  შესაბამისად,  2011  წლის გაზაფხულზე  ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, დაახლოებით  30 000  დევნილის გრძელვადიანი განსახლება იგეგმება. ფოთში დევნილთა ოჯახებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაასახლებენ. დღემდე უცნობია, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას გეგმავს სახელმწიფო, რათა  ასეთი მასშტაბური გადასახლებით დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.

ფოთში მიმდინარე მშენებლობებზე დევნილებიც არიან დასაქმებულნი, რასაც ექსპერტები დადებითად აფასებენ. მშენებლობაზე მომუშვავე ერთ-ერთი კომპანიის - „სანის“ წარმომადგენელი მზევარი ადამია  ამბობს, რომ ამ კომპანიაში 200-მდე მუშახელია დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 80 დევნილია.

„მშენებლობის შესახებ ტელევიზიით გავიგე და პირდაპირ სამშენებლო ფირმაში განცხადება დავტოვე, რის შემდეგაც გამომიძახეს. ანაზღაურება ნორმალურია, თვეში დაახლოებით 800 – 900 ან 1000 ლარი გამოდის“, - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აფხაზეთიდან დევნილმა, ვალერი ქარჩავამ.

მშენებლობაზე დევნილთა დასაქმებას კოორდინაციას უწევდა ასევე ფოთის მერიის საინფორმაციო სამსახური, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა და მერიაში შესული განცხადებები სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა.  თუმცა, რეალობა გვიჩვენებს, რომ ასეთი მცირე ინიციატივები საკმარისი არ არის. 

„54-ათასიან ქალაქში 30 000 დევნილის  ჩამოსახლება,  ფაქტობრივად,  ახალი ქალაქის შექმნას ნიშნავს. ამ ყველაფრის არსი არის ის, რომ ფოთში ყალიბდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ბევრი სამუშაო ადგილი და მათ შორის სამუშაო ადგილები უნდა გამოინახო დევნილთათვისაც. სიმართლე გითხრათ, ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი  ძვრები არ იგრძნობა. ყველა პროგნოზით, დევნილების ჩამოსახლება წინ გაუსწრებს ზონის იმ დონეზე განვითარებას, როცა მათი სამუშაოთი უზრუნველყოფა უნდა მოხდეს“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „არგომედიის“ ხელმძღვანელი ირაკლი აფსანიძე.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დაბალია დევნილთა  და თავად ფოთელების ზოგადი ინფორმირების დონე: „დევნილთა ჩამოსახლების შესახებ არ მომხდარა ფოთელების სათანადო ინფორმირება, რაც თავისთავად პრობლემაა. ასეთ დიდ პროექტებს აუცილებლად სჭირდება წინასწარი განხილვა, როგორც დევნილთა  საზოგადოებაში (ვისთვისაც შენდება ეს საცხოვრებლები), ასევე ფოთის მოსახლეობისთვისაც. რადიოც და ტელევიზიაც იმისთვის არსებობს, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საინფორმაციო კამპანია და დევნილების ინფორმირება მომხდარიყო“.

ფოთში სულ 25 კოლექტიური ცენტრია, რომელთაგან  16 უკვე რეაბილიტირებულია და ამ ეტაპზე მათი პრივატიზაცია მიმდინარეობს. „ბოლო მონაცემებით ფოთში სულ 70304 დევნილია,  აქედან 2200 კოლექტიურ ცენტრებშია ჩასახლებული დანარჩენი 5 000 კი -  კერძო სექტორში ცხოვრობს.  მიმდინარე მშენებლობებზე  პირველ რიგში ის დევნილები ჩასახლდებიან  რომლებიც ავარიულ შენობებში, ნაქირავებში ან ნათესავთან ცხოვრობს“, - ამბობს ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის უფროსი ვიოლეტა ჯღამაძე.

სასატუმრო „კოლხეთი“ დევნილთა ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლებაა, სადაც  უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ობიექტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის, დევნილთა უმრავლესობას არაა აქვს ინდივიდუალური სველი წერტილები, რაც ცხოვრებისთვის არაადეკვატურ პირობებსა და ანტისანიტარიის საქრთხეს ქმნის. 

„17 წელია ასეთ გაუსაძლის  პირობებში ვცხოვრებთ. ეს შენობა არასოდეს  გარემონტებულა. ჭორის დონეზე ვიცით, რომ მშენებლობების დასრულების შემდეგ ახალ ჩასახლებაში გადავყავართ, მაგრამ ოფიციალურად ჩვენთან არავინ მოსულა“, - გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა ეთერი ქარაიამ. 

„დევნილებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება. ჩემი ინფორმაციით კი, ბევრგან მათ ულტიმატუმს უყენებენ. დევნილი კონკრეტულ ჩასახლებაში გადასახლებაზე უარს თუ იტყვის, ლტოლვილთა სამინისტრო მათ სახელმწიფო დახმარების  ბენეფიციარებად აღარ მიიჩნევს“, - ამბობს ირაკლი აფსანიძე.

ფოთში 30 ათასი დევნილის ჩასახლებას ოპტიმისტურად უყურებს თავათ თვითმართველი ქალაქის მერი ვახტანგ ლემონჯავა: „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თვალნათლივ დავინახეთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ დინამიკას, და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ნოსტალგიით გადავწყვიტეთ, რომ ამ ქალაქს დავარქვათ ახალი რაიონი სოხუმის მსგავსად“.

ახალი ამბები