კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელები სცემეს

30 დეკემბერი, 2010
გელა მთივლიშვილი, კახეთი

25 დეკემბერს, საღამოს, ინციდენტი მოხდა შუამთის რესტორანში. რამდენიმე პირმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე მაილაშვილს, გამგებლის მოადგილეს დავით დოიჯაშვილს, გამგეობის აპარატის უფროსს ივერი წითელაურს და სოფელ ხალაწნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ზაზა გუნაშაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცემის ბრალდებით, სამართალდამცავებმა საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი და მისი ძმა ბექა ონიაშვილი დააკავეს.

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც რესტორნიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე გავიდნენ. „25 დეკემბერს, ახმეტაში კონცერტი იყო. კონცერტის შემდეგ ცისკარიშვილი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები რესტორანში ამოვიდნენ და იქეიფეს. პეტრე და გამგებელი როცა წავიდნენ, დარბაზში ჩხუბი ატყდა და საკრებულოს თავმჯდომარე სცემეს. ყვიროდნენ, მაგათთან ერთად მაგიდასთან როგორ იჯექიო. მერე პოლიცია მოვიდა. მეტი არაფერი ვიცი“, - აღნიშნა თვითმხილველმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მაილაშვილის თქმით, ინციდენტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ჩხუბის შედეგად სხეულის დაზიანებები არ მიუღია.

„25 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათზე, ქალაქის ცენტრში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ. კონცერტის დასასრულს სტუმრები ტრადიციულად შუამთის რესტორანში მივიწვიეთ. ამ დროს მოხდა ინციდენტი. იმ ოთახში, სადაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები იმყოფებოდნენ, შემოიჭრნენ ნასვამი პირები, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს თანამშრომლებს. მე სხეულის დაზიანებები არ მაქვს. ამ დროისთვის სამსახურში ვარ და თავს შეუძლოდ არ ვგრძნობ“, - განაცხადა ალექსანდრე მაილაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) არის აღძრული. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.

შუამთის რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული გელა და ბექა ონიაშვილების მამა რობიზონ ონიაშვილი, გუშინ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს სამუშაო ოთახში მიუვარდა. თვითმხილველების თქმით, რობიზონ ონიაშვილი მისი შვილების დაკავებაში ახმეტის გამგებელს ადანაშაულებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ მომხდარი უარყო, თუმცა თვითმხილველების თქმით, გამგებელმა დაკავებულების მამას დალაპარაკება შესთავაზა. „რობიზონ ონიაშვილი მაისურაძის ოთახში არ გაჩერდა. გამგებელი პროვოკაციაში დაადანაშაულა, აგინა და წავიდა“, - აღნიშნეს თვითმხილველებმა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ონიაშვილებს ვერ დავუკავშირდით.

დაკავებულ ბექა ონიაშვილს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე საქმეზე დაკავებული გელა ონიაშვილის მიმართ კი, რომელიც ბექა ონიაშვილის ძმაა, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, გელა და ბექა ონიაშვილები შს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ახლობლები არიან. სასამართლო პროცესზევე ცნობილი გახდა, რომ ბექა ონიაშვილს უახლოეს დღეებში საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ახალი ამბები