კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი საგადასახადო კოდექსი - ახალი წესრიგი ბიზნესმენებისთვის

10 იანვარი, 2011
სოფო გეწაძე

ახალ წელს მთავრობა ახალი საგადასახადო კოდექსით ხვდება. საგადასახადო კოდექსი ახალ საგადასახადო სისტემებთან ერთად ახალ ცნებებსაც შეიცავს. პირველად კოდექსში „მიკრო“ და „მცირე ბიზნესის“ ცნება შემოდის, დიფერენცირდება მათთვის გადასახადის გადახდაც. დაინიშნა საგადასახადო ომბუდსმენიც (ბიზნეს-ომბუდსმენი), რომელიც მეწარმეთა მასობრივ დაპატიმრებებსა და დაჯარიმებებზე ჯერჯერობით ხმას არ იღებს.

მცირე ბიზნესად ის კომპანია ჩაითვლება, რომლის სავაჭრო ბრუნვა 100 000-დან 200 000 ლარამდეა. ამ ტიპის ბიზნესმენს დღგ-ს გადახდა არ მოუწვეს. ის მხოლოდ ბრუნვაზე მიბმულ გადასახადს გადაიხდის. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი ცხაკაია „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას განმარტავს, ბრუნვაზე მიბმული გადასახადი მთლიანი ბრუნვის 3-დან 5%-ს შეადგენს. თუ ბიზნესმენი ბუღალტერიას გამართულად აწარმოებს, 3%-ს, სხვა შემთხვევაში კი 5%-ს გადაიხდის.

ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მიკრობიზნესად ყველა ის საქმიანობა ჩაითვლება, რომლის წლიური ბრუნვა 30 000 ლარს არ აღემატება. როგორც საგადასახადო ომბუდსმენი, გიორგი პერტაია აღნიშნავს, „მიკრობიზნესის წარმომადგენლებს არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწვეთ, რაც გაამარტივებს მათ საქმიანობას“.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები, ბიზნესსექტორისთვის პრივილეგიებსა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ეკონომიკურ ექსპერტებს კი ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ადეიშვილი იზიარებს მთავრობის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის შემოღება მართლაც გაუმარტივებს საქმიანობას იმ მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბაზრობებზე დგანან. „საგადასახადო კოდექსში ყოველთვის იყო პრობლემა ის, რომ ბაზრობაზე ვერ იგებენ და არა აქვთ კვალიფიციური ბუღალტრების დაქირავების საშუალება. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს პროცედურა გამარტივდა“.

ცვლილებებს განსხვავებულად აფასებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, მერაბ ჯანიაშვილი. როგორც ჯანიაშვილი განმარტავს, ყველანაირ იურიდიულ პირს მიკრობიზნესისგან ნაყიდი რაიმე პროდუქტის ხარჯში გატარება ეკრძალება. „რაც არ უნდა იყიდოს მსხვილმა ან საშუალო ბიზნესმენმა მიკრობიზნესისგან, მას ხარჯში ვერ გაატარებს. შესაბამისად, მას ეს პროდუქცია გაუძვირდება. პროდუქციის გაძვირება კი მსხვილ კომპანიას სტიმულს აკარგვინებს, რომ მიკრობიზნესთან რაიმე ბიზნესურთიერთობა აწარმოოს“.

კოდექსის მიხედვით, იგეგმება GSM სისტემის დანერგვაც. სისტემის საშუალებით, ყოველგვარი საბუღალტრო მონაცემები GSM  აპარატთან იქნება მიბმული და საგადასახადო ონლაინ რეჟიმში გააკონტროლებს მეწარმეების მუშაობას.

სისტემის შემოღებას გამოხმაურება უკვე მოჰყვა ეკონომიკურ ექსპერტებში. „ყველა დარღვევა საგადასახადოში მომენტალურად იქნება აღრიცხული, ანუ საგადასახადოს მეწარმეები უფრო მკაცრ კონტროლზე აჰყავს“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი.

საინტერესოა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, დეფიციტურია. საგრძნობლად იკლებს საერთაშორისო გრანტები. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას აურაცხელი ჯარიმებით შეეცდება.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის - საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაია: „მთავრობა საერთოდ არაა დაინტერესებული, აჯარიმოს ბიზნესმენები. ყველას აქვს გათავისებული, რომ ჯარიმებიდან ამოღებული თანხა მოკლე დროისთვის გაუმჯობესებული სიტუაციაა. შესაბამისად, მთავრობიდან არანაირი ინეტერესი არ არსებობს, რომ ბიზნესმენი დაჯარიმდეს“.

მსგავს არგუმენტს გვისახელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაიაც: „ჯარიმები არ არის და არც შეიძლება იყოს ბიუჯეტის შევსების წყარო. მას არა აქვს არანაირი ფისკალური ეფექტი. ეს არის პრევენცია, რომ ყველამ სწორად გადაიხადოს გადასახადები და მოახდინოს ზუსტად ისეთი საგადასახადო ცხოვრებით ცხოვრება, როგორითაც ყველა კეთილსინდისიერი გადამხდელი ცხოვრობს“.

ახალი სგადასახადო კოდექსის მიხედვით, შემოდის ისეთი ახალი ცნებებიც როგორიცაა „აუდიტორთა საბჭო“ და „საგადასახადო ომბუდსმენი“. აუდიტორთა საბჭოს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. როგორც სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, თუ რომელიმე კომპანიას დღემდე რაიმე საგადასახადო შეცდომა ან გადაცდომა არ ჰქონია, საგადასახადო კი მას რაიმე დანაშაულს უპოვის და მის დაჯარიმებას მოინდომებს, საგადასახადო ვალდებულია, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც გადაწყვეტს დაჯარიმდეს თუ არა კომპანია.

რაც შეეხება საგადასახადო ომბუდსმენს, ამ ინსტიტუტის შემოღების მიზანი გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვაა. მოქმედი ომბუდსმენის განმარტებით, ესაა გარკვეული ხიდი ბიზნესმენებსა და მთავრობას შორის.

„საგადასახადო ომბუდსმენის მოვალეობაა ყველა პრობლემური საკითხის შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენებისგან მიიღოს, დაამუშავოს და შეხვდეს პრობლემის მეორე მხარეს, შეაჯამოს და დაამუშავოს ორივე მხარის პოზიციები და პრემიერ მინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს წარუდგინოს“, - ამბობს გიორგი პერტაია.

საგადასახდო ომბუდსმენის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებამ ხალხში უკვე გააჩინა ეჭვი, რომ ის ბიზნესმენების უფლებებს რეალურად არ დაიცავს. ექსპერტთა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ეკონომიკურ ექსპერტ დავით ნარმანიას თქმით, სახალხო დამცველი ანუ ომბუდსმენის ადმინისტრაცია, ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დებს სხვადასხვა საჯარო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ფაქტებს, და სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ბიზნეს-ომბუდსმენი ისეთი შემთხვევა უნდა იყოს, როგორც სახალხო დამცველი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს მერაბ ჯანიაშვილს, რომელსაც არგუმენტი არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მოჰყავს: „რეალობა უკვე თვალსაჩინოა. ბიზნეს-ომბუდსმენი როგორც მუშაობს, უკვე დავინახეთ. მისი დანიშვნის შემდეგ იყო მეწარმეების სერიოზული დაპატიმრებები და დარბევები, მაგრამ ბიზნეს-ომბუდსმენს ხმა საერთოდ არ გაუღია“.

ახალი ამბები