კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყავის რესპუბლიკა

11 იანვარი, 2011

თომას დე ვაალი

სახიფათო ტენდენცია ომისშემდგომ აფხაზეთში

აფხაზეთი – პოსტ-კონფლიქტური ზონები არაბუნებრივად მშვიდი ადგილებია. მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარი დაიხურა, დასავლეთ საქართველოდან დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მოხვედრა (შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე 3 250 კვ.მ ტერიტორია) მხოლოდ ფეხით შეიძლება. გასულ თვეს საოცრად მზიან ამინდში, მდინარე ენგურის ხიდზე ქართული საკონტროლო-გამშვები პუნქტი მეც გადავლახე. ჩრდილოეთით ჰორიზონტზე კავკასიონის კონტურები ბუნდოვნად იკვეთებოდა, მაგრამ ამავდროულად მომაკვდინებელი სიჩუმე სუფევდა.

ბაყაყები ამ უკაცრიელი მიწის მთავარი ბინადრები არიან. ოღროჩოღრო გზაზე ჩემი ჩემოდნის ბორბლების ხმაურისა და ბაყაყების ყიყინის გარდა არაფერი ისმოდა. გზას  სანდომიანი ქართველი ქალბატონების ჯგუფთან ერთად მივუყვებოდი, რომლებიც ათასობით სხვა ქალთან ერთად ქალაქ ზუგდიდს (დასავლეთ საქართველოს ქალაქი) და გალს (აფხაზეთის სამხრეთ რაიონი) შორის წინ და უკან მოძრაობენ. ამ გალელი ქართველი ქალბატონების ხვედრი მძიმეა: მათი ოჯახები და ქონება მდინარის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა.

რამდენიმე წლის წინ მე უბრალოდ დავტკბებოდი ამ სადავო იურისდიქციის  საერთაშორისო ზონაში დეტექტიური რომანის შესაფერისი მოგზაურობით, მაგრამ ამჯერად ამ უბედურ ქართველ ქალებს უფრო ვუთანაგრძნობდი, რომელთა ცხოვრებაც საკონტროლო-გამშვები პუნქტებითაა გაყოფილი დასავლეთ საქართველოს და თითქოსდა დამოუკიდებელ აფხაზეთს შორის და რომლებსაც წვიმის თუ მცხუნვარე მზის მიუხედავად რეგულარულად უწევთ ამ გზის გავლა.  „როდის დასრულდება ეს ყველაფერი?“ – ვფიქრობდი მე, როდესაც ხიდის მეორე მხარეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მცველებს მივუახლოვდით, რომლებიც აფხაზეთის ციხესიმაგრის კარიბჭის როლს ასრულებენ.

გეოგრაფიულად აფხაზეთის რესპუბლიკა შავი ზღვის სუბტროპიკული სანაპიროს ყველაზე მიმზიდველ ადგილას მდებარეობს, მაგრამ 1993 წლის შემდეგ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მას არანაირი კანონიერი ადგილი არ უკავია. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მთავრობასთან მოიპოვა რა გამარჯვება ტრაგიკულ სამოქალაქო ომში ძირძველმა აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა, ძირითადად სომხებმა და რუსებმა დე-ფაქტო სახელმწიფო ააშენეს მოქმედი მთავრობით, დაწესებულებებით და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

სახელმწიფოს მშენებლობის აფხაზურმა პროექტმა მხარდაჭერა მეორე გამოყოფილი ტერიტორიის, სამხრეთ-ოსეთის გამო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო. კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და აქ მისი სამხედრო წარმომადგენლობა მკვეთრად გაზარდა, თუმცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის აფხაზეთი ჯერ კიდევ სუვერენული საქართველოს ნაწილი და შესაბამისად უკანონო იურიდიული ობიექტია, კერძოდ კი იმიტომ რომ 200 ათასი ქართველი რომელიც აქ ომამდე ცხოვრობდა, დღმდე ვერ ახერხებს სახლებში დაბრუნებას. კვაზი-სახელმწიფო, დე-ფაქტო იურიდიული სუბიექტი, ნაწილობრივ აღიარებული ტერიტორია (რაც გინდათ ის უწოდეთ) – არის მიწა, რომლის მცხოვრებლებიც აცხადებენ, რომ საქართველოსთან საქმე აღარ აქვთ, თუმცა ჯერ-ჯერობით მათ მისაღები ალტერნატივა ვერ მოძებნეს.

აფხაზეთში 2008 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ. როდესაც აქ გასულ თვეში ჩამოვედი, აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი (აფხაზები მას სუხუმს ეძახიან) უფრო მოწესრიგებული და აყვავებული მომეჩვენა ვიდრე ორი წლის წინ. მაღაზიები და კაფეები გახსნილი იყო და მუშაობდა, ცენტრალურ ქუჩებში დრო და დრო საავტომობილო საცობებიც კი ჩნდებოდა, დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მაგრამ ქალაქს „გამოცოცხლებულს“ მაინც ვერ ვუწოდებდი. ცენტრალურ პარკში ძველებურადაა აღმართული დამწვარი ცამეტსართულიანი შენობა – ”კომუნისტური პარტიის” ყოფილი ნაგებობა, რომელიც ბრძოლის ბოლოს გაიძარცვა, მანამ სანამ აფხაზები და მათი მოკავშირეები 1993 წელს ქალაქს დაიბრუნებდნენ.

ხასიათი გამომიკეთდა, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე ახლადშეღებილი სასტუმროების, მაღაზიების და პალმების გასწვრივ ვსეირნობდი. თბილოდა, ტემპერატურა 20 გრადუსს აჭარბებდა და სეირნობა დავასრულე სანაპირო კაფე „აკოფასთან“ (მისი ბოლო სომეხი მფლობელის სახელი), რასაც რუსულად  „ბრეხალოვკას“ ეძახიან. აფხაზეთის ოტომანური ისტორიის ამ სასიამოვნო რელიქტში მამაკაცები ბრტყელ ქუდებში დომინოს, ნარდს ან ჭადრაკს თამაშობენ, უწყვეტად ეწევიან, მიირთმევენ თურქულ ყავას და პოლიტიკაზე საუბრობენ. აქ თუ საკმარისად დიდხანს დარჩით შეიძლება იმ ადამიანების უმრავლესობას შეხვდეთ, ვისთან საუბარსაც ისურვებდით. ამ კაფეს ზოგჯერ რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფშიც სტუმრობს.

ჩემი პირველი დასკვნა, რაც ამ კაფეში საუბრებიდან გამოვიტანე იყო ის რომ აფხაზებს საქართველოზე ლაპარაკი არ უყვართ. მათი აზრით კონფლიქტი მათ სასარგებლოდ უკვე გადაწყდა და მალე ამას მთელი მსოფლიო გააცნობიერებს.

აფხაზეთის ოფიციალური პირები უარყოფენ საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო დროს შეთავაზებული თანამშრომლობის სტრატეგიას, რომლის მიზანიც აფხაზეთის და საქართველოს მოსახლეობას შორის კავშირების აღდგენაა და მას მხოლოდ მოუქნელ პიარ-ნაბიჯად აღიქვამენ. აფხაზები რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება ვერ მოიქცევიან ისე, თითქოს საქართველო და გაძევებული მოსახლეობის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ საქართველოს მთავრობის მორიგმა ინიციატივამ, როგორც სჩანს ამ მხრივ მათ ცხოვრება შეუმსუბუქა. იმის მტკიცებით რომ აფხაზეთი „რუსული ოკუპაციის“ ზონაა (ფორმულა, რომელსაც ივლისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც დაუჭირა მხარი) თბილისი აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის ინსტრუმენტს ხედავს, სადაც არანაირი ადგილობრივი ინსტიტუტი არ არსებობს, ეს კი აფხაზების მხრიდან ქართველებთან დიალოგის ყოველგვარი ინიციატივის შესაძლებლობას ამცირებს.

ჩემი მეორე შთაბეჭდილება ის იყო, რომ 2008 წელს რუსეთთან ურთიერთობებში დაწყებული ხანმოკლე თაფლობის თვე დასრულდა. ამ კონკრეტულ მომენტში მოსკოვი და სოხუმი ჩხუბობენ ეთნიკურად რუსი მოსახლეობის საკუთრების უფლებებზე, რომელმაც დიდწლად საკუთარი საცხოვრებლები 1992 წლის ომამდე დატოვა, როდესაც აფხაზეთში რეგიონის ავტონომიური მთავრობის დასამხობად საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ. პრობლემებია ასევე იმ უძრავი ქონების იჯარასთან დაკავშირებით, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე აქირავებს. ახლახანს საჯარო კამათს ჰქონდა ადგილი ცნობილ აფხაზ ისტორიკოსს სტანისლავ ლაკობასა და სახელმწიფო დუმას რუს დეპუტატ კონსტანტინე ზატულინს შორის იმის თაობაზე, თუ როგორაა ფორმულირებული ისტორიის სახელმძღვანელოებში მე-19 საუკუნეში რუსულ-აფხაზური კონფლიქტები.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთზე უარს იტყვიან. აფხაზეთს რუსეთი გარე სამყაროსთან კავშირისთვის სჭირდება, სუბსიდიებისა და პენსიების წყაროდ და რაც ყველა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წყაროდ. რუსებმა შეიძლება იზუზუნონ, რომ აფხაზები „უმადურობას“ ამჟღავნებენ თავისი კრიტიკული გამოსვლებით, განსხვავებით „მადლიერი“ სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობისგან, რომელიც იმის გამო რომ 2008 წელს მოსკოვმა ისინი განადგურებისგან იხსნა, რუსეთისადმი სრული ლოიალობის დემონსტრირებას ახდენენ, მაგრამ მოსკოვმა ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აფხაზეთში, მის სტრატეგიულ აქტივებში, რუსეთს სჭირდება აფხაზური აეროპორტი და სასტუმროები იმ ადამიანთა განსახლების განსატვირთად, რომლებიც სოჭს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს მიაწყდებიან.

აფხაზური ელიტა დღემდე ოცნებობს გარე სამყაროსთან კავშირზე რუსეთის მიღმა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზებს სულ უფრო უჭირთ ევროპასა და აშშ-ში გამგზავრებისთვის ვიზების მიღება. აფხაზებს რომლებსაც უცხოეთში გამგზავრებისთვის რუსული დოკუმენტები აქვთ, სულ უფრო ნაკლები საკონსულო იღებს, ხოლო კომპრომისული გადაწყვეტილებების სფეროში პროგრესი ძალიან უმნიშვნელოა. ამის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ სტუდენტებს რომლებიც აფხაზეთში ინგლისურს სწავლობენ, ინგლისურენოვან ქვეყნებში ვერ
მიემგზავრებიან. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ჩივის, რომ ევროკავშირისგან რომელიც საჯაროდ აცხადებს „არაღიარებისა და ურთიერთქმედების“ პოლიტიკას, აფხაზები მხოლოდ „არაღიარებას“ გრძნობენ და არა „ურთიერთქმედებას“. „თუკი ისინი ვიზებს არ მოგვცემენ, ეს საქართველოსთან ურთიერთქმედებად გადაიქცევა და არა ევროპასთან“ – მითხრა მან მე.

აფხაზეთის მრავალეთნიკური ინტელიგენცია კარგი მოსაუბრეა. როდესაც მე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის კონფერენცია  მოვაწყვე თემაზე „საგარეო პოლიტიკა და კავკასია“, ადამიანები ძალიან მწვავე კითხვებს სვამდნენ და ძალიან საინტერესო კომენტარებს აკეთებდნენ, მაგრამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებწებზე რაც უფრო ძლიერდება რუსეთის ზეწოლა, ხოლო დასავლეთი უკანა პლანზე იხევს პოლიტიკური სივრცე იზღუდება.

2010 წელს ქართული ფილმი „ნების არქონა“, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობით  იკვლევს თავად ქართველების რეაქციას 1990-იანი წლების კონფლიქტებზე, იხილა როგორც ქართულმა, ასევე აფხაზურმა აუდიტორიამ. თბილისში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ფილმი იმის გამო აკრძალეს, რომ მათი ქმედება აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ძალიან ნეგატიურ ჭრილშია წარმოდგენილი, მაგრამ აფხაზეთში, მარტო ამ ფილმის ჩვენებას ისტერიული რეაქცია და იმ არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტების „ღალატში“ დადანაშაულება მოჰყვა, რომლებმაც ეკრანზე „ქართული ფილმის“ ჩვენება მოაწყვეს. პროტესტის დემონსტრირებისთვის, რომელიც ძალიან საეჭვოდ ჰგავდა ინსცენირებას, მობოლიზებულები იყვნენ 1992-93 წლის ომში მოკლული ჯარისკაცების განრისხებული დედები. მთელი ეს ეპიზოდი იმას ცხადყოფდა, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკური შინაომის ზოგიერთი ჩრდილოვანი მოთამაშე ყოველთვის მზადაა  „ქართული კარტის“ გათამაშებისთვის ოპონენტების წინააღმდეგ.

აფხაზური სამინისტროები დღემდე საკმაოდ მოკრძალებული დაწესებულებებია მოხელეთა მცირე ჯგუფებით და ღარიბული, 4.4 მილიარდი რუბლის მოცულობის (140 მილიონი დოლარი) ბიუჯეტით. გარდა ამისა, აფხაზეთის ეთნიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ოტომანური საზოგადოების ტრადიციებზე, სადაც ორი ყველაზე დიდი ეთნოსიდან ერთ-ერთი აფხაზები, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორს მართავენ, ხოლო მეორე სომხები კი დიდწილად ბიზნეს-საქმიანობას ეწევიან.

ევროკავშირის სტრატეგია აფხაზეთთან მიმართებაში იმ სემინარის მთავარი თემა გახლდათ, რომლის მუშაობაშიც ახლახანს ბრიუსელში ვმონაწილეობდი. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ევროკავშირი აღიარებს რა აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტის პრეტენზიას, დაინტერესებულია იმით რომ აფხაზეთი არ იქცეს „რუკაზე შავ ლაქად“, რომელსაც საქართველო ფარავს, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებული ინტერესები აქვს. დისკუსიაში თუ რა პროექტს უნდა დაუჭიროს მხარი ამ სიტუაციაში ევროპამ, ზოგიერთი აცხადებს რომ ბრიუსელმა მხარი უნდა დაუჭიროს არა „სახელმწიფოს მშენებლობას“ არამედ „კარგ მართვას“, მაგრამ სხვა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს ყალბი გამიჯვნაა.

თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გრძელვადიანი სტატუსისა და საქართველოსთან შეთანხმების მიღწევის მომავალი, არსებობს ბევრად უფრო გადაუდებელი საკითხი. შესძლებს თუ არა ახალგაზრდა აფხაზური მთავრობა იმის რეალურად მართვას, რაც დღეს მის განკარგულებაშია? თუკი აფხაზეთი კვლავ ყავის რესპუბლიკად დარჩება, მხოლოდ ილაპარაკებს და დანარჩენ სამყაროს შორიდან დააკვირდება, მის მომავალს სხვები გადაწყვეტენ.

Foreignpress.ge
http://foreignpress.ge/?p=16074#more-16074

ახალი ამბები